შეხვედრა გლებ ჟეგლოვთან და ვალოდია შარაპოვთან

© photo: Sputnik / Григорий Василенко / გადასვლა მედიაბანკშისკულპტურული კომპოზიცია „შეხვედრის ადგილი უცვლელია" კიევში
სკულპტურული კომპოზიცია „შეხვედრის ადგილი უცვლელია კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს საოცრად გასაიდუმლოებული დილაა. ჩვენ წიკლაურის აღმართზე ამოსვლისას ტაქსის მძღოლს არავითარ შემთხვევაში არ გაუმხილოთ ზუსტი მისამართი. მანქანიდან გადმოდით იმ სახლთან (მარცხენა მხარეს), სადაც დაინახავთ კედელზე ნახშირით მიხატულ შავ და გამხდარ კატას. შემდეგ ამოყევით ფრთხილად აღმართს და შემობრძანდით ჩვენ ჭიშკარში მხოლოდ იმ შემთხვეევაში, თუ მასზე გამოკიდული იქნება ჩემი ფოტოსურათი (ბერეტში), თანაც, ყოველი შემთხვევისთვის, მაღლა ამოიხედეთ, ფანჯრის რაფაზე ყვავილების ქოთანი რომ არ იდგეს… თუმცა, როგორც იტყვიან, ეს უკვე „სხვა ოპერიდანაა“…

დღეს ჩვენ უნდა ჩავყვინთოთ ომისშემგომ მძიმე დღეებში, როდესაც ქუჩებში ბანდიტები, მძარცველები და მკვლელები დაიარებოდნენ და ხელჩანთები მაგრად ჩაბღაუჭებული უნდა გქონოდათ, ხოლო ბინები და საწყობები — მაგარი ბოქლომით ჩაკეტილი…

ახლა კი ყურადღებით იყავით:

ვიცი, რომ ძალიან გაგიკვირდათ, რადგან კადრები თქვენთვის ნაცნობია, ხოლო სიმღერა კი პირველად გესმით. საქმე ისაა, რომ ზუსტად დღეს, 1978 წლის 10 მაისს მშვენიერ და კოლორიტულ ქალაქ ოდესაში დაიწყო ჩვენი საყვარელი ფილმის „შეხვედრის ადგილი უცვლელია“ გადაღება. პოპულარული ფილმი რომ არის, ამიტომაც იცანით კადრები, მუსიკა კი ვერ იცანით იმის გამო კი არა, რომ სმენა არა გაქვთ, უბრალოდ, იმიტომ, რომ ის ფილმის ბოლო ვარიანტში არ შესულა.

მოხდა ისე, რომ ფილმის რეჟისორმა სტანისლავ გოვორუხინმა ვისოცკის სხვის მიერ დაწერილი სიმღერის შესრულება სთხოვა, ვისოცკიმ კი განაცხადა, რომ რადგან მას საკუთარ სიმღერებს არ ამღერებენ, მაშინ ეს სიმღერაც არ უნდა შესულიყო ფილმში.

თუმცა, ბოლოს თავი ვერ შეიკავა და ცოტა ხნით მაინც მიუჯდა პიანინოს, რათა პატარა ნაწყვეტი ემღერა ვერტინსკის ცნობილი და დახვეწილი რომანსიდან „იასამნისფერი ზანგი“. სხვათა შორის ეს ერთადერთი ეპიზოდია, სადაც ვისოცკის „საპარადო“ ფორმა აცვია:

„შეხვედრის ადგილი უცვლელია“ მართლაც საოცარი ფილმია. ჯერ მარტო სამსახიობო შემადგენლობას რომ გადახედო — ვლადიმერ ვისოცკი, ვლადიმერ კონკინი, არმენ ჯიგარხანიანი, ლარისა უდოვიჩენკო, ევგენი ევსტიგნეევი, ზინოვი გერდტი, სერგეი იურსკი, სვეტლანა სვეტლიჩნაია, ნატალია ფატეევა, ლეონიდ კურავლიოვი, ეკატერინა გრადოვა, სტას სადალსკი, ნატალია კრაჩკოვსკაია და სხვები…

თანაც ეს არაჩვეულებრივი მსახიობები თანაბრად გაფანტულნი იყვნენ დადებით (სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველო), უარყოფით (ბანდა „შავი კატა“) და ნეიტრალურ გმირებს შორის. ვინც არ იცის, როგორც, მაგალითად, მე, შარაპოვი ამ ეპიზოდში შოპენის ეტიუდს ასრულებს:

საერთოდ კი, ვლადიმერ ვისოცკი რომ არა, ვინ იცის, როდის გადაიღებდნენ ძმები არკადი და გიორგი ვაინერების 1975 წელს ჟურნალ „სმენაში“ დაბეჭდილი რომანის „წყალობის ერა“ მიხედვით ფილმს და საერთოდ გადაიღებდნენ თუ არა.

ძმებმა ვაინერებმა ვისოცკის აჩუქეს უკვე წიგნად გამოცემული რომანის ერთ-ერთი პირველი ეგზემპლარი. ცოტა ხნის შემდეგ ის მივიდა მათთან და გამოუცხადა: „მოვედი, რომ ჟეგლოვი „დავითრიო“. ეს იქნება ფილმი, ალბათ, დიდი, და ეს ჩემი როლია. ვერავინ ვერ ითამაშებს ჟეგლოვს ისე, როგორც მე“.

აღსანიშნავია, რომ ფილმის რეჟისორი გოვორუხინი ამტკიცებდა, რომ ვისოცკიმ რომანი თავიდან ბოლომდე წაიკითხა მხოლოდ გადაღებების დროს. მე, მაგალითად, არ მიკვირს ის ფაქტი, რომ ვისოცკის, ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული ინტუიცია გააჩნდა.

ყვებიან, რომ ვისოცკი ფილმის გადაღების დროს გოვორუხინს რეჟისორობაშიც ეხმარებოდა. მისი მოგონილია, მაგალითად, ფილმში ქურდი „კირპიჩის“ სახე, რომელიც შეასრულა სადალსკიმ და ვარიას ფოტო საწყობის კარზე, რომელმაც შარაპოვი სიკვდილს გადაარჩინა.

როდესაც სტანისლავ გოვორუხინი საპატიო მიზეზით გადასაღები მოედნიდან მიდიოდა, ის „უფროსად“ ვისოცკის ტოვებდა.

მიუხედავად ამისა, ვისოცკის იდეა ვარიას როლში მარინა ვლადის გადაღებასთან დაკავშირებით არ განხორციელდა. ჩათვალეს, რომ კომკავშირელი ვარიას სახე ჯადოქარ მარინას არ მოუხდებოდა, ან, პირიქით. ამიტომაც ვარია სინიჩკინას როლი ნატალია დანილოვამ შეასრულა.

სანამ ჟეგლოვიდან შარაპოვზე გადავიდოდე, მინდა ერთი ეპიზოდი მოგითხროთ. უფრო სწორად, გავაგრძელო ის ეპიზოდი, როდესაც ვისოცკი ვაინერებს უმტკიცებდა, რომ ჟეგლოვს ყველაზე კარგად ის შეასრულებდა. არკადი ვაინერი ჰყვება, რომ თავისი ხასიათიდან გამომდინარე (თორემ ვისოცკის კანდიდატურა უკვე გადწყვეტილი იყო), მაინც წინააღმდეგობა გაუწია ვისოცკის და როგორც ალტერნატივა დაუსახელა მსახიობები ნიკოლაი გუბენკო და სერგეი შაკუროვი. ვალოდია დაფიქრებულა და უთქვამს, რომ მართლაც ეს ორივე მსახიობი ამ როლს მასზე უკეთესად შეასრულებდნენ. არკადი ვაინერი ამბობს, რომ ამის შემდეგ ის სკამზე დაეშვა, რადგან პირველად შეხვდა მსახიობს, რომელმაც შეძლო აღიარება, რომ ვინმე მასზე უკეთესად ითამაშებდა ამა თუ იმ როლს.

რაც შეეხება ფილმში მეორე მთავარი როლის — შარაპოვის შემსრულებელს ვლადიმერ კონკინს, მის გმირს, ჟეგლოვისგან განსხვავებით (რომლის სახეც ვაინერებმა თავად შექმნეს), ჰყავდა რეალური პროტოტიპი, ვლადიმერ არაპოვი („შ“-ს გარეშე), რომელიც ხელმძღვანელობდა მოსკოვის სისხლის სამართლის საქმეთა სამმართველოს და თავის დროზე მთელი ქალაქი ეჭირა ხელში. აღმოჩნდა, რომ ის შესახედავად ტყუპისცალივით ჰგავდა კონკინს. მართალია, მის როლზე ბევრმა მსახიობმა გაირა სინჯები, მათ შორის, ალექსანდრ აბდულოვმა, სერგეი ნიკონენკომ, სტანისლავ სადალსკიმ, ვისოცკის პროტეჟე ივან ბორტნიკმაც კი, რომელმაც შემდგომში ქურდი „პრომოკაშკას“ როლი შეასრულა, მაგრამ რეჟისორმა არჩევანი ვლადიმერ კონკინზე შეაჩერა და, სავარაუდოდ, მართლაც არ შემცდარა, რადგან კონტრასტული დუეტი ვისოცკი—კონკინი საოცრად ძლიერი აღმოჩნდა.

ფილმის გადაღებაზე უამრავი საინტერესო ისტორიის მოყოლა შეიძლება. მაგალითად, ვისოცკი და კურავლიოვი საერთოდ არ თამაშობდნენ ბილიარდს და მათ დუბლიორად გამოდიოდა ოდესელი ვლადიმერ ივანოვი – სსრკ სპორტის ოსტატი ბილიარდში.

ხოლო ლარისა უდოვიჩენკოს ცნობილი ფრაზა „ობლიგაცია თუ აბლიგაცია?“ — სრული ექსპრომტი იყო და მსახიობს შემთხვევით წამოსცდა, რადგან, მისივე თქმით, მან იმ წუთში მართლაც არ იცოდა, თუ როგორ იწერებოდა ეს სიტყვა სწორად.

არსებობს ფილმები, რომლებსაც, შესაძლოა, რაღაც განსაკუთრებული და პრესტიჟული ჯილდოები არ მიუღიათ, მაგრამ თავისი გულწრფელობით და სიკეთით თბილი კვალი დატოვეს ჩვენ გულებში… 

ჩემი აზრით და, იმედია, დამეთანხმებით, სწორედ ასეთი ფილმია „შეხვდრის ადგილი უცვლელია“.

გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და ყოველგვარი შავი კატებისგან თავისუფალ დღეს!

 


ყველა ახალი ამბავი
0