შიში არის "გარანტინო", თუ გვერდშია ტარანტინო...

© photo: Sputnik / Сергей Пятаков / გადასვლა მედიაბანკშიკვენტინ ტარანტინო
კვენტინ ტარანტინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ნურავის გაუკვირდება, ჩვენ აივანზე მთლად შემოტკეცილ, მედდის თეთრ ხალათში თუ გავივლი და გამოვივლი — წინ და უკან, თანაც ადმირალ ნელსონივით, ცალთვალახვეული…

აი, მაგალითად, ასე:

რადგანაც ჩვენი დღევანდელი სტუმარია საშინელებების მეფე, ტრილერების მეუფე, სისხლიანი და უკომპრომისო კვენტინ ტარანტინო, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1963 წლის 27 მარტს ტენესის შტატის ქალაქ ნოქსფილში.

ტარანტინო, მისი თქმით, არასდროს არ დაბორიალობს საბილიარდოებში, არ თამაშობს პოკერს და არ ესწრება სპორტულ შეჯიბრებებს, რადგან მათ ყურებას ტელევიზორშიც კი წამებად მიიჩნევს.

თუმცა, იგივე ტარანტინო ბორის პასტერნაკის საფლავთან დამხობილიც უნახავთ, რომელიც თავის კერპად მიაჩნია.

ძნელია იმის ახსნა, თუ რატომ მიყვარს კვენტინ ტარანტინო ასე განსაკუთრებით.

შეიძლება იმის გამო, რომ ფილმში "უსახელო ნაბიჭვრები" (უკაცრავად დასახელებისთვის) ისტორიული ფაქტების გვერდის ავლით და მათი სრული იგნორირებით უნდოდა და მოკლა ჰიტლერი პარიზის კინოთეატრში და ყველამ დავიჯერეთ…

ან კიდევ იმის გამო, რომ შეუდარებელ უმა თურმანს მოუძებნა "სუსტი წერტილი", ანუ — ფეხის ზომა 42 ნახევარი და ისე ლამაზად გაათამაშა, რომ დღეს ამაყად შევცქერი ჩემს 41-ზომიან ფეხებს…

ჩემი აზრით, ტარანტინო იმითიცაა მაგარი, რომ მისი ფილმი "მოკალი ბილი 2", არაფრით ჩამორჩება ფილმს "მოკალი ბილი", როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ფილმების ხელოვნური და უაზრო გაგრძელებისას. უმა თურმანიც ისევე შესანიშნავია, ბილიც საიდუმლოს ბოლომდე ინახავს, სწორედ იმ, "ხუთთითიან კომბინაციას", რომლითაც უმა თურმანი მას ფილმის ბოლოში ბოლოს უღებს…

რეჟისორის პირველი ფილმი, რომელმაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა, იყო "მაკულატურა", სადაც უმა თურმანი მიას როლში აბსოლუტურად სხვანაირია და სულ არ ჰგავს "შავ მამბას".

მისი საცეკვაო დუეტი ჯონ ტრავოლტასთან კი დღემდე ჰოლივუდის ყველაზე შესანიშნავი ცეკვების პირველ ათეულში შედის.

თავად კვენტინს მიაჩნია, რომ მისი საუკეთესო ფილმი იყო "ცოფიანი ძაღლები", რომლის სცენარი სულ რაღაც სამ კვირაში დაწერა და რომელშიც ძალიან ბევრი ძალადობის სცენაა. მაგრამ ყველაფერ ამას ამართლებს თუნდაც ერთი ეპიზოდი, რომელშიც პოლოციელი ტიმ როტის შესრულებით სიკვდილის წინ ეხუტება ბანდიტს, რომელსაც ჰარვი კეიტელი ასრულებს. სიკვდილის წინაშე ხომ ყველა თანაბარია…

ახლა კი ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ — კვენტინ ტარანტინო "უდიპლომო სასიძოა". უფრო მეტიც — საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატიც კი არა აქვს.

ის არასდროს არ ყოფილა დაქორწინებული, მაგრამ უამრავი სასიყვარულო რომანი ჰქონია, უმთავრესად მსახიობ ან რეჟისორ ქალბატონებთან. ის ყოველთვის კატეგორიულად უარყოფს თავის რომანს უმა თურმანთან და გამუდმებით იმეორებს, რომ უმა იყო და რჩება მისთვის მხოლოდ მუზა, შესაბამისად, მუზასავით ამაღლებული და ხელშეუხებელი. თუმცა, რეჟისორი იმასაც ამბობს, რომ თუ ოდესმე, 60 წელს გადაცილებული, ცოლს მოიყვანს, ის აუცილებლად უმა თურმანს ემსგავსება.

კვენტინ ტარანტინო კინოში რეკლამებს ვერ იტანს და ამიტომაც მისი გმირები ყოველთვის მის მიერ გამოგონილი ფირმა Red Apple-ის სიგარეტებს ეწევიან.

სხვათა შორის, მას ძალიან მოსწონს რუსული ფილმი "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა", განსაკუთრებით კი ის სცენა, სადაც გოშას, იგივე გოგას ჭუჭყიანი ფეხსაცმელი აცვია.

ტარანტინოს ერთ-ერთი ბოლო ფილმია "უსახელო ნაბიჭვრები", რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის კინოვარსკვლავი ბრედ პიტი ასრულებს. მაგრამ სინამდვილეში ფილმის მთავარი პერსონაჟი ავსტრიელი მსახიობი კრისტოფ ვალცია, რომელიც შესანიშნავად ასრულებს ჩუმი და ინტელიგენტი პოლიგლოტი ნაცისტის როლს, რომელმაც მას "მეორე პლანის საუკეთესო როლისთვის" "ოსკარი" და "ოქროს გლობუსიც" მოუტანა. კინოკრიტიკოსების შეფასებით, ვალცი ამ ფილმის "მარგალიტი" და "ტარანტინოს საიდუმლო იარაღი" გახდა. სხვათა შორის, თავიდან გერმანელი შტანდარტენფიურერის როლზე ტარანტინოს ლეონარდო დი კაპრიოს მოწვევა უნდოდა, მაგრამ ბოლოს მას გერმანულენოვანი მსახიობი ამჯობინა, ვფიქრობ, რომ არც შემცდარა.

რაც შეეხება ჰიტლერის ბუნკერამდე (პარიზის კინოთეატრში) მოკვლის იდეას, ის ტარანტინოს მიაწოდა მსახიობმა ტილ შვაიგერმა, რომელსაც თურმე ბავშვობიდან, 13 წლის ასაკიდან ოცნებად ჰქონდა გადაქცეული… მაინც და მაინც ჰიტლერის მოკვლა.

ტარანტინოს ფილმი — "ჯანგო გათავისუფლებული" ძალიან განსხვავდება მისი სხვა ფილმებისგან — ის შესრულებულია ე.წ. "სპაგეტი-ვესტერნის" ჟანრში. ფილმის გადაღების წინ ტარანტინომ განაცხადა, რომ აპირებს ფილმის გაკეთებას ამერიკის ისტორიის იმ ფურცლებზე, რომელზეც თავად ამერიკას საუბარი ერიდება, ხოლო სხვები თვლიან, რომ ამის უფლება უბრალოდ არა აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ამ ფილმში მონაწილეობისთვის კრისტოფ ვალცმა კიდევ ერთხელ მიიღო "ოსკარი" — "მეორე პლანის როლის საუკეთესო შესრულებისთვის".

ტარანტინომ, საერთოდ, შესანიშნავად იცის მსახიობების შერჩევა, რაღაც სხვა გუმანით. უმა თურმანი, ტიმ როტი, ბრიუს უილისი, ჰარვი კეიტელი, მაიკლ მედსენი, სემიუელ ჯექსონი, ჯონ ტრავოლტა, კრისტოფ ვალცი…

მისი ფილმებიც ყველასგან გამორჩეულია და, სხვათა შორის, ზოგჯერ ძალიან სიყვარულებიანიც. მაგალითად, სწორედ ტარანტინოს სცენარის მიხედვით არის გადაღებული შესანიშნავი ფილმი "ნამდვილი სიყვარული".

ტარანტინოს ამ რომანტიკულ ნოტაზე მინდა დაგემშვიდობოთ, ოღონდ სულ ცოტა ხნით, რადგან ამბობენ, რომ მალე გამოვა "მოკალი ბილი 3". ჰოდა, ვნახოთ, ვინ ვის დაასწრებს უცნაური და ნიჭიერი კაცის — კვენტინ ტარანტინოს ამ ახალი ფილმის ნახვას.

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და ტარანტინოსავით მომხიბვლელ დღეს!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0