ნახატებში შემორჩენილი იეზიდური ქორწილი, ანუ რაზე წუხს თბილისელი მხატვარი

© FB/ Base Jafarovaბასე ჯაფაროვა
ბასე ჯაფაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა

მის ნამუშევრებში ძველი თბილისის ნათელი სევდა, იეზიდების ჭრელა-ჭრულა სამოსში გამოწყობილი მაყრიონი და ის ზეიმია, რაც თან ახლდა მათი დოლივით მყვირალა, მაგრამ მოკრძალებულ და ფერად ქორწილს.

პროფესიონალი თბილისელი მხატვრის ბასე ჯაფაროვას შემოქმედებაში სწორედ ეს განწყობა და ფერებია შემორჩენილი.

© FB/ Base Jafarovaბასე ჯაფაროვას ნახატი
ბასე ჯაფაროვას ნახატი - Sputnik საქართველო
ბასე ჯაფაროვას ნახატი

ესპუბლიკურ გამოფენებში ის 70-იანი წლებიდან იღებდა მონაწილეობას, ამავე პერიოდში მისი ნამუშევრები დორტმუნდსა და საარბრიუკენში გამოიფინა. 1980 წელს თბილისში მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა. ის იყო სსრკ მხატვართა კავშირის წევრი, დღეს საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. ავსტრალია, რუსეთი, ისრაელი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იაპონია, უკრაინა, თურქეთი, ბელგია და ამერიკის შეერთებული შტატები — ეს ის ქვეყნებია, სადაც მის ნამუშევრებს იცნობენ.

– ქალბატონო ბასე, თქვენ ნახატებში თბილისისადმი მშობლიური დამოკიდებულება იგრძნობა…

— ალბათ იმიტომ, რომ ნაღდი თბილისელი ვარ, თბილისის ცენტრში, გრიბოედოვის 14-ში ვარ დაბადებული და რუსთაველზე გავიზარდე. ასე რომ, ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. მით უმეტეს, ძველი თბილისი. მიყვარს ძველი უბნები და ხშირად ვხატავ. კიდევ ზამთარი მიყვარს და ზამთრის თეთრ პეიზაჟებს უფრო ხშირად ვხატავ.

© FB/ Base Jafarovaბასე ჯაფაროვას ნახატი
ბასე ჯაფაროვას ნახატი - Sputnik საქართველო
ბასე ჯაფაროვას ნახატი

– რატომ ზამთარი, როცა ფაქტობრივად ერთი ფერი — თეთრია დომინანტი?

— რა ვიცი… ბოლო დროს ისეთი მომენტი მქონდა, რომ ზამთარში თოვლს ველოდებოდი, მინდოდა, რომ გადათეთრებული თბილისი მენახა და დამეხატა. მაგრამ თოვლი არა და არ მოვიდა. მერე მოვუხმე ფანტაზიას და წარმოვიდგინე, თოვლი რომ მოვა, ქალაქის ძველი სახლები როგორ გამოჩნდება, ჰოდა, ჩემ წარმოსახვაში მოსული თოვლი დავხატე. ზაფხულის თემებიც ბევრი მაქვს, მაგრამ ბოლო დროს მაინც ზამთარს მივეძალე…

© FB/ Base Jafarovaბასე ჯაფაროვა შვილიშვილებთან ერთად
ბასე ჯაფაროვა შვილიშვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
ბასე ჯაფაროვა შვილიშვილებთან ერთად

 

– თქვენ ნახატებში ნათელი სევდა ჩანს, ეს ძველი თბილისის დაკარგული ურთიერთობის გამოა თუ?

— ეს უფრო ნათელი სევდაა, მაგრამ მე კი არ მივტირი წარსულს, მიხარია, რომ იმ პერიოდს შევესწარი და ვნახე. რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ის კარგი და ნამდვილი ერთ დღესაც აღდგება და ყველაფერი ისევ ისეთი იქნება, როგორიც იყო… ძალიან მიყვარს ელენე ახვლედიანის შემოქმედება, მას აქვს თბილისი ძალიან ლამაზად დახატული. სტუდენტობის დროს ხშირად დავდიოდით ბოტანიკურ ბაღში, მერე ძველ თბილისში ჩამოვდიოდით და იმ უბნებში დავხეტიალობდით. ვცდილობდით, რასაც ვხედავდით, ჩვენებურად დაგვეხატა და გადმოგვეცა. იმ დროს მეიდანი ძალიან ლამაზი იყო. ჭრელ აბანოებთან სახლები უფრო ლამაზად ჩანდა, მეტეხიც…

© FB/ Base Jafarovaბასე ჯაფაროვას ნახატი
ბასე ჯაფაროვას ნახატი - Sputnik საქართველო
ბასე ჯაფაროვას ნახატი

– თქვენზე, როგორც მხატვარზე, ვინ იქონია გავლენა?

— ჩემზე, როგორც მომავალ მხატვარზე გავლენა მოახდინა ჩემი სკოლის ხატვის მასწავლებელმა, ქალბატონმა მარგო პოლონიკაშვილმა. სამხატვრო სკოლაში სწორედ მისი რჩევით შევედი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემია დავამთავრე. მერე კი მუსკომედიის სახელმწიფო თეატრში დავიწყე მუშაობა. რადგან გამოყენებითი ხელოვნება მაქვს დამთავრებული, თავიდან გობელენებს ვქსოვდი, თუმცა მათ ახლაც ვქსოვ და ჩემ ნამუშევრებში, როგორც გითხარით, ძველი თბილისის და ზამთრის თემას ვიყენებ.

© FB/ Base Jafarovaბასე ჯაფაროვას ნახატი "ლოცვა"
ბასე ჯაფაროვას ნახატი ლოცვა - Sputnik საქართველო
ბასე ჯაფაროვას ნახატი "ლოცვა"

– ქალბატონო ბასე, რა მოაქვს თქვენთვის ზამთარს?

— როგორ გითხრათ? ალბათ სიმშვიდე და სიმყუდროვე…

– თქვენს რომელიმე შთამომავალს ხომ არ გამოჰყვა ხატვის ნიჭი?

— არა, სამწუხაროდ, არავინ ხატავს.

– ვიცი, რომ ბევრი გამოფენა გქონდათ…

— დიახ, ბევრი იყო ჩემი ჯგუფური და პერსონალური გამოფენა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. საერთოდ ადრე თბილისში სისტემატური ხასიათი ჰქონდა საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებს, რომელსაც საქართველოს მხატვართა კავშირი აწყობდა. მახსენდება, რომ საგაზაფხულო გამოფენა ზეიმივით იყო, მასზე ყველა მოდიოდა და მეც მიხაროდა. ამ გამოფენების მიმართ ძალიან ნოსტალგიური განცდა მაქვს. ახლა ისინი აღარ ტარდება.

© FB/ Base Jafarovaბასე ჯაფაროვას ნახატი "ძველი თბილისი ზამთარი 2017"
ბასე ჯაფაროვას ნახატი ძველი თბილისი ზამთარი 2017 - Sputnik საქართველო
ბასე ჯაფაროვას ნახატი "ძველი თბილისი ზამთარი 2017"

– რომელ ქვეყნებშია თქვენი ნამუშევრები?

— ჩემი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კოლექციონერების ნუსხაშია. ეს ქვეყნებია: ავსტრალია, რუსეთი, ისრაელი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იაპონია, უკრაინა, თურქეთი, ბელგია და ამერიკის შეერთებული შტატები. უცხოეთიდან ხშირად მქონდა შეკვეთები, ზოგი ნახატი გავაჩუქე. 2002 წელს საბერძნეთში წავედი ემიგრაციაში და იქ 12 წელი დავრჩი, მაგრამ 2014 წელს მაინც საქართველოში დავბრუნდი, ხატვა გავაგრძელე და დღეს გამოფენებშიც ვიღებ მონაწილეობას.

– თქვენ ნამუშევრებში ქურთი ხალხის გენოციდის გამო განცდილი ტკივილიცაა…

— დიახ, ბოლო დროს ჩემ შემოქმედებაში ჩვენი ხალხის საშინელი გენოციდი აისახა, რაც ერაყში მოხდა. ჩვენ ხომ ამდენი წლის წინ საქართველოში ამ ამბის მერე მოვხვდით და დღესაც იგივე საშინელება ხდება… ამ თემამ ძალიან შემაწუხა და მასზე ბევრი ნამუშევარი მაქვს. თუ ღმერთის დახმარებით გამოფენა მოვაწყვეთ, ამ ნამუშევრებს აუცილებლად გამოვფენ.

რომელია თქვენი საყვარელი პერსონაჟი, რომელსაც ხშირად ხატავთ?

— ერთ ნამუშევარში ძველი რკინის ჩუქურთმიან კარებთან ორი ჩვენი ეროვნების, იეზიდი ქალი ზის და ჭორაობს — ეს პერსონაჟები მიყვარს. კიდევ მეეზოვეს ვხატავ ხოლმე, იეზიდების ქორწილი მაქვს ბევრჯერ დახატული.

– სხვათა შორის, თქვენებური ქორწილი მეც მინახავს და, ვფიქრობ, ის ძალიან დააკლდა თბილისის კოლორიტს…

— სამწუხაროდ, იეზიდები დღეს აღარ იხდიან ტრადიციულ ქორწილს და ამის დიდი ნოსტალგია მაქვს… არა, ქორწილს ახლაც იხდიან, მაგრამ ის უფრო ქართულს ჰგავს, ვიდრე ჩვენებურს. ჩვენებური ქორწილი მართლაც სხვანაირი სანახავი იყო: ფერად-ფერად ტანისამოსში გამოწყობილი ხალხი, დოლის ხმა, ჯგუფური ცეკვა — ეს ყველაფერი ნამდვილი ზეიმი იყო და ეს ზეიმი დღეს ძალიან მაკლია და მენატრება…

ყველა ახალი ამბავი
0