ინოვაცია ქართულ ბაზარზე - მინის ხელნაკეთი ჩანთები ახალგაზრდა მეწარმეებისგან

© ნინი ზექალაშვილის პირადი არქივიმინის ჩანთები
მინის ჩანთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წელს ქართულ ბაზარზე მინის ჩანთების ბრენდი „may“ გამოჩნდა. ძალიან დახვეწილი, სადა, ორიგინალურ ჩანთები ქართველმა მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო და მოიწონა, შესაბამისად, ამან ბრენდის პოპულარობაც განაპირობა.

იდეის ავტორი, ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი ნინი ზექალაშვილია. ნინი თვლის, რომ ახალგაზრდა, დამწყები მეწარმეებისთვის დღეს სასურველი პირობებია შექმნილი. წარმატების მისაღწევად კი დაუღალავი შრომა და ნებისყოფაა საჭირო.

May-ს დაარსების იდეა გამიჩნდა უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის მასალების შესწავლისას, თუმცა მაშინ მხოლოდ იდეა იყო პირადი ინტერესისთვის და როგორც მაშტაბური ბიზნესი, ვერ წარმომედგინა. 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში გადავწყვიტე დამოუკიდებლად დამეწყო საქმიანობა და სტარტ-აპი წამოვიწყე. სახელის შერჩევაში ჩემი გუნდის წევრები დამეხმარნენ. ბევრი არ გვიფიქრია. გაზაფხულის გამჭვირვალე მსგავს ჩანთებს ეს სახელი სიმარტივითაც ძალიან მოუხდა.

© ნინი ზექალაშვილის პირადი არქივინინი ზექალაშვილი
ნინი ზექალაშვილი - Sputnik საქართველო
ნინი ზექალაშვილი

ვინ არიან ადამიანები, ვინც ამ ბრენდს ქმნიან? 

ძირითადად გუნდში ვიყავით 4 ადამიანი. მაგდა წილოსანი — მენეჯერი, ერთ-ერთი ინვესტორი, რომელიც ფინანსურ მხარესა და სხვადასხვა მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ნოდარ დუნდუა — უზრუნველყოფს მასალების მიღება-ჩაბარების კონტროლს, ტრანსპორტირებასა და დამატებით დამუშავებას.

ჩვენ სამნი, რა თქმა უნდა, ერთმანეთის ფუნქციებსაც ვითავსებთ ხოლმე, როცა საჭიროა, იმიტომ რომ სამივეს გვაქვს რეგულარული სამსახური დღეში 7–საათიანი გრაფიკით.

ინგა ნოზაძე — მთავარი მკერავია, რომელიც ძირითად ნაწილს კერავს.

ამ ეტაპზე დაგვემატა ტყავის მოდელების ახალი მკერავი, ქისების მკერავი, ფოტოგრაფი და ორი კონსულტანტი: მარიამი და ლიკა. კურიერები აღარ გვყავს ჯერ-ჯერობით.  

© ნინი ზექალაშვილის პირადი არქივიჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

რამდენი ხანია რაც ქართულ ბაზარზე გამოვიდა თქვენი ნაწარმი და როგორ მიიღო იგი საზოგადოებამ? 

სექტემბერში დავაარსეთ ბრენდი. თავდაპირველი ფოტოები სახლის პირობებში იყო გადაღებული. თითქმის არაფერი წაგვიშლია და გვერდს თუ გადახედავთ, საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ განვითარების მხრივ. საზოგადოებამ ძალიან დადებითად მიგვიღო. ქუჩაში თითქმის ყველა გოგოს ყურადღებას ვიქცევთ, როცა ჩვენი ჩანთებით ვმოძრაობთ.

რა მასალისგან მზადდება ჩანთები და თქვენი აზრით, რატომ არის იგი გამორჩეული?

მასალა არის ორგანული მინა, რომელიც ისრაელიდან შემოდის. რაც შეეხება ნაჭერს, ვიყენებთ ზამშისა და ხავერდის ტიპის მყარ ნაჭერს, რომელიც თურქეთიდან შემოაქვს კომპანიას. ჯაჭვები, ელვები და მცირე დეტალებიც თურქეთიდან შემოგვაქვს. დავიწყეთ ნატურალურ ტყავზე მუშაობაც და ამ ეტაპისთვის მზადდება ხის მოდელებიც. გამორჩეული ვართ იმით, რომ ჩვენ გვაქვს ინდივიდუალიზმი და ბევრად მეტი არჩევანი. ჩვენი ფასები ხელმისაწვდომია, თუ რა თქმა უნდა, ტყავის მოდელებს არ ჩავთვლით, რომლის თვითღირებულებაც კი საკმაოდ მაღალი — 350 ლარია.

© ნინი ზექალაშვილის პირადი არქივიჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

თქვენი პირველი ჩანთა ვინ შეიძინა?

თათია ლეკიაშვილმა შეიძინა პირველი მოდელი. ის ჩემი კარგი მეგობარი და მხსნელი გახდა. 

ჩანთების შექმნის დროს რაზე ხართ ორიენტირებული?

პირველი ჩემთვის დიზაინია, მეორე – ხარისხი. როცა პროდუქცია ხელით ნაკეთია, შეუძლებელია იდეალური ხარისხი დაიცვა, რა თქმა უნდა, ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ აუცილებლად საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. თან თუ რამე დაუზიანდათ, შემდეგ მე პირადად ვხვდები და ვუკეთებ, ან ვაძლევ რჩევებს იმიტომ, რომ ჩვენი ჩანთები მოვლას იმსახურებს.

© ნინი ზექალაშვილის პირადი არქივიმინის ჩანთა
მინის ჩანთა - Sputnik საქართველო
მინის ჩანთა

ჩანთების დიზაინი ვის ეკუთვნის?

ჩანთების დიზაინი პირადად მე მეკუთვნის. ვცდილობ, მარტივი იყოს ფორმაც და დიზაინიც, ნაკლებად გადატვირთული და არ გასცდეს ძირითად ხაზს.

მომხმარებლების დაკვეთით თუ ქმნით ჩანთებს? 

დიახ, რა თქმა უნდა. ძირითადად, უბრალოდ ფერს, ჯაჭვს და ელვის ტიპს ეხება ან ქისების შეცვლას, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სხვა დიზაინერების ჩანთების დამზადებას მთხოვენ, მათ შორის ქართველების და  რა თქმა უნდა, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ზრდილობიანად ვეუბნები უარს.

უცხოელი მომხმარებელი თუ გყავთ?

ჩანთები, რომლებიც როსტოვში, საფრანგეთში და კანადაში გაიგზავნა, ქართველმა მომხმარებლებმა შეიძინეს. თუმცა საკმაოდ დიდი ნაწილია გაგზავნილი ჩვენი მომხმარებლების მიერ საჩუქრად ან წაღებული სხვადასხვა ქვეყნებში. კიევსა და მოსკოვში გასულ თვეს გაიხსნა მაღაზიები style control, სადაც ქართველი დიზაინერების ჩანთებია და მათ შორის – ჩვენი და დიდ მოწონებას იმსახურებს. 5 მაისს, როგორც კი გავხსენით ჩვენი მაღაზია, 6 მოდელი გაიყიდა. აქედან ერთი სტამბულში გაგზავნეს, 2 ნიუ-იორკში და 1 რუსმა გოგონებმა შეიძინეს მოსკოვში გამგზავრებამდე.

© ნინი ზექალაშვილის პირადი არქივიჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

თქვენი ჩანთების ფასები საიდან სადამდე მერყეობს და რის მიხედვით იცვლება?

ჩვენი ჩანთების ფასი 69 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს, მაგრამ შევქმენით ახალი საფასო სეგმენტი ნატურალური ტყავის ძირითადი გამოყენებით და ფასი 250-350 ლარის ფარგლებშია ამ ეტაპზე. ჩვენ რეგულარულად ვამზადებთ დიდ პარტიებს და ასევე ვაწყობთ ფასდაკლებებს კოლექციების განახლებამდე.

სად ახდენთ მათ რეალიზებას?

ჩვენი ჩანთები იყიდება უკრაინასა და რუსეთში და ახლა უკვე თბილისი მოლში გვაქვს გახსნილი ჩვენი პატარა ვიტრინა.

© ნინი ზექალაშვილის პირადი არქივიჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?

წარმატების მისაღწევად აუცილებელია მიზანი, თავდაუზოგავი ბრძოლა მისკენ და ოცნება. 

ჩვენ სამივე ვართ მიზანდასახული, ამბიციური და ვიცით, რომ რაც გვინდა, მივაღწევთ. მთავარია, შეგეძლოს ლოდინი. შრომის შედეგად დღეს თუ არა, ხვალ მაინც ყველაფერს მივაღწევთ.

როგორ ფიქრობთ,ქართველი მომხმარებელი განებივრებულია კრეატიული, ორიგინალური და განსხვავებული პროდუქტით?

დიახ, მე ვფიქრობ, რომ ქართველ მომხმარებელს აქვს კარგი გემოვნება და ბოლო დროს, რადგან საკმაოდ დიდი ტენდენცია შემოვიდა ხელნაკეთი ნივთების, შესაბამისად მეტი არჩევანიცაა. ჩვენ ყველას ვგულშემატკივრობთ და ჩანთების მწარმოებელ ბევრ დიზაინერთან ვმეგობრობთ. 

© ნინი ზექალაშვილის პირადი არქივიჩანთა
ჩანთა - Sputnik საქართველო
ჩანთა

სამომავლოდ რას გეგმავთ?

უამრავი გეგმა გვაქვს და ძალიან ცოტა დრო. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი განვახორციელოთ, რაც გვინდა. ბაქოში ვგეგმავდით აპრილის თვის დასაწყისში წასვლას და იქაური ბაზრის შესწავლას, თუმცა ჩემმა ავადმყოფობამ და მერე ოპერაციამ, რომელმაც იძულებული გამხადა, ვიტრინის გახსნაც გადაგვედო 5 დღით, ხელი ძალიან შეგვიშალა. რთული პერიოდი იყო ჩემთვის გასული თვე. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგადაა და ნელ-ნელა იმ ყველაფერს, რაც დავისახეთ, მივაღწევთ. პირველ რიგში, ეს არის ექსპორტზე ზრუნვა. არის პოლონეთში, ბალტიისპირეთში გასვლის რეალური შანსები. მეორე და მთავარი — ახალი საფასო სეგმენტის გაძლიერება და ძლიერი ბრენდის ჩამოყალიბება.  ხის კოლექცია კი, სავარაუდოდ, ივნისის თვის ბოლოს განთავსდება ჩვენს ვიტრინაში და იმედია, მომავალ თვეებში სხვა სავაჭრო ცენტრებშიც გავხსნით „may“-ს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0