ძნელია იყო ლამაზი ქალი...

© photo: Sputnikმიშელ მერსიე
მიშელ მერსიე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, უქმე დღეების ზღურბლზე, მე და ჩემი ბროწეულ-ადესობა ბოლომდე შემოვინახავთ ერთ და განსაკუთრებულ, მთლად მეფურ საიდუმლოს…

ჩვენ აივანზე დაშნების გაელვებასაც ექნება ადგილი, ღალატსაც, ცრემლმორეულ, მარაომორგებულ, ვიწროკორსეტიან ქალბატონებსაც, მათ ინტრიგებსაც, სამეფო და მაინც ჭრიალა კარის ჭორებსაც, ძალიან დახვეწილ კოჭლობასაც და, რაც მთავარია, უანგარო და ყოვლისშემძლე სიყვარულს…

რა თქმა უნდა, ანჟელიკა, ანგელოზების მარკიზა, მეფესთან და უმეფოდ, ნიკოლასთან და სულთანთან, და მთლად უსულთნოდ, მაგრამ მაინც ჟოფრეი დე პეირაკის მოლოდინში…

მახსოვს, პირველად ანჟელიკაზე ფილმი როცა ვნახე ოქროყანის კლუბში, ვინმე ბაბაევი რომ ხელმძღვნელობდა, მთელი ღამე არ მეძინა — მინდოდა ანჯელიკასავით მშვენიერი ვყოფილვიყავი.

იმის მერე გემოვნება ბევრჯერ შემეცვალა, მაგრამ „ჩემი“ ანჟელიკა, სულთნის ტახტზე წამოწოლილი, ამაყი და მშვენიერი, ცისფერი და გამჭირვალემოსასხამიანი… გულში ბოლომდე შემომრჩა.

დღეს კი სწორედ ის დღეა, როდესაც 1965 წლის 28 აპრილს „ანჟელიკას“ კინოვერსია პირველად გამოვიდა საფრანგეთის კინოეკრანებზე. პრემიერა შედგა კაბარე „მულენ-რუჟში“. ჰყვებიან, რომ კოკო შანელი ფილმის ჩვენების შემდეგ ფეხზე ადგა და დიდხანს უკრავდა ტაშს…

ანჟელიკას როლზე ბევრი პრეტენდენტი იყო. თანაც როგორი ქალბატონები — ბრიჯიტ ბარდო, მარინა ვლადი, კატრინ დენიოვი, ჯეინ ფონდა, მონიკა ვიტი, ურსულა ანდრესი, კლაუდია კარდინალე…

საბოლოოდ კი როლი მიშელ მერსიეს ერგო.

 

არადა, მიშელ მერსიე ბუნებით სულაც არ იყო „ანჟელიკა“. ის მთელი ცხოვრება ოცნებობდა ყოფილიყო სამაგალითო დედა და მეუღლე. მისი თქმით, წლების განმავლობაში ცდილობდა ანჟელიკას როლისგან „გათავისუფლებას“ და ბოლოს მიხვდა, რომ ეს შეუძლებელია.

მისი ორივე მეუღლე მასში ანჟელიკურ ვნებებს ეძებდა, მაგრამ ამაოდ. მას უბრალოდ მხარდაჭერა, ყურადღება და სიყვარული სჭირდებოდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში მიშელმა განაცხადა — „მე მამაკაცებისგან არაფერი კარგი არ მინახავს და რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ მარტო ყოფნა მირჩევნია“.

ერთხელ ირანის შაჰმა — მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ ერთ-ერთი მიღების დროს მიშელ მერსიე ვალსზე მიიწვია. პირველ ვალსს მეორე მოყვა… შაჰი შეყვარებული იყო, მიშელს ბრილიანტებს ჩუქნიდა, მისი სასტუმროს ნომერში თეთრი ვარდების ტევა არ იყო, მაგრამ მისი გული მაინც ვერ მოიგო…

ისევე, როგორც საოცრად მომხიბვლელმა, შარმიანად „ოდნავ კოჭლმა“ ჟოფრეიმ, ანუ რობერ ოსეინმა.

„მე ვამაყობ იმით, რომ არასდროს არ მქონია სასიყვარულო კავშირი პროდიუსერთან, არ ვყოფილვარ ფინანსური მაგნატის საყვარელი, რომელიც როლის მიღებაში დამეხმარებოდა“, – უთხრა ერთხელ ჯურნალისტებს მსახიობმა.

მიშელი 36 წლის ასაკში ბოლოს და ბოლოს შეხვდა იმ მამაკაცს, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ანდრიანი მას მხოლოდ ვილებს და სამკაულებს კი არ ჩუქნიდა, მას მიშელი გულის წკიპამდე უყვარდა და მხოლოდ ერთს სთხოვდა — „არ მიმატოვო“… სამწუხაროდ, ის კიბოსგან გარდაიცვალა.

მიშელის შემდეგი თაყვანისმცემელი იტალიის პრინცი ნიკოლა გახლდათ. მან მიშელ მერსიეს თავისი სამი ვაჟი გააცნო, მაგრამ კათოლიკურმა ეკლესიამ მეუღლესთან გაშორებაზე უარი უთხრა… და ისინი ერთმანეთს დასცილდნენ.

მიშელ მერსიემ, ფრანგული ენის გარდა, კიდევ სამი ენა იცის — ინგლისური, რომლის სწავლაც მას თავის დროზე თავად ჩარლი ჩაპლინმა ურჩია, გერმანული და იტალიური.

მას ცხოვრებაში ბევრჯერ უჭირდა, 1999 წელს ანჟელიკას კაბების გაყიდვაც კი დასჭირდა აუქციონზე, მაგრამ ის მაინც ამბობდა — „როგორი რთულიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის ბოლომდე უნდა გაიარო, რადგან სადღაც შორს, ღრუბლების მიღმა ყოველთვის იმალება მზე“…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ანჟელიკასავით ანგელოზებიან დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0