ანდრეი ტარკოვსკის სარკეები...

© photo: Sputnik / Александр Макаров / გადასვლა მედიაბანკშიკინორეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი
კინორეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს მეც და ჩვენი აივანიც ცოტა დანბეულები ვართ… კონკრეტულად ვერც ეპოქა ვერ შევარჩიეთ, ვერც ადგილი, ვერც რეკვიზიტი და ვერც ერთი რომელიმე თემა… ისიც კი არ ვიცით, წინასწარ ამ ადესა — გარშემორტყმულ და გაზაფხულ-შემოპარულ აივანზე დავრჩებით, თუ გადავინაცვლებთ, მაგალითად შორეულ პლანეტა სოლიარისზე…

რა თმა უნდა, მიხვდით, რომ დღეს ჩვენი სტუმარია XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისიორი და სცენარისტი ანდრეი ტარკოვსკი, რომელსაც ცნობილმა ბრიტანელმა რეჟისიორმა და კინოპროდიუსერმა, დენი ბოილმა "კინემატოგრაფიის ღმერთი" უწოდა და რომელიც თავად ამბობდა — "თუ ჩემი ფილმის ჩვენების ბოლოს, კინოდარბაზში სულ 8 კაცი დარჩება, ეს იმას ნიშნავს რომ მე ამ 8 კაცისთვის ვმუშაობ"… და რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1932 წლის 4 აპრილს, ივანოვის ოლქის, იურევეცკის რაიონის დაბა ზავრაჟიეში…

ტარკოვსკის ფილმები მართლაც საოცარია და, ჩემი ზრით, პირველ რიგში იმის გამო, რომ ძალიან ეროვნულიადა ერთდოეულად, ზოგადსაკაცობრიოც… არ დავიღლები იმის განმეორებით, რომ როდესაც ადამიანში არის საკუთარი მიწა-წყლის და კულტურის გადამეტებული სიყვარული (კარგი გაგებით), ეს იმდენად ახლობელია სხვა ენისა და კულტურის მატარებლებისათვისაც, იმდენად უზომოდ გულწრფელი და გადამდებია, რომ ამას ყველა ბოლომდე იღებს და იზიარებს…

მეორე, რის გამოც განსაკუთრებით მიყვარს ამ დიდი შემოქმედის ნამუშევრები, არის ის, რომ თითოეული მათგანი ფილოსოფიური თემებით არის გამსჭვალული, რომელსაც აღიარებ და ეთანხმები, მაგრამ ყოველთვის გრჩება ადგილი და დრო —საკუთარი გულით და გონებით იმპროვიზაციისთვის… მის ნებისმიერ მინიშნებას, რომელიც დიდი ხანია ლოგიკურად აქვთ ახსნილი კინემატოგრაფიის კორიფეებს, საკუთარ განცდას უმატებ და თავად ხდები ამ ფილმების თანაავტორიც და თანამონაწილეც, რადგანაც მხოლოდ შენთვის გასაგებ დეტალებს და სიმბოლოებს პოულობ…

სადღაც, რაღაცა მომენტში, რომ ელოდი, სწორედ მაშინ, ქარმა დაუბერა, სადღაც ფოთოლი მოწყდა და შენ რომ გეგონა სწორედ იმ ადგილას დაეცა ფარფატით… მაშინ გაწვიმდა, როცა გული აგიჩქარდა და მზის სხივმაც მაშინ გაანათა ეკლესიის ფრესკა, როდესაც გულში რაღაცაზე ლოცვა დაიწყე…

გარდა ამისა, ტარკოვსკის ფილმები სტატიკური არ არის… თეატრში ერთი და იმავე სპექტაკლზე დასწრება აბსოლუტურად მისაღებია, რადგანაც, ერთი და იგივე მსახიობიც კი ორჯერ ერთნაირად არ ასრულებს ერთსა და იმავე როლს… აი, ტარკოვსკის ფილმებზეც ბევრჯერ შეიძლება დასწრება… ისინი, როგორც სხვადასხვა ასაკში წაკითხული წიგნები, შენთან ერთად იცვლებიან…

და ყოველივე ამის უკან დგას ამ პროცესის წარმართავი, შესანიშნავი ჯადოქარი და მაგი, რომელსაც ანდრეი ტარკოვსკი ჰქვია…

ანდრეი ტარკოვსკი
ანდრეი ტარკოვსკი - Sputnik საქართველო
ანდრეი ტარკოვსკი

რ არსებობს ანდრეი ტარკოვსკის არცერთი ფილმი, რომელზეც საათობით საუბარი არ შეიძლებოდეს… უფრო სწორედ, იმ განცდებსა და გრძნობებზე, რომლებსაც ისინი შენში იწვევს… ყველას თავისი საკუთარი ტარკოვსკი ჰყავს და, სავარაუდოდ, მისი გამორჩეული ფილმიც…

პირადად ჩემთვის, ეს პირველ რიგში — "ანდრეი რუბლიოვია"… სცენარი ამ ფილმისთვის ტარკოვსკიმ დაწერა რეჟისორ ანდრონ კანჩალოვსკისთან ერთად და მისმა გამოქვეყნებამ ჟურნალში "კინოს ისტორია" შემოქმედებით სამყაროში ფურორი მოახდინა. სწორედ ამ პუბლიკაციას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ტარკოვსკისთან სინჯებზე მივიდა მისი მთავარი მსახიობი და თალისმანი, სვერდლოვსკის თეატრის მსახიობი, შესანიშნავი ანატოლი სოლონიცინი… მან არც კი იცოდა, შეარჩევდა თუ არა მას რეჟისორი როლისთვს, მაგრამ წაიკითხა თუ არა სცენარი, უყოყმანოდ დატოვა თეატრი და გადმოვიდა მოსკოვში…რუბლიოვის როლზე სინჯები გაიარეს უნიჭიერესმა და პოპულარულმა მსახიობებმა — ინოკენტი სმოკტუნოვსკიმ და სტანისლავ ლიუბშინმა, მაგრამ ტარკოვსკიმ არჩევანი იმ დროსითვის უცნობ სოლონიცინზე შეაჩერა… საინტერესოა, რომ თავად სოლონიცინი ამბობდა, რომ მსახიობს არ უნდა გააჩნდეს როლის საკუთარი კონცეფცია… ის უნდა ჩამოგავდეს სუფთა ფურცელს, რომელზეც რეჟისორი თავის სურათს დახატავს…

ტარკოვსკისთან მუშაობის დაწყებით, სოლონიცინმა პრაქტიკულად ცხოვრება დაიწო სუფთა ფურცლიდან… თავად ფილმზე საუბარი რთულია და არავითარი უფლებაც არა მაქვს, როგორც არაპროფესიონალმა, ის შევაფასო, მაგრამ დღემდე თვალწინ მიდგას კადრები ამ ფილმიდან… თითქმის სიტყვა-სიტყვით მახსოვს ანდრეი რუბლიოვისა და თეოფანე ბერძენის კამათი და თეოფანეს სიტყვები — "ქრისტე დედამიწაზე ისევ რომ მოსულიყო, მას კვლავ ჯვარს აცვამდნენ!"

თავად ტარკოვსკი ამბობდა, რომ მისი ეს ფილმი, რომელიც მსოფლიო კინოს ისტორისაში საუკეთესო ფილმების 10-ულში შევიდა, სულ 2 იდეას ემსახურება. პირველია ის, რომ ადამაინების ცხოვრება ჰარმონიული და სრულყოფილი რომ ყოფილიყო, მაშინ ხელოვნებაც არ გახდებოდა საჭირო… და მეორე კი ის, რომ შეუძლებელია საკუთარი გამოცდილება სხვას გადასცე ან თავს მოახვიო, რადგანაც თითოეულ ადამიანს გააჩნია საკუთარი გამოცდილება და როდესაც ის მას ბოლომდე მიიღებს, გარდაიცვლება ხოლმე…

ანდრეი ტარკოვსკის არაჩვეულებრივი მშობლები ყავდა… დედა — მარია ვიშნიაკოვა, ძველებური რუსული თავადური გვარის, დუბსოვების შთამომავალი… მან, ისევე როგორც ანდრეის მამამ, ცნობილმა პოეტმა და თარჯიმანმა, არსენი ტარკოვსკიმ, დაამთავრა მოსკოვის ლიტერატურული ინსტიტუტი… კარგი მშობლები თავისთავად საწინდარი და სტიმულია ყველა ადამიანის ცხოვრებაში და ანდრეი ტარკოსვსკიც თავის გამოსვლებში და მთელ შემოქმედებაში სულ უსვამდა ხაზს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მშობლებისადმი. ის დედაზე მოყოლისას, ამბობდა "ცხოვრება იყო უსაშველოდ რთული, მაგრამ ყველაფერი, რასაც მე ცხოვრებაში მივარწიე — ჩემი დედის დამსახურებაა"… მამაზე კი ამბობდა, რომ ის დიდი რუსი პოეტი იყო, რადგანაც არცერთი ლექსი არ დაუწერია ფულის ან წოდების გამო…

გთავაზობთ არსენი ტარკოვსკის შესანიშნავ ლექსს…

ანდრეი ტარკოვსკის ცხოვრებაში რამდენიმე დიდი სიყვარული იყო… მისი პირველი მეუღლე იყო ირმა რაუში, რომელიც მან ჯერ კიდევ კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლის დროს გაიცნო. ანდრეის თქმით, ირინა ყოველთვის და ყველაფერში გვერდით ედგა… სამწუხაროდ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ტარკოვსკის მეორე მეუღლე კი გახდა ლარისა კიზილოვა, რომელიც რეჟისიორმა ფილმი "ანდრეი რუბლიოვის" გადაღებისას გაიცნო და ვის გამოც მეუღლე მიატოვა… მათ საოცარი და უცნაური ურთიერთობები ჰქონდათ. ლარისა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში "თქვენობით" მიმართავდა და ბოლო დღემდე შეყვარებული იყომასში… როდესაც ანდრეი გარდაიცვალა, ძალიან ცოტა ხანში გარდაიცვალა ლარისაც… ცხოვრების ბოლოს კი, ტარკოვსკის ჰქონდა რომანი ნორვეგიელ მოცეკვავესთან, რომელმაც, რეჟისორს ვაჟიც გაუჩინა. სამწუხაროდ რეჟისორმა მისი ნახვა ვეღარ მოასწრო…

შემოქმედებით ხალხს ბევრი რამე ეპატიება, მათ შორის პირად ცხოვრებაშიც…

ერთი კი ცხადია, ანდრეი ტარკოვსკის ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მანდილოსნების მიმართ…

ანდრეი ტარკოვსკის ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია იყო მისი ემიგრაცია… ეს მკაფიოდ ჩანს მის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ გადაღებულ ფილმებში… ის გარდაიცვალა 1986 წლის 9 დეკემბერს, ქალაქ რაიზში, სულ რაღაც 54 წლის ასაკში…

მას აუსრულებელი დარჩა ერთი დიდი ოცნება — უნდოდა დაედგა ფილმი "ჰამლეტი", რომელშიც დანიელი პრინცის როლს ითამაშებდა მისი საყვარელი მსახიობი ანატოლი სოლონიცინი…

გთხოვთ მაპატიეთ იმისთვის, რომ განსაკუთრებული ადგილი ვერ დავუთმე ტარკოვსკის "სარკეს" და "სტალკერს"… "ნოსტალგიას" და "ივანეს ბავშვობას"… ემოციები აღარ მეყო… მთავარია, თქვენ ხომ გაგახსენეთ…

ბოლოს კი მინდა დავასრულო დიდი შემოქმედის, ანდრეი ტარკოვსკის საოცარი სიტყვებით…

"საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მოგონილ სამყაროში, რომელსაც თავად ვქმნით… ამიტომაც დამოკიდებულები ვართ მის ნაკლოვანებებზე… არა და, შეგვიძლია, რომ მის ღირსებებზე ვიყოთ დამოკიდებულები"…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ანდრეი ტარკოვკის ფილმებივით ამაღლებულ დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0