როგორ ვუღალატე ენრიკე ხულიოს ძე იგლესიასს...

გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე გასულმა შევამჩნიე, რომ ჩვენ ბროწეულის ხეზე 7 ცალი პატარა ყვავილის კოკორი გამოჩნდა. ცოტა გამიკვირდა, რადგან გუშინ ნამდვილად არ იყო. თუმცა, მერე გამახსენდა – ჩვენი ბროწეულოვნა ხომ ქალბატონია და, სავარაუდოდ, გაიგო, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ ორ შესანიშნავ ესპანელ მომღერალს, ძალიან მომხიბვლელ და ვნებიან მამაკაცებს, თანაც, მამა-შვილს — ხულიო და ენრიკე იგლესიებს. არადა, ჩვენი ადესა რა ხანია ბროწეულზეა შეყვარებული, რას იზამ, გაზაფხულია და ბროწეულსაც ეპატიება…

მინდა მოგახსენთ, რომ დღეს მთავარი აქცენტი გადატანილი გვექნება ენრიკეზე, რადგან ის დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1975 წლის 8 მაისს მადრიდში. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, ენრიკემ საკუთარ მწვერვალებს სახელგანთქმული მამისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად მიაღწია, თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში გენებს არ მივიღებთ, ის ლათინოამერიკული მუსიკის მსოფლიოში ყველაზე ცნობილ შემსრულებლად არის აღიარებული. მის კოლექციაშია „გრემის“ და American Music Awards-ის ქანდაკებების საკმაოდ სოლიდური რაოდენობა, გამოშვებული აქვს 40 სინგლი და 10 ალბომი, რომლებიც 116-ჯერ გახდნენ პლატინისფერი და 227-ჯერ — ოქროსი. დღეისათვის გაყიდულია მომღერლის 100 მილიონზე მეტი ფირფიტა.

ერთი შეხედვით, ენრიკე ძალიან ჰგავს მამას – ისიც გლამურულია და დახვეწილი, მაგრამ ეს მხოლოდ სცენაზე და ისიც საკმაოდ იშვიათად.

მისი მამა, ხულიო იგლესიასი და დედა — ფილიპინელი ტელეწამყვანი ისაბელ პრეისლერი ერთმანეთს დასცილდნენ, როცა ენრიკე 3 წლის იყო. ის ძმასთან ხულიოსთან და დასთან მარიასთან ერთად დედასთან დარჩნენ მადრიდში, ხოლო მამამისი სიმღერების ჩასაწერად მაიამიში გადასახლდა. ენრიკეს ძიძა — ელვირა ოლივარესი ზრდიდა.

1985 წელს ბასკების ნაციონალისტური ორგანიზაცია ЕТА ჯერ ენრიკეს მამას, ხულიოს ემუქრებოდა, შემდეგ მისი ბაბუა ხულიო იგლესიასი–უფროსი გაიტაცეს, შემდეგ კი ხულიოს შვილებს დაემუქრენ. ამიტომაც გადაწყდა, რომ ბავშვებისთვის მაიამიში ცხოვრება უფრო უსაფრთხო იქნებოდა და ისინი მამასთან გაამგზავრეს.

მაიამიში ენრიკე პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა, მაგრამ ბავშვობიდან ზედმეტად მორიდებული იყო და, სხვა მოწაფეებისგან განსხვავებით, სკოლაში ძვირადღირებულის ნაცვლად ძველი და დანჯღრეული მანქანით დადიოდა.

დღეს, რა თქმა უნდა, მას საკუთარი თვითმფრინავიც ჰყავს, იახტებიც, „პორშეებიც“ და „იაგუარებიც“, მაგრამ ის ბოლომდე დელიკატურ და მორიდებულ ადამიანად რჩება. თავს არასდროს იწონებს თავისი სიმდიდრით, დღესაც მისი საყვარელი ტანისამოსია გახეხილი ჯინსები და მაისურები, ხოლო საყვარელი კერძი „ფასტფუდები“.

პირველი კონფლიქტი მამასთან ენრიკეს მაშინ მოუვიდა, როდესაც მან განაცხადა, რომ მუსიკოსობას აპირებდა. ხულიომ, რომელიც იმ დროს მას ცენტსაც კი არ აძლევდა, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ის გამხდარიყო ბიზნესმენი და ენრიკემ, მამის ზეწოლით, ჩააბარა მაიამის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე, რომელიც მალევე მიატოვა და ხელი მოაწერა კონტრაქტს მექსიკურ ლეიბლ FonoMusic- თან. მამა ხულიო საშინლად გაბრაზდა და შვილს უნივერსიტეტში დაბრუნება მოსთხოვა, მაგრამ ენრიკემ ამჯერად მამას აღარ დაუჯერა და კანადაში წავიდა.

1995 წელს გამოვიდა მისი პირველი სინგლი Si tú te vas („შენ წახვალ“). იმავე წელს მომღერალმა გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი Enrique Iglesias, რომელიც მან თავის ძიძას მიუძღვნა. ალბომი პოპულარული გახდა ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში. ის 1-მილიონიანი ტირაჟით სულ რაღაც ერთ კვირაში გაიყიდა.

1997 წელს ენრიკე გაემგზავრა თავის პირველ საგასტროლო ტურნეში Vivir Tour, რომლისთვისაც შეარჩია საუკეთესო მუსიკოსები, რომლებიც თავის დროზე გამოდიოდნენ ელტონ ჯონთან, ბრიუს სპრინგსტინთან და ბილი ჯოელთან ერთად. ტურნეს დროს მან ჩაატარა 78 კონცერტი აშშ-სა და კიდევ 16 ქვეყანაში.

ახლა კი გადავდივარ მთავარზე. 1997 წლის ბოლოს ენრიკე, მისი მამა ხულიო და მექსიკელი მომღერალი ლუის მიგელი იყვნენ ნომინირებული პრესტიჟულ ამერიკულ პრემიაზე American Music Awards ნომინაციაში — „საუკეთეო ლათინოამერიკელი მომღერალი“. პრემიების გაცემის წინ მიცემულ ინტერვიუში ხულიო იგლესიასმა განაცხადა, რომ თუ ამ პრემიას მის შვილს მიანიჭებენ, ის დემონსტრაციულად დატოვებს დარბაზს. ამის შემდეგ ენრიკემ უარი განაცხადა ნომინაციაზე, რის შემდეგაც ჯილდო მამამისს ერგო…

ჩემთვის ეს საქციელი ძალიან ბევრის მთქმელია.

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ენრიკე, რომელსაც უახლოესი მეგობრები კიკეს ეძახიან, არ ეწევა და არასდროს არ მიუღია ნარკოტიკები.

ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ის ქალბატონებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, მამასავით დონ-ჟუანის სახელი არა აქვს, რადგან ურთიერთობებს ყოველთვის სერიოზულად უყურებს და უფრთხილდება.

ენრიკეს საყვარელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი გახლავთ.

ის ნამდვილი რომანტიკოსია. უყვარს მოგზაურობები, სეირნობა თავის მრავალრიცხოვან ძაღლებთან ერთად და სპორტი. სხვათა შორის, თვლის, რომ ძაღლები მისი ოჯახის წევრები არიან და დღემდე ცრემლმორეული იხსენებს თავის ოქროსფერ რეტრივერ „გრემის“, რომელიც 19 წელი მას ნამდვილ მეგობრობას უწევდა.

მისი საყვარელი მსახიობები არიან კიანუ რივზი და მერილ სტრიპი.

მართალია, მისი გვარი ესპანურიდან ითარგმნება როგორც „წმინდანი“, მაგრამ მასაც გააჩნია ნაკლი. მაგალითად, მეუღლის შერთვაზე უფრო მეტად შვილზე ოცნებობს, სავარაუდოდ, ამიტომაც ვერ გადაწყვიტა საბოლოოდ შეუღლებოდა ცნობილ ჩოგბურთელ ანა კურნიკოვასთან, რომელსაც 15 წლის განმავლობაში ხვდებოდა. სჭირს ქრონიკული უძილობა, რის გამოც ვერ იტანს, როდესაც ძლივს ჩაძინებულს ვიღაც აღვიძებს. და საშინლად ეშინია ტარაკნების.

აი, ასეთი კარგი და ნიჭიერი ბიჭია ენრიკე იგლესიასი.

ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში ენრიკემ განაცხადა, რომ ის მამაზე ნაწყენი არ არის და დღევანდელი გადმოსახედიდან მიაჩნია, რომ მამამ ის სწორედ აღზარდა, რადგანაც არასდროს არ ათამამებდა და ამიტომაც „არ გააფუჭა“.

ამის გაგება განსაკუთრებით გამიხარდა, რადგან, კი არსებობს ცნობილი ფრაზა „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო“, მაგრამ, რა ვქნა, მე მაინც ხულიო იგლესიასი მირჩევნია… როგორც ჩანს, ასაკის ბრალია.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და მამა-შვილ იგლესიასების სიმღერებივით ტკბილ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0