18:53 23 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ხედი ძველ თბილისზე

ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფე, დაუდ ფაშად წოდებული, იფნისელი დათუნა მანველაშვილი!

© Sputnik / Alexander Imedashvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თამაზ ჩიქვანაია
2466280

18 მარტი ისტორიის დღე ყოფილა. დედამიწაზე 200 მეტი ქვეყანაა და ყველას თავისი, მეტ-ნაკლებად საინტერესო ისტორია აქვს.

სხვებისა რა მოგახსენოთ და მე ამ თარიღმა ის ქართველები გამახსენა, ვინაც სხვა ქვეყნების ისტორიას წერდნენ, მათთვის დიდება და სახელი მოჰქონდათ მაშინ, როცა საკუთარ სამშობლოში წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ვინ და ვისი გორისანი იყვნენ. სტუდენტობისას, შესანიშნავი მეცნიერის, ქალბატონ ეთერ სიხარულიძის დამსახურებით, პირველად გავიგე აღმოსავლეთში მოღვაწე, თავის დროზე მონებად გაყიდული ქართველების შესახებ. დღეს ერთ მათგანზე მოგითხრობთ.

მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში ქვემო ქართლის სოფელ იფნისიდან შვიდი წლის ბიჭი გაიტაცეს- სახელად დათუნა მანველაშვილი, რომელსაც 30 წლის მერე ერაყის სულთნისა და ამავდროულად ხალიფას ტიტულიც მიაკუთვნეს (მსგავსი რამ არც მანამდე და არც მერე არ მომხდარა). თავის თავს ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფედ მოიხსენიებდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება მეცხრამეტე საუკუნის ერაყის ოქროს ხანა. დაუდ ფაშად წოდებული იფნისელი ჭაბუკი იმდენად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ მტრად მოკიდებულ უძლეველ ოსმალეთის იმპერიაშიც უდიდეს პატივს სცემდნენ და როდესაც განგების ნებით თურქებთან გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდა (შავმა ჭირმა იმსხვერპლა დაუდ ფაშას ჯარის ნახევარზე მეტი), დასჯა ვერ შეჰბედეს, უფრო მეტიც, მალე იმპერიის პირველი ვეზირიც გახდა. მოგვიანებით, სახელმწიფო საქმეებს ჩამოცილებული, მედინაში გაემგზავრა და 1846 წელს პირადი თხოვნით, მუჰამედ წინასწარმეტყველის აკლდამის ზედამხედველად, "შეიხ ულ-ჰარამად" დაინიშნა. იგი დიდად ზრუნავდა ქალაქის კეთილმოწყობაზე – მედინის ერთ–ერთ გარეუბანში საკუთარი ხელით გააშენა მშვენიერი ბაღი, რომელსაც შემდეგ "დაუდიე" ეწოდა.

არაბი მეცნიერი ალ-აზ-ზავი აღნიშნავდა: – დაუდ ფაშა იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ფრიად განსწავლული, დიდი ფილოსოფოსი, კანონმდებელი, განმანათლებელი, რომელმაც ბრწყინვალე რეფორმების წყალობით ერაყი აღმავლობის გზაზე დააყენაო. ისტორიკოსი იზ-ად დინიუსეფი წერდა: – ის იყო უდიდესი ადამიანთაგანი, რომელიც თანამედროვეთაგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული იდეალებით. მშვიდობის დროს იყო მჭევრმეტყველი და მხიარული, ხოლო ბრძოლაში უმამაცესი. სიკეთესა და თავმდაბლობაში მას ბადალი არ ჰყავდაო… დაუდ ფაშას მოღვაწეობას დიდად აფასებს ცნობილი ინგლისელი მეცნიერი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ლონგრიგი: – მისი ფილოსოფია უფრო პროგრესული იყო, ვიდრე რომის იმპერატორ, მარკუს ავრელიუსისო…

ცნობილია დაუდ ფაშას ურთიერთობა საქართველოსთან, კერძოდ, ქართულად შედგენილი მისი წერილი დედისადმი, ქართული ასოები თავად აღარ ახსოვდა და წერილი სხვას დააწერინა 1821 წელს: "…მერმეთ ვითხოვთ თქვენი მოწყალე გულისაგან, რომ ლოცვით ნუ დამივიწყებთ. კაცი ქვეყანაზედ მოვა და ვენახს გააშენებს, რომ ნაყოფი მიიღოს, თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ, ვითხოვ თქვენი მოწყალე დედობისაგან, თუ შეგეძლოს, წამოსვლას ნუ დაიზარებთ, თქვენი ძე ბაღდადის ხელმწიფე დაუდ-ფაშა".

დაუდ-ფაშას რუსეთის იმპერატორის დახმარებით გამოუგზავნია ბაღდადიდან საგანგებო თანხა დედის, დებისა და ძმების გამოსასყიდად, რადგან ისინი თავად ორბელიანის ყმები ყოფილან. იმ ხანად, რუსეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობის გამო, რუსეთის ხელისუფალთ აწყობდათ ოსმალთა ურჩი ფაშას კეთილგანწყობა და სურვილი უყოყმანოდ შეუსრულეს.

დაუდ ფაშა 1851 წელს გარდაიცვალა მედინაში. სიკვდილის წინ დატოვა ანდერძი – მისთვის ძვირფასი ძეგლი არ აეგოთ. დასაფლავებულია წინასწარმეტყველ მუჰამედის საფლავიდან რიგით მეხუთე, ხალიფა ოსმანის გვერდით. აუარება ხალხი მიჰყვა დაუდ ფაშას უკანასკნელ განსასვენებლამდე. თუმცა არავინ უწყოდა, რომ ეთხოვებოდნენ არა "აღმოსავლეთის მზეს", არამედ ერთ უბრალო იფნისელ მანველაანთ დათუნას.

მთავარი თემები