ნათია ლეონეს იტალიური სიყვარული და ქართული მონატრება

© FB/ Natia Leoneნათია ლეონე
ნათია ლეონე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში" გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ნათია ლეონეს გაგაცნობთ.

საქართველოში ნათია გუბელაძე, გერმანიაში — ნათია ლეონე. ბავშვობიდან წერს, წიგნი კი მას შემდეგ გამოსცა საქართველოში, როცა სათქმელი დაუგროვდა. დღეს გერმანიაში იტალიელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მეორე წიგნი დასაბეჭდად მზად აქვს, მესამეზე კი, რომანზე ახლა მუშაობს. გერმანიაში ბიზნესი და მენეჯმენტი შეისწავლა და ამავე სფეროში მუშაობს.

– ნათია, როგორ მოხვდა ნათია ლეონე გერმანიაში?

— ჩემი ქართული გვარი გუბელაძეა. დავიბადე და გავიზარდე ქალაქ რუსთავში. 19 წლის ვიყავი გერმანიაში ოპერად, ანუ ბავშვის მომვლელად რომ წავედი. ბედისწერამ სულ პატარა გოგონა, რომ იტყვიან, უცხო ქვეყნის ბაქანზე ჩამომსვა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, ცხოვრებაში როგორ უნდა მესწავლა ბრძოლა, ან თუ წავიქცეოდი, როგორ წამოვმდგარიყავი ისე, რომ ტკივილი არ მეგრძნო. ბევრჯერ მიტირია კიდეც, მაგრამ უცებ მახსენდებოდა, რომ ცხოვრება ბრძოლაა და ტირილი არაფერს მიშველიდა… ამჟამად მეუღლესთან ერთად ვცხოვრობთ გერმანიაში, ქალაქ გუსტავსბურგში, სადაც ძალიან მშვიდი და წყნარი გარემოა.

© FB/ Natia Leoneნათია ლეონე
ნათია ლეონე - Sputnik საქართველო
ნათია ლეონე

– გერმანიაში რას საქმიანობთ და როგორი პარტნიორები არიან გერმანელები?

— გერმანიაში ბიზნესი და მენეჯმენტი დავამთავრე და ამავე სფეროში ვმუშაობ. ამჟამად ყიდვა–გაყიდვის მენეჯმენტით ვარ დაკავებული. გერმანელები საკმაოდ პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩევიან, მშვიდი და გაწონასწორებული, სასწაულად პუნქტუალური პარტნიორები არიან, რასაც ძალიან ვაფასებ. ერთი გერმანული გამოთქმაა: „ჯერ სამუშაო და მერე გართობა, ანუ სიამოვნება", რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის მთავარი საქმეა, ძალიან მოწესრიგებულები არიან და იმავეს სხვებისგანაც მოითხოვენ…

– საქართველოში გამოცემული გაქვთ წიგნი „ფიქრებთა თოვა“, რაზეა ეს წიგნი?

— ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი წიგნი მაქვს გამოცემული. ეს წიგნი დიდ სევდაზე და უსაზღვრო სიყვარულზე მოგითხრობთ. საერთოდ, ფიქრი მიყვარს, ალბათ ამიტომ ვწერ ბევრს. ასეთი ვიყავი ბავშვობაშიც, როცა ჩემი თანატოლები გარეთ თამაშობდნენ, მე მაგიდის ერთ კუთხეში მივიყუჟებოდი და ვწერდი. ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემ ნაწერებში ზედმეტად სევდიანი ვარ. მე არ ვიცი, ეს რამ განაპირობა, ან, იქნებ, ვიცი და უბრალოდ თქმა მიჭირს. ალბათ მოვა დრო და მეტად გავიხსნები…

© FB/ Natia Leoneნათია ლეონე
ნათია ლეონე - Sputnik საქართველო
ნათია ლეონე

– როგორია თქვენი იტალიურ-ქართული სიყვარული?

— ჩვენი ქართულ–იტალიური სიყვარული ძალიან ლამაზია. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი უცნაურად, უფრო სწორად, სასაცილოდ გავიცანით. მე მას ესპანელი ვეგონე, მე – პირიქით, ის მეგონა ესპანელი, რადგან ვიზუალურად ესპანელს ჰგავს. ეს გაურკვევლობა იმანაც გამოიწვია, რომ ის ესპანურად გამესაუბრა და მეც ესპანურად ვუპასუხე (იმ პერიოდში ამ ენაზე ვსაუბრობდი, რასაც ახლა ვეღარ ვიტყვი). მას ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი. ამბობს, რომ ქართველები უზომოდ თბილი ხალხი ვართ. თავადაც ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლეა.

– რომელი გერმანული ან იტალიური თვისება გაითავისეთ?

— გერმანული თვისებებიდან, ვიტყოდი, რომ პუნქტუალობა ვისწავლე. იტალიურიდან – მისი საუცხოო სადილების კეთება.

© FB/ Natia Leoneნათია ლეონე
ნათია ლეონე - Sputnik საქართველო
ნათია ლეონე

– როგორია თქვენი ქართული მონატრება?

— ჩემი ქართული მონატრება ძალიან მტკივნეულია და ეს გრძნობა ყოველთვის ჩემიანებთან ასოცირდება. ხანდახან, როცა საშინელი მონატრება მომიკაკუნებს გულის კარზე, ასეთ მომენტში ვემგვანები სიყვარულს მოკლებულ ღატაკს, რომელსაც ვერ გაუგია საით წავიდეს, ვის მიეკედლოს, რომ როგორმე იგრძნოს მონატრებული დედის სითბო, რომელსაც წლების წინ დაემშვიდობა. ეს გრძნობა ჩემ ერთ ნაწერშიც მაქვს: „დე, მომეცი უფლება, სიზმრად მაინც ჩაგიჯდე კალთაში და თავი მხარზე მოგადო… როგორც ადრე, ბავშვობაში, გახსოვს, რომ წავიქცეოდი და ნატკენი მუხლით შენთან გამოვრბოდი? ვიცოდი, რომ გულში ჩამიკრავდი და ტკივილს დამიამებდი, მიექიმებდი და ტკივილიც ქრებოდა. ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ, არ ვიცი, რამე რომ შემაწუხებს, ვისთან გავიქცე“. ყოველთვის მენატრება საქართველო, ჩემიანები, დედა, მამა, და, ჩემი ახლობლები. ასე მგონია, შემოდგომის ერთ ქარბუქიან დღეს საკუთარ ხეს მოვწყდი და მას შემდეგ მარტო ვფრიალებ… ჩემი აზრით, ცხოვრება ბრძოლაა და ბედნიერება ამ ბრძოლაშიცაა, რადგან ერთი მეორის გარეშე უბრალოდ არ არსებობს…

ყველა ახალი ამბავი
0