ანი დავითინიძე – ოთხი შვილის დედის წარმატებული ბიზნესის ისტორია

© FB/ Ani Davitinidzeანი დავითინიძე
ანი დავითინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესის დაწყება და მისი გამართვა არც ისე მარტივი საქმეა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც ნიჭის, მონდომების, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად წარმატებას ადრეულ ასაკში მიაღწიეს. ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება 26 წლის ანი დავითინიძე.

ანიმ 18 წლის ასაკში შექმნა ოჯახი და დღეს მეუღლესთან ერთად 4 პატარას — ორ ტყუპ ქალ-ვაჟს ზრდის. ამასთან ოჯახთან ერთად წარმატებით მართავს ოჯახურ ბიზნესსაც. 

© Ani Davitinidzeანი დავითინიძე ოჯახთან ერთად
ანი დავითინიძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ანი დავითინიძე ოჯახთან ერთად

– რამდენი ხანია რაც ამ საქმეს უძღვებით და როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?

— ჩვენი კომპანია შპს „ჯორჯიან ფეიფერ ფროდაქშენ“ 2009 წელს დაარსდა და ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენურ ქაღალდს აწარმოებს. კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდია, ამასთან დასაქმებული გვყავს 60-მდე ადამიანი და ვთვლი, რომ ქართული პროდუქტის წარმოებით ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.

– როცა ამ საქმეს ჰკიდებდით ხელს, არ გეშინოდათ რამდენად კარგად გამოგივიდოდათ ყველაფერი?

— თავდაპირველად გვქონდა შედარებით პატარა საწარმო, რაც შემდეგ გავზარდეთ. ამიერკავკასიაში ვართ ქაღალდის წარმოებაში მოწინავე კომპანია. რა თქმა უნდა, ყველა საქმეს თავისი რისკები აქვს და სანამ დიდ საქმეს შევეჭიდებოდით, მანამდე დავიწყეთ შედარებით უფრო პატარა წარმოებით, რათა შეგვესწავლა ეს საქმე. მაღალი მოთხოვნის გამო შემდეგ გავზარდეთ წარმოება. საქმეში ჩართულია მთელი ოჯახი და ყველაფერს დიდი პასუხიმგებლობით ვეკიდებით.

© FB/ Ani Davitinidzeანი დავითინიძე მეუღლესთან ერთად
ანი დავითინიძე მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
ანი დავითინიძე მეუღლესთან ერთად

– გყავთ 4 შვილი, მათთვის დროის გამონახვას როგორ ახერხებთ? როგორ ატარებთ ერთად დროს?

– დიახ, მყავს ოთხი შვილი. პატარები ძალიან მიყვარს და ნამდვილად უფლის წყალობაა ჩემთვის ჩემი შვილები. საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ შვილებს და მათი მომავლის კეთილდღეობას. ვცდილობ, რომ მათ ყველა საქმიანობაში ჩართული ვიყო და ერთად ვაკეთოთ ყველაფერი. ვგეგმავთ ერთად საღამოებს, ერთად ვერთობით და როდესაც მათთან ვარ, საერთოდ მავიწყდება ყველაფერი.

– მამაკაცები ცოტა ეგოისტები არიან, მეუღლე ხომ არ ეჭვიანობს, როცა უმეტეს დროს სამსახურს უთმობთ?

— რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, არა, მსგავსი პრობლემები არ გვაქვს, პირიქით, ყველანაირად ვუწყობთ ერთმანეთს ხელს ჩვენი თავის რეალიზაციაში. რა თქმა უნდა, რომ არა ჩვენი ოჯახი, ბევრს ვერ შევძლებდით, ძალიან გვიდგანან გვერდში ჩვენი მშობლები.

© FB/ Ani Davitinidzeანი დავითინიძე ოჯახთან ერთად
ანი დავითინიძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ანი დავითინიძე ოჯახთან ერთად

– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

— წარმატება ალბათ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზანი გაქვს ადამიანს, უნდა დაისახო და იმისთვის, რომ მიაღწიო, ყველანაირად უნდა დაიხარჯო. ზოგადად, ვფიქრობ, მარტო სამსახურში წარმატება არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ადამიანი ხარ. ვფიქრობ ჩემი შვილების სწორი აღზრდა ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება იქნება. ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გიდგანან გვერდში და როგორ გაფასებენ. ჩემთვის ჩემი დიდი ოჯახი ძალიან დიდი სტიმულია.

– ხშირად უთქვამთ ოჯახიც და ბიზნესიც ერთად წარმოუდგენელიაო, ან ერთი უნდა იყოს ქალის ცხოვრებაში ან მეორე. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

— ვფიქრობ, რაც უფრო მეტი საქმე აქვს ადამიანს და რაც უფრო დაკავებულია, მით მეტს ასწრებს.

– მისაბაძი ქალი თუ გყავთ?

– ჩემი მისაბაძი ქალები დედაჩემი და ჩემი მეორე დედაა (დედამთილი), ასევე ბებიაჩემი. მათ ჩემ აღზრდაში, ადამიანად ჩამოყალიბებაში, განათლებაში, ცხოვრებისეული გზის არჩევაში სწორი ნაბიჯები გადამადგმევინეს და არ დაიშურეს არაფერი და დღემდე ასე გრძელდება.

– რას ურჩევდით ქალებს?

— ქალებს ვურჩევდი სულ გაღიმებულებმა იარონ და თავიანთ თავს ხშირად უმეორონ, რომ ულამაზესები არიან. დაისახონ მიზანი, მოახერხონ საკუთარი თავის რეალიზება და თავიანთი ადგილი იპოვონ ცხოვრებაში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რა სფერო იქნება…

– წარმატებებს გისურვებთ, ანი…

ყველა ახალი ამბავი
0