ხელოვნებით შენიღბული სევდა – თინათინ ხეიძის საუცხოო ნამუშევრები

© FB/ Tinatini Xeidzeთინათინ ხეიძის ნამუშევრები
თინათინ ხეიძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინათინ ხეიძე თვითნასწავლი ხელოვანია. როგორც თვითონ ამბობს, ცხოვრებაში საკმაოდ რთული გზა გაიარა, იყო მძიმე მომენტები, იმედგაცრუებები, მაგრამ ამ ყველაფრის დაძლევაში თავისი საქმიანობა – ხელნაკეთი ნივთების შექმნა ეხმრებოდა. როგორც ქალბატონმა თინათინმა აღნიშნა, ეს მისთვის განტვირთვისა და დასვენების საშუალებაა.

ამ ეტაპზე იგი დეკორატიული კვერცხების შექმნით არის დაკავებული. მისი საუცხოო, დახვეწილი ნამუშევრები მნახველში ყოველთვის იწვევს აღფრთოვანებას.

© FB/ Tinatini Xeidzeთინათინ ხეიძე
თინათინ ხეიძე - Sputnik საქართველო
თინათინ ხეიძე

— ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რომელიც 1990 წელს დავამთავრე. ძალიან ცოტა ხანი ვიმუშავე ჩემი პროფესიით. ყოველთვის მაინტერესებდა ხელსაქმე, ქსოვა, ქარგვა, კერვა, ამიტომ უფრო ეს გზა ავირჩიე. მახსოვს, თოჯინებს ვუკერავდი, ვუქსოვდი კაბებს, ხისგან, გირჩებისგან და სხვადასხვა ნარჩენებისგან დეკორაციებს ვაკეთებდი. ამ ხელნაკეთი ნივთების, ასევე საქორწილო დიზაინის შექმნა, რასაც დღეს ვაკეთებ, დაახლოებით ოთხი წლის წინ დავიწყე. ყველაფერი ინტერნეტის დახმარებით, ჩემით ვისწავლე. მხოლოდ ფლორისტიკის ორთვიანი კურსი გავიარე არაჩვეულებრივ პედაგოგთან ლუდმილა მორგოშიასთან. ავიღე შესაბამისი სერტიფიკატი. ეს დამჭირდა იმისთვის, რომ საქორწინო დიზაინის კეთება დამეწყო. როცა ქორწილების გაფორმება დავიწყე, იქ მჭირდებოდა რაღაც დეკორაციები, სხვადასხვა სახის ლამაზი ნივთები, ამიტომ გადავწყვიტე ეს ყველაფერი ჩემი ხელით გამეკეთებინა. დეკორაცია, რასაც მე დღეს ქორწილის გასაფორმებლად ვიყენებ, თითქმის ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული.

© FB/ Tinatini Xeidzeსაქორწინო დარბაზის დიზაინი თინათინ ხეიძისგან
საქორწინო დარბაზის დიზაინი თინათინ ხეიძისგან - Sputnik საქართველო
საქორწინო დარბაზის დიზაინი თინათინ ხეიძისგან

– კონკრეტულად რა ნივთებს ქმნით?

— მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ძალიან მომწონს შერეული ტექნიკა, დეკუპაჟის ტექნიკა. დეკუპაჟის ტექნიკით ძალიან ლამაზი გამოდის ზარდახშები, ალბომები და ა.შ. მუყაოსგან გამიკეთებია ზარდახშა. უნდა გადააკრა ქსოვილი, შეღებო, დააწებო სხვადასხვა ლამაზი ქვები, ქსოვილები და ა.შ. ძალიან ლამაზი გამოდის ამ მეთოდით გაკეთებული დეკორაცია, ნივთები. ვაკეთებ ჩარჩოებს, ალბომებს, ბლოკნოტებს.

© FB/ Tinatini Xeidzeთინათინ ხეიძის ნამუშევრები საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე
თინათინ ხეიძის ნამუშევრები საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე - Sputnik საქართველო
თინათინ ხეიძის ნამუშევრები საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე

– ასეთი მრავალფეროვანია თქვენი ხელოვნება. როგორ ახერხებთ ამდენი ნივთის ერთდროულად შექმნას? თითოეული მათგანის შექმნა ხომ დიდ დროს მოითხოვს?

— დრო ყველაზე ბოლო პრობლემაა ჩემთვის. უმუშევარი ვარ, ამიტომ დრო ბევრი მაქვს. როცა ქორწილების შეკვეთა მაქვს, მაშინ ძალიან დატვირთული ვარ, მაგრამ ეს არც ისე ხშირად ხდება.

მე, რომ ეს საქმე არ ვაკეთო, ისე ვერ ვიარსებებ. როგორც სუნთქვა გინდა ადამიანს, ისე მინდა მეც ყოველთვის ახალი და საინტერესო ნივთების შექმნა. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი თერაპია. ძალიან რთული პირადი ცხოვრება მაქვს, ბევრი სირთულეები მქონდა ცხოვრებაში, ეს ძალიან მშველის რთული პერიოდის დროს, გამოვყავარ მდგომარეობიდან. ჩემთვის სხვა გართობის, ან განტვირთვის საშუალება არ არსებობს. უნდა ვიჯდე და ეს ნივთები ვაკეთო. რაღაც ნივთს რომ გავაკეთებ, ვცდილობ იმაზე არ გავჩერდე და შემდეგ ჯერზე ახალი შევქმნა. უფრო დავხვეწო ტექნიკა, ვისწავლო ახალი ხერხები. ცდილობ დღესასწაულებზე თემატურად შევქმნა ნამუშევრები. ახალ წელს მქონდა ულამაზესი ნივთები, ამ ნივთებთან შარშანდელი ნამუშევრები, ვფიქრობ, ვერ მოდის და ისე აღარ მომწონს, როგორც მაშინ მომწონდა.

© FB/ Tinatini Xeidzeხელნაკეთი კვერცხები
ხელნაკეთი კვერცხები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი კვერცხები

– ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია დეკორატიულმა კვერცხებმა. ალბათ ესეც თემატურად, სააღდგომოდ დაამზადეთ.

— ამ ეტაპზე აღდგომის თემით ვარ დაკავებული. შეკვეთა მაქვს მიღებული, ვაკეთებ უზარმაზარ ხეს, რომელზეც ეკიდება ჩემი გაკეთებული სააღდგომო კვერცხები. ისრაელიდან შემიკვეთეს ეს ხე.

– ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება თქვენი გაკეთებული კვერცხები. რა მასალას იყენებთ მათ შესაქმნელად?

— რაც შეეხება მასალას, ყველაფერი შეიძება გამოვიყენოთ. ცოცხალი კვერცხის ნაჭუჭზე არ მიმუშავია, არც თიხაზე, რადგან მძიმეა. ძირითადად ვიყენებ პენოპლასტს და პლასტმასას. ძალიან კარგად მომყვება ხელში ეს მასალა. ეს უნდა დამუშავდეს. ვიყენებ ქაღალდს, წებოს, აკრილის საღებავებს, ლამაზ არშიებს, გიპიურის ქსოვილებს და ა.შ. ძალიან ალამაზებს კვერცხებს წვრილი, პატარ–პატარა დეტალები. ძალიან მნიშვნელოვანია ფერების შეხამება. ყველაფერი არის ეკოლოგიურად სუფთა მასალა.

© FB/ Tinatini Xeidzeხელნაკეთი კვერცხები
ხელნაკეთი კვერცხები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი კვერცხები

– ხატვაც გეხერხებათ?

— საერთოდ არ მეხერხება ხატვა. რომ მითხრა რამე ყვავილი დახატეო, ვერ დავხატავ. აი, ამ ნივთების შექმნა კი მეხერხება.

– სახელოსნო გაქვთ, სადაც მუშაობთ?

— ერთ ოთახში ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი. საწყობიც აქ მაქვს, სახელოსნოც და სახლიც. დიდი უწესრიგობა და ქაოსია ხოლმე ჩემ სახლში.

© FB/ Tinatini Xeidzeთინათინ ხეიძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
თინათინ ხეიძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - Sputnik საქართველო
თინათინ ხეიძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

– ჩვენს მკითხველს რაიმე მარტივი ნივთის შექმნას ხომ არ ასწავლით?

— თუ აიღებთ კვერცხის ფორმის რაღაც ბაზას, უნდა შეღებოთ აკრილის საღებავებით. თქვენი გემოვნებით, ქაოსურად მიაწებოთ არშიის ელემენტი, მძივი, ბუმბული და ა.შ. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი შექმნილი ნივთით ალამაზებ შენს გარემოს. ამ ბოლოს აღმოვაჩინე კონტურული საღებავი, რომლითაც შეგიძლიათ უბრალოდ ხატოთ კვერცხზე.

– პერსონალური გამოფენა თუ გქონიათ?

— მე ძირითადად შეკვეთებზე ვმუშაობ. როცა რამეს ვაკეთებ, მალევე იყიდება. პერსონალური გამოფენა, რომ გავაკეთო, არც ისე ცოტა ნამუშევარი უნდა მქონდეს. მაშინ 3–4 თვე არაფერი არ უნდა გავყიდო. მართალია, ეს ჩემი ძირითად შემოსავალი არ არის, მაგრამ მაინც დიდი დროა. როცა გამოფენებზე გამაქვს ნამუშევრები, თვალის დახამხამებაში იყიდება. თუ რამე რჩება, იმათ კიდევ გავაჩუქებ. ხელოვანისთვის დიდი ბედნიერებაა, როცა მისი ნამუშევრები ადამიანებს სიხარულს ანიჭებს.

ყველა ახალი ამბავი
0