ბარბრა სტრეიზანდი: ცხოვრება ძალიან მოკლეა, ამიტომ დაიწყეთ დესერტით...

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიბარბარა სტრეიზენდი
ბარბარა სტრეიზენდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ თბილისურ და მყუდრო აივანე ლამაზად ამობრძანებულებს აუცილებლად უნდა გაგასინჯოთ უგემრიელესი კოქტეილი „ბარბარა“… ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ ორშაბათი დღეა და ახალი სამუშაო კვირის დასაწყისი, რადგან ჩვენი კოქტეილი ალკოჰოლური ინგრენდიენტებისგან შეიცავს მხოლოდ 25 მილიგრამ თეთრი შოკოლადის ლიქიორს (White cream de cacao).

ჩვენი აივნის სტუმარი კი გახლავთ ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, კომპოზიტორი, რეჟისორი და პროდიუსერი, 2 „ოსკარის“, 4 „ოქროს გლობუსის“, 4 „ემის“ და 11 „გრემის“ მფლობელი, ერთადერთი და განუმეორებელი ბარბრა სტრეიზანდი, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1942 წლის 24 აპრილს ქალაქ ბრუკლინში…

მიაქციეთ ყურადღება, „ბარბრა“ რომ დავწერე, ასო „ა“ არ გამომრჩენია, უბრალოდ, ბარბარა სტრეიზანდმა 18 წლის ასაკში, თავისი კარიერის დასაწყისში ერთადერთი რაც შეცვალა – სახელიდან სულ ერთი ასო „ა“ ამოიღო და ბარბარას ნაცვლად გახდა ბარბრა. მას მეტი აღარაფერი შეუცვლია, ბარბრა არც პლასტიკურ ოპერაციაზე დათანხმებულა და არც გვარის გადაკეთებაზე, ის ყოველთვის რჩებოდა ბუნებრივი და გულწრფელი ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც.

ჰოლივუდის მომავალი ვარსკვლავი ბრუკლინის ერთ-ერთ უღარიბეს რაიონში დაიბადა. მისი მამა ემანუელ სტრეიზანდი, ინგლისური ენის ფსიქოლოგიის პროფესორი გარდაიცვალა, როდესაც ბარბრა ორი წლისაც კი არ იყო. დედამ, დაიანამ, ოჯახი რომ ერჩინა, ბუღალტრად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ფული მაინც კატასტროფულად არ ჰყოფნიდათ.

ზომაზე მეტი სიგამხდრისა და არაორდინალური შესახედაობის გამო ბარბრას თანატოლები დასცინოდნენ. ერთადერთი ადგილი, სადაც ის თავს ბოლომდე მყუდროდ გრძნობდა, იყო კინოთეატრის დარბაზი. ის უყურებდა საყვარელ ფილმებს და საკუთარ თავს მთავარი გმირების ადგილზე წარმოიდგენდა ხოლმე.

ცოტა ხანში დედამისი გათხოვდა, მამინაცვალმა კი გერი თავიდანვე ვერ აიტანა. ბარბრას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა მისი ფრაზა: „ასეთი მახინჯებისთვის ნაყინს არ ყიდულობენ“…

უკვე 10 წლის ასაკში ბარბრამ სიგარეტის მოწევა დაიწყო, თუმცა ორ წელიწადში თავადვე უარი თქვა მასზე. ერთხელ სკოლაში მივიდა მწვანედ შეღებილი თმებით და სახეზე ცარცწასმული, რისთვისაც გამოაგდეს, სახლში კი დედამ თავი გადაპარსა. ბარბრა არ დაიბნა და მეორე დღეს სკოლაში წასვლის წინ გადახოტრილ თავზე სასაცილო სურათები დაიხატა…

გავა წლები და ბარბრა ამ თავის საქციელს ასე ახსნის: „კლასიკური სილამაზე მოსაწყენია. იყო ყველასგან განსხვავებული, ყველა გააკვირვო და შოკში ჩააგდო — მხოლოდ ასე შეიძლება მიაღწიო ნამდვილ წარმატებას“.

მე კიდევ დავამატებდი — „და იყო ბარბრა სტრეიზანდივით უნიჭიერესი“…

ბარბრას პირველი თეატრალური დებიუტი შედგა, როდესაც მან 15 წლის ასაკში ქალაქიდან ქალაქში მოძრავ პატარა თეატრში შეასრულა იაპონელი გლეხის ეპიზოდური როლი. სპექტაკლის შემდეგ მან საბოლოოდ გადაწყვიტა მსახიობობა.

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ბარბრა სტრეიზანდი არასდროს და არსად არ დაუფლებია სამსახიობო ხელოვნებას, არ მიუღია ვოკალის გაკვეთილები. ის ბუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული და თვლიდა, რომ „ითამაშო — ეს იმდენად ადვილია, რომ ამის სწავლა უბრალოდ სირცხვილიც კი არის“…

20 წლის ასაკში ბარბრამ მიიღო პირველი როლი ბროდვეის დადგმაში, რომლისთვისაც ნომინირებული იყო პრესტიჟულ თეატრალურ პრემიაზე „ტონი“. მისი მეორე როლი კი გახდა ფანის როლი სპქტაკლში „სასაცილი გოგონა“. სწორედ აქ შეამჩნიეს ბარბრა ჰოლივუდის პროდიუსერებმა და მოიწვიეს სპექტაკლის კინემატოგრაფიულ ვერსიაში, რომელშიც მას პარტნიორობას შესანიშნავი მსახიობი ომარ შარიფი უწევდა და რომელმაც ბარბრა სტრეიზანდს პირველი „ოსკარი“ მოუტანა.

ბარბრამ მონაწილეობა მიიღო 20-მდე ფილმში. მეორე „ოსკარი“ მან მიიღო მუსიკალურ მელოდრამაში „იენტლი“ მთავარი გმირის, ებრაელი ქალის — იენტლის როლის შესრულებისთვის.

მე კი განსაკუთრებით მიყვარს მისი დუეტი რობერტ რედფორდთან სიდნი პოლაკის ფილმში „ჩვენ ასეთები ვიყავით“ (The Way We Were), რომელიც, აშშ კინოკრიტიკოსთა ეროვნული საბჭოს შეფასებით, საუკეთესო ფილმების ათეულში შევიდა.

1991 წელს ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ ბარბრა სტრეიზანდის საოცარი ფილმი The Prince Of Tides. რეჟისორობის გარდა, ბარბრა ფილმში თამაშობს ფსიქოთერაპევტის როლს, რომელსაც შეუყვარდება თავისი პაციენტი, რომელსაც ნიკ ნოლტი ასრულებს. ფილმი წარდგენილი იყო „ოსკარზე“ 7 ნომინაციაში, საბოლოოდ კი მიიღო „ოქროს გლობუსი“. თუ არ გაქვთ ნანახი, ძალიან გირჩევთ… ჩემი აზრით, ეს ბარბრას ერთ-ერთი საუკეთესო სამსახიობო ნამუშევარია.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბრა სტრეიზანდი საოცრად მიზანდასახული ადამიანია და თვლის, რომ ყოველთვის უნდა გააკეთო მხოლოდ ის, რაც შენ მიგაჩნია სწორად და მხოლოდ ისე, როგორც შენ თვლი საჭიროდ, ის ბუნებით ძალიან მორიდებული და აბსოლუტურად უამბიციოა.

მისი პირველი სოლო კონცერტი Barbra Streisand: The Concert გაიმართა ბარბრას კარიერის მხოლოდ 27-ე (!) — 1993 წელს და ჟურნალმა TIME-მა მას საუკუნის მუსიკალური მოვლენა უწოდა.

თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ბარბრა სტრეიზანდმა გამოუშვა 12 მულტიპლატინის, 24 პლატინის და 40 ოქროს დისკი, 2000 წელს კი მან ჩააატარა თავისი ბოლო კონცერტი.

ერთ-ერთ ინტერვიუში ბარბრა აცხადებს, რომ მას სახლში სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია, საერთოდ არ უყვარს სამკაულები და ვერ იტანს შემოჭერილ ტანისამოსს — უყვარს დიდი და ფართხუნა შარვლები და პერანგები, რომელშიც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. მის მიზანს არ წარმოადგენს მაყურებლის წინაშე ხშირი გამოსვლები, რადგან მისი დევიზია „ჯობს ნაკლები და უკეთესი“. ბარბრა ამაყობს იმით, რომ მისი ერთადერთი ვაჟი ჯეისონი ღირსეული ადამიანი გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ჯეისონმა 1996 წელს „ცოლად მოიყვანა“ დევიდ ნაითი, ცნობილი მანეკენი, ბარბარა მას მხარში ამოუდგა, თუმცა ქოწილს არ დასწრებია.

ბარბრას არც ასაკი აშინებს — „რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის ხარ? თუ დილით გაიღვიძე — ეს უკვე ბედნიერებაა. ყოველი გავლილი დღისთვის ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადო. თუ საკუთარი დაბადების დღეების გეშინია, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას?“

ბარბრა სერიოზულად არის დაკავებული ქველმოქმედებით. 2012 წელს მან 15 მილიონი დოლარი გაიღო ლოს-ანჯელესში კარდიოლოგიური ცენტრის — Barbra Streisand Women's Heart-ის მშენებლობისთვის.

ბარბრას ჰქონდა გახმაურებული რომანები ელვის პრესლისთან, ანდრე აგასისთან და ა.შ. დღეს კი ის ბედნიერია. მისი მეუღლე, მსახიობი ჯეიმს ბროლინი ნამდვილი ჯენტლმენია. ბარბრა კი, როგორც სამაგალითო მეუღლე, უმზადებს მას ბიფშტექსებს, საღამოობით კი მასთან ერთად უყურებს ტელევიზორს.

სხვათა შორის, როდესაც პრესაში გავრცელდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ბარბრას რომანი ჰქონდა ბილ კლინტონთან, რომელიც სინამდვილეში მისი ახლო მეგობარია და რომლის საარჩევნო კამპანიასაც ბარბრა აქტიურად უჭერდა მხარს, ის ძალიან გაბრაზდა და განაცხადა: „მე ვიღაც მერლინ მონრო კი არა ვარ, რომ პრეზიდენტებთან მქონდეს რომანები!“ თუმცა, აშშ მომავალ პრეზიდენტებთან ის დუეტში მღეროდა, მაგალითად, „დონალდ ტრამპთან“.

დღეს ბარბრას 75 წელი უსრულდება და მე პირველად არ ვერიდები ქალბატონის ასაკის ხმამაღლა გამოცხადებას, რადგან შარშანდელი, 74 წლის ასაკში მისი ფოტოსესია რომ ნახოთ, მართლა ვერ დაიჯერებთ… საინტერესოა, რაშია მისი საიდუმლოება, გარდა იმისა, რომ, მისი თქმით, ის ყოველდღე ლიმონით იწმენდს სახეს და ტანს? ცნობილმა ფრანგმა კოსმეტოლოგმა ლაურა მერსიემ ამ შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა: „ბარბრას საიდუმლო — მის ხასიათში, პოზიტიურ განწყობასა და განუმეორებელ შინაგან მომხიბვლელობაშია“.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ბარბრასავით პოზიტიურად განწყობილ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0