ასე ნაცნობი და უცნობი მარია შარაპოვა

© photo: Sputnik / Алексей Куденко / გადასვლა მედიაბანკშიმარია შარაპოვა
მარია შარაპოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ თბილისურ აივანზე შეგიძლიათ ამობრძანდეთ ჩოგბურთის ჩოგნებითა და ბურთებით, რადგან, აბა, რა ვიცით, როდის გვექნება კიდევ საშუალება სიმბოლურად მაინც გავეთამაშოთ ჩვენს დღევანდელ სტუმარს, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ჩოგბურთელ ქალს… მართალია, ნუ დაელოდებით, რომ ის სპორტული ნაბიჯით და, მით უმეტეს, სპორტული ფეხსაცმლითა და ჯინსებით ამობრძანება, რადგან ძალიან უყვარს მოხდენილი და მოდური ჩაცმა, ტუალეტების ხშირ-ხშირი გამოცვლა, რაშიც მომხიბვლელი გარეგნობა და პარამეტრები (სიმაღლე — 188 სმ, წონა — 65 კგ) ნამდვილად უწყობს ხელს.

რაღა თქმა უნდა, უკვე მიხვდით, რომ დღეს ჩვენი აივნის სტუმარია პლანეტის ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ადამიანების ასეულში შემავალი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი (ოღონდ ახლა მის ყველა სპორტულ ტიტულს და მიღწევას ნუ ჩამომათვლევინებთ, ცოტა მოგვიანებით ვეცდები) მარია შარაპოვა, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1987 წლის 19 აპრილს ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოლქის ქალაქ ნიაგანში.

მაშას (როგორც მას ყველა ეძახის) მშობლები წარმოშობით ბელორუსიიდან (გომელიდან) არიან და შორეულ ციმბირში გადასახლდნენ მის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩერნობილის ტრაგედიის გამო (ატომური ელექტროსადგური სულ რაღაც 100 კმ-შია გომელიდან). აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს მაშას აქვს დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი, რომელიც აფინანსებს ჩერნობილის ტრაგედიის დროს ბელორუსიისა და რუსეთის დაზარალებულ რაიონებს და ამ რაიონების სტუდენტებს სტიპენდიებით უზრუნველყოფს.

ჩოგბურთის თამაში მაშამ 4 წლიდან დაიწყო (იმ დროისთვის ოჯახმა სოჭში გადაინაცვლა).

მისი მამა იური შარაპოვი მეგობრობდა ცნობილ ჩოგბურთელ ევგენი კაფელნიკოვის მამასთან და სწორედ ევგენიმ აჩუქა მაშას მისი ცხოვრების პირველი ჩოგანი.

ახლა ერთ ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ: სულ ვამბობ ხოლმე — როცა ადამიანს განსაკუთრებული ნიჭი ზევიდან აქვს მომადლებული, ბედი მაინც მიიყვანს იქ, სადაც საჭიროა.

1993 წლის ოქტომბერში მოსკოვში ჩავიდა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჩოგბურთელი მარტინა ნავრატილოვა და ჩაატარა ე.წ. მასტერ-კლასი. როდესაც ის პატარა მაშას ეთამაშა, მივიდა მის მამასთან და უთხრა, რომ ბავშვს განსაკუთრებული ნიჭი და მონაცემები აქვს, და ურჩია — შეეყვანა ის ამერიკის ნიკ ბოლეტიერის ჩოგბურთის აკადემიაში, რომელიც ფლორიდის შტატის ქალაქ ბრეიდენტონში მდებარეობს.

მარია შარაპოვამ პირველი ადგილი პირველად მოიპოვა 13 წლის ასაკში, ტურნირზე ტოკიოში და მას შემდეგ 28-ჯერ დადგა ამაყად კვარცხლბეკის ყველაზე საპატიო საფეხურზე.

მარია შარაპოვას ეკუთვნის რეკორდი, რომელიც დაფიქსირებულია მსოფლიო ჩოგბურთში. მან მოუგო ყველას ინდიან-უელსის ტურნირში და გახდა მე-6 ჩოგბურთელი, ვინც ზედიზედ 11 სეზონის განმავლობაში მინიმუმ ერთი ტურნირის მოგება შეძლო.

2005 წელს 18 წლის მარია შარაპოვა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ქალების რეიტინგში პირველ ხაზზე ავიდა და კიდევ ხუთჯერ გაიმეორა ეს წარმატება. აღსანიშნავია, რომ მაშა 2013 წელს მეცხრედ იქნა აღიარებული მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენ ქალად. 2006 წელს ის, ჟურნალ Sports Illustrated-ის ვერსიი, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ სპორტსმენ ქალბატონად აღიარეს. შარაპოვა გახლავთ კომპანიების — TAG Heuer, Evian, Avon, Porsche, Samsung, Colgate, Palmolive-ის სახე… ის ატარებს Nike-ის სპორტულ ფორმას და Head-ის ჩოგნით თამაშობს. მან კატეგორიული უარი განაცხადა სამოდელო ბიზნესზე, მაგრამ შექმნა კამფეტების და მოდური აქსესურების ხაზი საკუთარი ბრენდით. 2016 წელს ჩააბარა ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში. მისი საყვარელი საჭმელია — სენდვიჩები შემწვარი ყველით. ისიც ჯეიმს ვუდსივით ამბიდექსტრია და ერთნაირად კარგად თამაშობს ორივე ხელით. ფეხის ზომა 43 აქვს (რაც მე განსაკუთრებით მახარებს). და კიდევ ერთი რამ, რაც შარაპოვას ძალიან დადებითად ახასიათებს — მრავალგზის შეთავაზების მიუხედავად მან არ შეიცვალა მოქალაქეობა.

2016 წლის 8 ივნისს, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ანტიდოპინგური კომიტეტის გადაწყვეტილებით, მარია შარაპოვამ მიიღო ორწლიანი დისკვალიფიკაცია პრეპარატ მელოდონიუმის მიღების გამო, თუმცა მან განაცხადა, რომ პრეპარტს იღებდა მხოლოდ თერაპიის მიზნით. აპელაციის შემდეგ მაშას ეს ვადა 15 თვემდე შეუმცირეს. ასე რომ, მას უკვე სულ მალე — 26 აპრილს დიდ სპორტში დაბრუნება შეუძლია.

დღეს მაშას 30 წელი უსრულდება, მაგრამ ჩვენი აივნის სტუმრებს ერთ საიდუმლოს გაგანდობთ — მან წელს თავისი „იუბილე“ უკვე გადაიხადა გასულ „უიკენდზე“, ჰოლივუდის ცნობილ რესტორანში A.O.C., სადაც რამდენიმე ყველაზე ახლობელი ადამიანი მიიწვია. ჟურნალისტებმა კი ერთხმად აღნიშნეს, რომ შესანიშნავი, გიპიურიანი შავი კაბა ეცვა და გადასარევადაც გამოიყურებოდა…

რამდენიმე დღით ადრე კი ბრიტანულ ჟურნალ Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შარაპოვამ განაცხადა, რომ როდესაც ის დოპინგის მიღებაში დაადანაშაულეს, მას გაგონილიც არ ჰქონდა სიტყვა „მელდონიუმი“. ის ფიქრობდა, რომ იღებდა წამალ „მილდრონატს“. მაშამ ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე სერიოზული რომანის მიუხედავად ამჟამად ის მარტოა, მაგრამ ზუსტად იცის, როგორი მამაკაცი იქნება მის გვერდით — საკუთარ თავში დარწმუნებული. „მე არ მჭირდება ღრმა აღფრთოვანება, კონსტრუქციული კრიტიკა უფრო მეტ სტიმულს მაძლევს“, — განაცხადა მან.

მარია შარაპოვაზე ადრე თითქმის არფერი არ ვიცოდი და ძალიან მიხარია, რომ ცოტათი მინც გავიცანი ეს საინტერესო, მიზანდასახული, ძლიერი და ნიჭიერი ადამიანი…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და მაშა შარაპოვასავით წარმატებულ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0