58 წლის ასაკში მივხვდი, რომ სილამაზე მოდის შიგნიდან...

© AP Photo / Jordan Straussშერონ სტოუნი
შერონ სტოუნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ კვლავ მოგესალმებათ ლელა ანჯაფარიძის სახელით მისი ვირტუალური აივნიდან და ჩვენს ფონდში დაცულ ჩანაწერებს გთავაზობთ.

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს აივანზე ამობრძანებული მამაკაცები, ნამდვილად კმაყოფილი იქნებიან და, იმედია, მანდილოსნებიც არ იეჭვიანებენ… ზედმეტად, თორემ ცოტა ეჭვიანობა აუცილებელია, რადგან ეს გარკვეულ პიკანტობას მატებს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებს.

ჩვენი დღევანელი სტუმარი გახლავთ ფანტასტიკურად მომხიბვლელი ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც 15 წლის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს „მსოფლიოს ყველაზე სასურველი ქალების“ სიაში და რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალიან ლამაზი ქალი შეიძლება ერთდროულად ძალიან ჭკვიანიც იყოს, რადგან მისი IQ 154 ქულას უტოლდება, ანუ ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჰქონდა დიდ ალბერტ აინშტაინს. ეს გახლავთ ქალი, ვინც ამბობს, რომ საწოლში ყველაზე მეტად სცენარის კითხვა იტაცებს და რომ ქალი არასდროს არ უნდა ხვდებოდეს მამაკაცს, რომელსაც მასზე მეტი პრობლემა გააჩნია. ყველაზე მეტად კი მისი ერთი ცნობილი გამოთქმა მიყვარს: „იყო ახალგაზრდა — მოსაწყენია. მე ყოველთვის მინდოდა გავმხდარვიყავი ნამდვილი, მომწიფებული და ზრდასრული ქალი“.

დიახ, დღეს ჩვენს აივანზე ამობრძანდება ჰოლივუდის სექს-სიმბოლო, მოდელი, მსახიობი და პროდიუსერი, ძალიან ქარიზმატული, ნიჭიერი, წარმატებული და წინააღმდეგობებით აღსავსე შერონ სტოუნი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1958 წლის 10 მარტს პენსილვანიის შტატის ქალაქ მიდვილში.

შერონ სტოუნი ფილმში „ძირითადი ინსტინქტი"
58 წლის ასაკში მივხვდი, რომ სილამაზე მოდის შიგნიდან... - Sputnik საქართველო
შერონ სტოუნი ფილმში „ძირითადი ინსტინქტი"

ის ბავშვობიდანვე იმდენად ნიჭიერი იყო, რომ სკოლაში 5 წლის ასაკში შევიდა, თანაც პირდაპირ მეორე კლასში. 15 წლის ასაკში მან სკოლა ექსტერნად დაამთავრა და ჩააბარა პენსილვანიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის დროს მან მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში და „მის პენსილვანია“ გახდა. შემდეგ შერონი გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც 1990 წელს გადაიღო ფოტოები ჟურნალ Playboy-სთვის (32 წლის ასაკში) და გაალამაზა ყველაზე პოპულარული ჟურნალების — Elle-სა და Vogue-ს ყდები.

შერონ სტოუნის დებიუტი კინოში 1980 წელს შედგა ცნობილი რეჟისიორის ვუდი ალენის ფილმში „მოგონებები ვარსკვლავურ მტვერზე“. შერონი იხსენებდა, რომ ის სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა პავილიონში, სადაც ტარდებოდა კასტინგი და უბრალოდ შორიდან აკვირდებოდა პროცესს. კასტინგის ბოლოს კი მას გამოუცხადეს: „თქვენ კი ბატონმა ალენმა გთხოვათ დარჩეთ“.

© გივი ფეიქრიშვილიშერონ სტოუნი თბილისის ღირსშესანიშნაობებს ეცნობა
58 წლის ასაკში მივხვდი, რომ სილამაზე მოდის შიგნიდან... - Sputnik საქართველო
შერონ სტოუნი თბილისის ღირსშესანიშნაობებს ეცნობა

ნამდვილი წარმატება შერონ სტოუნს მოუტანა მწერალ კეტრინ ტრამპელის როლმა პოლ ვერხოვენის ცნობილ ფილმში „ძირითადი ინსტინქტი“, სადაც მას პარტნიორობას მაიკლ დუგლასი უწევდა და სადაც ის ვირტუოზულად ხმარობდა ყინულის დასამტვრევ სპეციალურ დანას, თუმცა არა პირდაპირი დანიშნულებით.

ბევრმა არ იცის, რომ შერონ სტოუნამდე ამ როლის შესრულებაზე, პროვოკაციული სცენარის გამო, უარი განაცხადეს ჯულია რობერტსმა, მეგ რაიანმა და მიშელ პფაიფერმა. არ ვიცი, როგორ ითამაშებდნენ ისინი ამ როლს, მაგრამ ერთი ფაქტია — ფეხის ფეხზე ისე ელეგანტურად გადადებას, როგორც ამას შერონ სტოუნი აკეთებს, ისინი ნამდვილად ვერ შეძლებდნენ.

აღსანიშნავია, რომ შერონ სტოუნმა ამ როლისთვის სულ 750 ათასი დოლარი მიიღო, ხოლო ფილმმა 112 მილიონი დოლარი შეაგროვა. ფილმის შემდეგ შერონმა განაცხადა: „სასაცილოა, მაგრამ მე ვერ ვხვდებოდი, რომ მომხიბვლელი ვარ, სანამ არ ვნახე ფილმი „ძირითადი ინსტინქტი“.

ჰყვებიან, რომ შერონ სტოუნს მამამ, რომელიც ბუღალტერი იყო, ბავშვობიდან ასწავლა იარაღის გამოყენება და მისი ისეთი სიყვარული ჩაუნერგა, რომ დღეისათვის შერონი აშშ-ში იარაღის ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექციის მფლობელია. შერონი ასევე „შავი ქამრის“ მფლობელია კარატეში.

მას სერიოზული რომანები ჰქონდა რიჩარდ გირთან, კევინ კოსტნერთან, კურტ რასელთან, რასელ კროუსთან, ლეონარდო დი კაპრიოსთან.

სხვათა შორის, ამბობენ, რომ შერონ სტოუნმა, როგორც ფილმი „სწრაფები და მკვდრების“ პროდიუსერმა, გადაღებაზე ლეონარდო დე კაპრიო და რასელ კროუ მოიწვია და ამით მნიშვნელოვნად დაეხმარა მათ პოპულარობის მოხვეჭაში.

1984 წელს შერონი ცოლად გაჰყვა სცენარისტსა და პროდიუსერს მაიკლ გრინბურგს. მასთან დაცილების შემდეგ შერონმა 100 ათასი დოლარი გადაუხადა ცნობილ საქორწინო სააგენტოს, რათა მისთვის მეფური სისხლის საქმრო ეპოვათ. წარმოდგენილ კანდიდატთა შორის იყვნენ მონაკოს პრინცი ალბერტი და არაბეთის ერთ-ერთი შეიხი, თანაც ორივე თანახმა იყო, მაგრამ შერონი ცოლად გაჰყვა გაზეთ San Francisco Chronicle-ის ვიცე-პრეზიდენტსა და მთავარ რედაქტორს, ულვაშებიანსა და ძალიან სიმპათიურ ფილ ბრონშტეინს. მათ იშვილეს ვაჟი როენ ჯოზეფ ბრონშტეინი, შემდეგ კი დაშორდნენ ერთმანეთს. გაცილებულმა შერონმა კიდევ ორი ბიჭი იშვილა — ლერდ ვონ სტოუნი და ქუინ კელ სტოუნი. სამწუხაროდ, შერონს საკუთარი შვილები არ ჰყავს. ის ამბობს: „არ არსებობს არაფერი შვილზე უკეთესი, თუმცა, არსებობს — ორი ან სამი შვილი“.

შერონ სტოუნი
58 წლის ასაკში მივხვდი, რომ სილამაზე მოდის შიგნიდან... - Sputnik საქართველო
შერონ სტოუნი

შერონი ბუდიზმის მიმდევარია და ძალიან ბრაზდება, როდესაც ჟურნალისტები შეცდომით წერენ, რომ ის საიენტოლოგია. მისი თქმით, საიენტოლოგიას მიესალმება, რადგან ის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებას კრძალავს, მაგრამ არ ეთანხმება იმაში, რომ არ ცნობს თანამედროვე მედიცინის მიღწევებს.

თავად შერონი არა მხოლოდ ალკოჰოლს, არამედ კოფეინის შემცველ სასმელებსაც არ მიირთმევს, რადგან მათზე ალერგია აქვს. რაც შეეხება თანამედროვე მედიცინას, სწორედ მან და შერონის პირადმა ძალამ და მიზანდასახულობამ გადაარჩინა ის სიკვდილს, როდესაც მას სისხლძარღვოვანი სისტემის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს.

შერონის თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ შერონის ერთადერთი ნაკლია 15-სანტიმეტრიანი ნაიარევი კისერზე, რომელიც მან ბავშვობაში ცხენიდან ჩამოვარდნისას მიიღო. მე კი კიდევ ერთ პატარა რამეს დავამატებდი — მეც აღფრთოვანებული ვარ ამ ყველაფრით მშვენიერი ქალბატონით, მაგრამ “ძირითადი ინსტინქტის“ გაგრძელებაში არ უნდა ეთამაშა. ძლიერი ფილმის გაგრძელებაში მონაწილეობა უნდა მიიღო მხოლოდ მაშინ, თუ ის პირველზე სუსტი მაინც არ არის. თუმცა, ეს ჩემი პირადი აზრია.

ისევე, როგორც ის, რომ ყველაზე მეტად მიყვარს მისი სიდნი ფილმიდან „უკანასკნელი ცეკვა“. თუმცა, ის საერთოდ არ შედის შერონ სტოუნის საუკეთესო ფილმების ათეულში.

დღეს შერონი, ასაკის მიუხედავად, ისევ მშვენივრად გამოიყურება. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი ყველა პოპულარული გამოცემა ჭორავდა მის „პატარა შავ კაბას“, რომელშიც ჩადგმული იყო გამჭირვალე ნაჭრები. ხოლო ჰოლივუდის წვეულებაზე, რომელიც ელტონ ჯონმა მოაწყო, შერონი გამოჩნდა დემონსტრაციულად შეუღებავი თმით, ჭაღარაშერეული, მაგრამ მაინც ულამაზესი…

ძალიან მიყვარს შერონის ერთი გამონათქვამი: „თუ შენ ჭკვიანი ხარ, ლამაზიც იქნები. ულამაზო ხალხი არ არსებობს. ზოგი ვარდივით არის ლამაზი, ზოგი კი კაქტუსივით“.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და მაინც ვარდიან და უკაქტუსო ლამაზ დღეს!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0