ჩემი თბილისი და ფიროსმანი...

© FB / Выставочный зал Ладо ГудиашвилиКартина Ладо Гудиашвили "Нико Пиросмани" (1928) ლადო გუდიაშვილი, "ნიკო ფიროსმანი"
Картина Ладо Гудиашвили Нико Пиросмани (1928) ლადო გუდიაშვილი, ნიკო ფიროსმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი თბილისური აივანისკენ მომავალ წიკლაურის საკმაოდ ციცაბო და ქვაფენილიან აღმართზე ამოსვლისას ნუ გაგიკვირდებათ, თუ გზაში შემოგხვდებათ ერთი შეხედვით მკაცრი, მაგრამ შესანიშნავი და ცოტა სევდიანი, წვერგაბურძგნული მეეზოვე, ისეთი, რომლებიც დღეს თბილისს, სამწუხაროდ, აღარ ჰყავს და ეს არყოფნა, გარკვეულწილად, ქალაქს კოლორიტს აკლებს…

ან გზას გადაგიჭრით შეშის გამყიდველი ბიჭი, თავისი შეშააკიდებული, საოცრად აზრიანი გამომეტყველების ჩოჩორით…

ეზოში შემოსვლისას ფრთხილად იყავით, ქვევრებს ფეხი არ წამოკრათ!..

© FB/ Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმინიკო ფიროსმანაშვილის სურათი "სვირი"
ნიკო ფიროსმანაშვილის სურათი სვირი - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანაშვილის სურათი "სვირი"

აივანზე ამობრძანებულებს კი მოულოდნელად შემოგეგებებით თავზე თეთრი თავსაფრით, შავ კაბაზე წითელქამარშემორტყმული და ხელში დაირით… არ შეგეშინდეთ, დაკვრას არ ვაპირებ.

ასევე, რა თქმა უნდა, აივანზე აუცილებლად დაგხვდებათ მოხდენილად გაშლილი სუფრა, თავისი მწვადებით, ცოცხალით, დედლითა და გაფშიკინებული თონის პურებით. დღეს კიდევ ერთი-ორი ჭიქა გემრიელი ქართული ღვინოც უნდა გაგასინჯოთ…

სავარაუდოდ, მიხვდით, რომ ჩვენი სტუმარია ერთი მორიდებული, უნიჭიერესი და დიდი კაცი – ნიკო ფიროსმანაშვილი (ფიროსმანი, ნიკალა) რომელიც ამ ქვეყნიდან წავიდა 1918 წლის 5 მაისს…

ჩვენ უფრო ჩვენი სტუმრების დაბადების დღეებს აღვნიშნავთ ხოლმე, მაგრამ თავისი დაბადების დღე ფიროსმანმა თავადაც არ იცოდა, ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებდა. მე კი მგონია, რომ იცოდა და მალავდა, ჩვენამდე კი ეს თარიღი, სამწუხაროდ, არ შემორჩა. მისი დაბადების მოწმობა უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ, მოდით, დღევანდელ დღეს, 5 მაისს დავარქვათ მისი ხსოვნის დღე, მით უმეტეს, რომ გენიოსების ხვედრია – ისინი, სინამდვილეში, უკვდავები არიან…

ნიკო ფიროსმანაშვილი დაიბადა სავარაუდოდ 1862 წელს (ზუსტი თარიღი, როგორც ვთქვით, უცნობია) კახეთის სოფელ მირზაანში, გლეხის ოჯახში, წნელით მოწნულ ქოხში. ნიკო 8 წლის იყო, მამით რომ დაობლდა და კალანტაროვების ოჯახმა, სადაც ფიროსმანაშვილების ოჯახი გაკოტრების შემდეგ მუშაობდა, პატარა ნიკო შულავერიდან თბილისში წაიყვანა. ის ოჯახს ეხმარებოდა და თავისუფალი დრო თუ დარჩებოდა, ნახშირით კედელზე ქმნიდა თავის პირველ ნახატებს. სწორედ ამ სახლში ეწვია ნიკალას პირველი სიყვარული. მას შეუყვარდა თავისზე 14 წლით უფროსი ელისაბედ კალანტაროვა. სასიყვარულო წერილიც კი მისწერა, მაგრამ ელისაბედმა მისი გრძნობა არ გაიზიარა, რის შემდეგაც ნიკალა წამოვიდა კალანტაროვების ოჯახიდან.

ამის შემდეგ ნიკალა 4 წელი რკინიგზაზე მუშაობდა კონდუქტორად, შემდეგ კი მელიქ აზარიანცის სახლის წინ გახსნა პატარა დახლი, სადაც მაწვნით ვაჭრობდა. ცოტა ხანში თავის კახელ მეზობელთან დიმიტრი ალუღიშვილთან ერთად დუქანი გახსნა. დიმიტრიმ თავის ბინაში პატარა კუთხეც გამოუყო. მას ჰყავდა მასზე გაცილებით ახალგაზრდა და ულამაზესი მეუღლე ელისაბედ ავალიშვილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნიკალასა და ელისაბედს შორის რომანიც კი გაჩაღდა. ასევე ცნობილია, რომ წლების შემდეგ, როდესაც ფიროსმანი ძალიან დაავადდა, ელისაბედმა ის ისევ შეიკედლა, მაგრამ ერთხელ რაღაცაზე შენიშვნა მისცა და თავმოყვარე ნიკალამ სამუდამოდ დატოვა მისი სახლი.

© ალიონა საველიევანიკო ფიროსმანის ნახატი "შობა"
ნიკო ფიროსმანის ნახატი შობა - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანის ნახატი "შობა"

ბუნებრივია, ყველასთვის არის ცნობილი ფიროსმანის გახმაურებული სასიყვარულო ისტორია ფრანგ მომღერალ მარგარიტასთან…

გადმოცემით, სადაც თბილისში ადრე ვერის ბაღები იყო, 1905 წელს საგასტროლოდ ჩამოვიდა მარგარიტა დე სევრი. სავარაუდოდ, სწორედ ამ ბაღებში მდებარე თეატრში ნახა პირველად ნიკალამ მომღერალი, ხოლო მათი პირადი გაცნობა მუშტაიდის ბაღში მოხდა. იმ პერიოდში ნიკალას სურათები კარგად იყიდებოდა და მას არ უჭირდა. იყო ნამდვილი არისტოკრატი, ძალიან მოხდენილად იცვამდა და მას მეტსახელად „გრაფსაც“ კი ეძახდნენ. ასევე სიმართლეს შეესაბამება ის ისტორიაც, რომ ფიროსმანმა ურმებით მიუტანა მომღერალს ვარდები და ამით მიიპყრო მარგარიტას ყურადღება და დაიპრო მისი გული. დღეს არავინ იცის, რამდენი იყო ვარდი — მართლა მილიონი, თუ ნაკლები, იქნებ, მეტიც, მაგრამ, მეყვავილეს თქმით, იმ დღეს მარტო მისი დუქანი კი არა, მთელი თბილისის საყვავილეები დაცარიელდა…

შემდგომში ფიროსმანი ჰყვებოდა, რომ მას ერთ დროს ფულიც ჰქონდა და ოქროს საათიც, მაგრამ გაუჭირდა და გაყიდა. მართალია, არ დაუზუსტებია – რისთვის. რატომღაც მგონია, ან მინდა მეგონოს, რომ სწორედ იმ ვარდების მისართმევად… მათი სიყვარული ერთ წელიწადს გაგრძელდა.

საინტერესო ფაქტია, რომ როდესაც ფიროსმანის გამოფენა ლუვრში გაიმართა, მარგარიტას სურათთან მისულა ღრმად მოხუცებული ქალბატონი, რომელმაც განაცხადა, რომ სურათზე ის იყო გამოსახული.

ფიროსმანს არ ჰყოლია ოფიციალური მეუღლე. ისტორიკოსების მონაცემებით, ერთხელ მას მისმა დამ ფეფემ საცოლე გამოუძებნა, საქმე თითქმის ქორწილამდეც მივიდა, მაგრამ ნიკალამ მიატოვა საცოლეც, ქონებაც, ახლადაშენებული სახლიც და ფეხით დაბრუნდა თბილისში.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ცხოვრობდა რუს მრეცხავ მარუსიასთან. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. შემდგომში ნიკალამ მისი პორტრეტიც დახატა — „ქალი სათლებით“.

© FB/ Nana Miqava-Gelashviliწყლთ ქარგვა: ნიკო ფიროსმანის "მეთევზე"
წყლთ ქარგვა: ნიკო ფიროსმანის მეთევზე - Sputnik საქართველო
წყლთ ქარგვა: ნიკო ფიროსმანის "მეთევზე"

აქვე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ როდესაც თქვენთან შეხვედრისთვის ვემზადებოდი და უამრავი რამ წავიკითხე, გავიგე, რომ ის სტერეოტიპი, რაც მქონდა შექმნილი — ავადმყოფი, გაღატაკებული, გალოთებული მხატვარი — მის ნამდვილ პორტრეტს არ შეესაბამება. ის ასეთი იყო მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში. და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს დუქნები დაიხურა და ფიროსმანი ფაქტიურად უმუშევარი დარჩა. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა კახეთში, იმერეთში, გორში და მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს დაბრუნდა თბილისში, უკვე მძიმედ ავადმყოფი. დასახლდა ერთ-ერთ სარდაფში. ბოლოს კი, სახლის მოურავს სარდაფიდან კვნესა რომ შემოესმა, ეტლი დაიქირავა და სიცხიანი ნიკალა საავადმყოფოში გადააყვანინა, სადაც ის გარდაიცვალა…

დღეს ფიროსმანი მსოფლიოში ცნობილი მხატვარია. მეც მხოლოდ მის პირად ცხოვრებას იმიტომ შევეხე, რომ, აბა, რა ჩემი შესაფასებელია მისი დიდი ხელოვნება… მე ის უბრალოდ მიყვარს და გულით მესმის. ყველა მის ნახატს შიგნიდან ვგრძნობ და, შესაძლებელია, მისი ჟირაფი გუმილიოვის ჟირაფივით მთლად დახვეწილი ვერ არის, სამაგიეროდ, ჩემია… რადგანაც მე და თქვენ „ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობთ“…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ნიკალას სურათებივით საოცარ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0