ჯეიმს ვუდსი - ჰოლივუდელი არბიდექსტრი

© Flickr/ Jeff Turnerჰოლივუდი
ჰოლივუდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს თბილისურ აივანზე ამობრძანდება ძალიან დახვეწილი ჰოლივუდის კინოვარსკვლავი, რომელიც ამავე დროს, ითვლება ძალიან სერიოზულ ადამიანად. მისი ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) უტოლდება 180-ს და ის შედის 2016 წელს გამოქვეყნებულ — მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანის ტოპ 10-ეულში. თანაც, ის ერთნაირად კარგად ხმარობს მარცხენა და მარჯვენა ხელს. აქამდე არ ვიცოდი და თურმე ასეთ ადამიანებს უწოდებენ ამბიდექსტერებს (ლათინურად ambi — ორივე, dexter — მარცხენა). მიუხედავად ამისა, თავად მსახიობის თქმით, სანამ ის მიიღებდა თავის პირველ მთავარ როლს, მას მოუწია 125-ზე მეტ სპექტაკლში და ფილმში მონაწილეობამ… ეს კი გახლავთ ჯეიმს ვუდსი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1947 წლის 18 აპრილს, იუტას შტატის ქალაქ ვერნალში.

ჯეიმს ვუდსი დაიბადა პროფესიონალი სამხედროს ოჯახში, სადაც მას ძალიან მკაცრად ზრდიდნენ. გამოსაშვებ გამოცდაში მიიღო უმაღლესი ქულა ინგლისურ ენაში და მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სრული სტიპენდია. ინსტიტუტში ჩაბარებისას, მან აირჩია პოლიტოლოგის სპეციალობა, მაგრამ 1969 წელს თავი დაანება სწავლას და გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც დაიწყო მონაწილეობა ბროდვეის დადგმებში, შემდეგ კი ფილმებშიც, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია…

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჯეიმს ვუდსის „ვარსკვლავური საათი“ დაიწყო სერჯო ლეონეს ფილმიდან „ერთხელ ამერიკაში“, რომელშიც ის მაქსიმილიან ბერკოვიჩის (მაქსის) როლში ღირსეულ პარტნიორობას უწევდა რობერტ დე ნიროს. სხვათაშორის, მაქსის როლის თამაშზე სერიოზულ პრეტენზიებს გამოხატავდა ჟერარ დეპარდიე, რომელიც დაპირდა რეჟისორს, რომ ამ ფილმში მონაწილეობისთვის, მზად არის გამოიმუშავოს ამერიკული აქცენტიც კი… შემდეგ ამ როლზე სინჯები გაიარა რობერტ დე ნიროს უახლოესმა მეგობარმა, ჯო პეშიმ, მაგრამ წარუმატებლად, რის შემდეგაც, მას ფილმში ფრენკის როლი ხვდა წილად. ისე კი, ვუდსი მართლაც შესანიშნავია და ვერც კი წარმომიდგენია ამ როლში ვინმე სხვა… განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი და დე ნიროს შეხვედრის ბოლო სცენა…

ფილმს „ერთხელ ამერიკაში“ მოყვა ჯეიმს ვუდსის მონაწილეობა ოლივერ სტოუნის ფილმში „სალვადორი“, სადაც ის ანსახიერებს ამერიკელი ჟურნალისტის, რიჩარდ ბოილის როლს და მას პარტნიორობას უწევს ჯეიმს ბელუში. კრიტიკოსების შეფასებით, სწორედ ჯეიმს ვუდის შესანიშნავი თამაში გახდა ფილმის წარმატების საწინდარი… ამ როლისთვის მსახიობი მამკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ნომინირებული იყო „ოსკარზე“… მაგრამ იმ წელს „ოსკარი“პოლ ნიუმენს ერგო…

ალბათ, ყველას გახსოვთ ერთ დროს ძალიან პოპულარული ფილმი „სპეციალისტი“, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ სილვესტრ სტალონე, ჯეიმს ვუდსი, და შერონ სტოუნი. ყვებიან, რომ ფილმის პირველი ვარიანტი იყო უფრო ხანგრძლივი, მაგრამ სტალონემ მოითხოვა ის შეემოკლებინათ, ჯეიმს ვუდსის სცენების ხარჯზე…

ასევე, სავარაუდოდ, ნანახი გაქვთ მარტინ სკორსეზეს მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „კაზინო“, რომელშიც ჯეიმს ვუდსი კვლავ უწევს ღირსეულ პარტნიორობას რობერტ დე ნიროსა და შერონ სტოუნს…

არანაკლებად წარმატებულია ჯეიმს ვუდსის კარიერა ტელევიზიაშიც. პოპულარულ ტელესერიალ „ჰოლოკოსტში“ მონაწილეობის შემდეგ, ის გადაიღეს უამრავ სატელევიზიო პროექტში და არაერთხელ გახდა „ემის“ პრემიის ლაურეატი.

მე, მაგალითად ძალიან გირჩევთ, თუ არა გაქვთ ნანახი, ნახოთ სერიალი-დრამა „ზვიგენი“ (“Shark”), რომელშიც ვუდსი შესანიშნავად ასრულებს ყოფილი ადვოკატის, ამჟამად კი პროკურორის მოადგილის, სებასტიან სტარკის როლს…

აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ვუდსის კოლეგები, რომლებიც მასზე არანაკლებად ნიჭიერი და პოპულარული მსახიობები არიან, ყოველთვის ხაზს უსვამენ მსახიობის თამაშის ინტელექტუალურ მანერას და გარდასახვის შეუდარებელ ოსტატობას…

ჯეიმს ვუდსის ერთერთი სერიოზული ჰობი არის პოკერის თამაში… თანაც ეს მისთვის უბრალო გართობა არ გახლავთ. ის სისტემატურად მონაწილეობს სერიოზულ ტურნირებში და წარმატებებსაც აღწევს.

რაც შეეხება ვუდსის პირად ცხოვრებას. მისი პირველი მეუღლე იყო კოსტუმების გამფორმებელი, კეტრინ მორისონი, მაგრამ ისინი ერთმანეთს 3 წელიწადში დაშორდნენ. მეორე მეუღლე კი გახლდათ, მისი კოლეგა სარა ოუენი. მათი ქორწინება სულ რაღაც ერთი წელი გაგრძელდა…

ისე კი, ახლა რომ დავუკვირდი, ჯეიმს ვუდსი, როგორც წესი, უარყოფით როლებს თამაშობს, მაგრამ… მისი გმირები მაინც გარკვეულ სიმპათიებს იწვევენ… საერთოდ, ალბათ, უარყოფითი როლების თამაში დადებითზე გაცილებით რთულია, თანაც ისე, რომ ისინი საერთოდ არ გავდნენ ერთმანეთს და თითოეულს რაღაცა თავისი ქარიზმა დაჰყვებოდეს…

ერთხელ ვუდსმა განაცხადა: „მე საერთოდ წყნარი ბიჭი ვარ, მაგრამ თუ ადამინებს მოსწონთ იფიქრონ, რომ ასე არ არის… ვფიქრობ, რომ ეს კარგია“…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ჯეიმს ვუდსივით საინტერესო და ნიჭიერ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0