შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი...

© courtesy of Otar Tchiladzeოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს განსაკუთრებული დილაა და საოცრად ვნერვიულობ. მარტო მე კი არა, ჩვენი გულიანი, განათლებული და ზედმიწევნით ინტელიგენტური თბილისური აივანიც. ბროწეული ცდილობს მეტად გამოიღოს კვირტები, ადესამ ცალი ტოტი გასწია და ტალავერის ზედა კიდეზე ლერწამი გადაივარცხნა, დანდურმა ქოთნიდან თავი წამოჰყო და ჩემთვის უცნობი პატარა ცისფერი ყვავილები ამის გამო ეჩხუბებიან, ისევე, როგორც მაყურებლები პარტერის წინა რიგში თმის მაღალი ვარცხნილობის მქონე ქალბატონს ან მთასავით ზორბა მამაკაცს, რომლებიც სცენას უფარავენ…

დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ შესანიშნავ ქართველ პოეტს, პროზაიკოსსა და დრამატურგს, შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლურეატს, ნობელის პრემიის ნომინანტს, ღირსეულ ადამიანს, მართალ და ალალ კაცს, კაცს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში ლამაზი ლექსივით კვალი დატოვა, კაცს, რომელმაც, ნამდვილად ვიცი, ცოტათი მაინც უკეთესები გაგვხადა.

ეს გახლავთ სხვანაირად ნიჭიერი, ძალიან თბილი და ტკივილამდე საყვარელი ოთარ ჭილაძე, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1933 წლის 20 მარტს ქალაქ სიღნაღში.

ბატონი ოთარი საოცრად მორიდებული და თავმდაბალი ადამიანი იყო. მისი ბიოგრაფია რომ გადაიკითხო, ერთი შეხედვით, თითქოსდა არაფერია სენსაციური. საერთოდ, ერთ რამეს დავაკვირდი, როდესაც ადამიანი სულით ძალიან მაღალია, სენსაციები არ უყვარს. იმიტომ კი არა, რომ მათი შექმნა არ შეუძლია ან ფანტაზია არ ჰყოფნის, უბრალოდ, იმიტომ, რომ ნაკლებად სცალია ამისთვის და ყველაფერი, რაც გასაკეთებელია, აკეთებს ჩუმად, უხმაუროდ და ღირსეულად…

მე არ მეგულება ქართველი ადამიანი, ვინც ბატონი ოთარის რამდენიმე ლექსი მაინც ზეპირად არ იცოდეს. არა, ჩვენ დროს ისინი სასკოლო პროგრამაში არ შედიოდა, მაგრამ შედიოდა ცხოვრების პროგრამაში…

პირველად მამამ წამიკითხა ბატონი ოთარის საბავშვო ლექსი „ზოოპარკი“, რომელშიც საოცარი იუმორით და ზუსტად არის გადმოცემული ცხოველების ქცევა. წარმოიდგინეთ, დღემდე მახსოვს ნაწყვეტები ამ ლექსიდან:

კენგურუ სწრაფია, როგორც ენგური.

“ენგურო” უნდა ერქვას კენგურუს.

ან

ისე მოდის ბეგემოტი,

თითქოს იცის, რისთვის მოდის…

როდესაც რომანტიკულ ასაკში ვიყავი, ორი პოეტი მყავდა გვერდით, ვისი ლექსებიც განსაკუთრებით მაწყნარებდა და ვისაც ვანდობდი ჩემს გულისტკივილს. ერთი ქალბატონი იყო — ანა ახმატოვა, რომელიც, როგორც ქალი, ჩემსავით ხშირად უშვებდა შეცდომებს, მეორე კი ბატონი ოთარ ჭილაძე, რომელიც როგორც მამაკაცი, თავშეკავებულობისკენ მომიწოდებდა.

აბა, როგორ შეიძლება, გულამდე არ ჩაგწვდეს ეს სიტყვები:

მე მინდა: ერთხელ დაგკარგო უცებ

და სხვანაირი გიპოვო მერე…

სწორედ ამ ლექსს („სახურავებზე“) მიუძღვნა კომპოზიტორმა ზაურ ბოლქვაძემ მუსიკალური ჩანახატი:

ისე კი, ყველაზე-ყველაზე ძალიან მიყვარს ბატონი ოთარის ლექსი „გარეთ ისევ წვიმს“:

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,

გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.

მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,

მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს…

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს

საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც…

შენ ხარ — აქამდე რაც უნდა მეთქვა,

შენ ხარ — ოთახში ჰაერზე მეტი!

მერე, ცოტა რომ წამოვიზარდე, დავიწყე ბატონი ოთარის პროზის კითხვა და ეს იყო ჩემთვის ამ დიდი კაცის თავიდან გახსნა და შეცნობა. ჩემ ცხოვრებაში სულ რამდენიმე შემოქმედია, რომელთა ნაწარმოებების წასაკითხად უნდა მოვემზადო — ლამაზად მოვეწყო და ეს რაღაც რიტუალს ჩამოჰგავს. ერთ-ერთი მათგანია ოთარ ჭილაძე. ვერც კი წარმომიდგენია მისი პროზის წაკითხვა ძილის წინ საწოლში ან საუზმის დროს სასადილოში, რადგან მისი წაკითხვა და გაგება არის სწავლა. ყოველ ფრაზას აქვს მნიშვნელობა და ცოტა მერე რომ გადაიკითხავ, ეს მნიშვნელობაც იცვლება, რადგან მისი ნაწარმოებები არ არის სტატიკური. ისინი ცხოვრობენ, სუნთქავენ და შენთან ერთად იზრდებიან. მე ბატონი ოთარის პროზა მარკესს მაგონებს, თავისი სიღრმით, გულწრფელობით და მაგიით…

გახსოვთ? „ადამიანი წისქვილივითაა, რასაც დააყრი დაფქვავს, მაგრამ, წისქვილისგან განსხვავებით, ის მაინც უნდა იცოდეს, რასა ფქვავს“… აი, ბატონ ოთარს რომ ვკითხულობ, ვიცი რასაცა „ვფქვავ“.

კიდევ გარკვეული წლების შემდეგ, სადღაც ამოვიკითხე, რომ ბატონმა ოთარმა დაიწყო ვან გოგის წერილების თარგმნა რუსულიდან ქართულად და ამბობდა, მართალია, თარჯიმნები ამბობენ, რომ ნაწარმოები უნდა თარგმო დედნის ენიდან, მაგრამ სანამ მე ფრანგულს ვისწავლი, ვან გოგი გაცოცხლდებაო… მისმა გულწრფელობამ და იუმორმა გამაბედინა და მისი ერთი ლექსი „მარინა“ ვთარგმნე რუსულად.

მოკრძალებულად გთავაზობთ მის პატარა ნაწყვეტს და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამის უფლება თავის დროზე ბატონმა გურამ ასათიანმა მომცა.

ბატონ ოთარს კი ვერ ვაჩვენე – მომერიდა, ან შემეშინდა.

Марина, как же ты поймешь,

Ведь между нами целый год…

На улице все тот-же дождь 

Прохожим листья раздает…

Здесь снег прошел и словно долг

Он был тяжелым и седым,

Он мне на грудь и плечи лег

И побелил мои следы…

И каждый день он приходил…

И уносил, что только мог, 

Тебя куда-то уводил, 

Но разлюбить мне не помог.

მე ბატონი ოთარი გავიცანი სადღაც 70-იანი წლების დასაწყისში. მან თავისი ახლადგამოცემული შესანიშნავი ლექსების კრებული „გულის მეორე მხარე“ მაჩუქა. გულის არ ვიცი, მაგრამ მეორე სუნთქვა კი გამეხსნა, და დღემდე მყოფნის…

დღესაც, რამე რომ მიჭირს ან მილხინს, რამეზე დაფიქრება რომ მჭირდება, იმ ძველ, გახუნებულ პატარა და ნაცრისფერ კრებულს გამოვიღებ ხოლმე, რადგან ბატონი ოთარი დარჩა ჩვენთან და ჩვენში, ისევე, როგორც „თეთრ ხეზე ჩიტებს დარჩათ ეჟვანი“…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და პოეზიით სავსე დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0