05:36 07 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1474
  • 100 RUB4.6139
  • USD3.4430
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
54 0 0

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შემოღებულმა შეზღუდვებმა და ახალმა წესებმა საქართველოში ციფრული ეკონომიკა წაახალისა.

ციფრული ეკონომიკა მოიცავს ელექტრონულ კომერციას, ინტერნეტ-ვაჭრობას, ციფრული ინფორმაციის გამოყენებას, ფინტექისა და ბლოკჩეინის სისტემებს, ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურას და ICT ინდუსტრიას.

„კორონავირუსის პანდემია, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას, ამავე დროს მნიშვნელოვანი ბიძგი გახდა ციფრული ეკონომიკისთვის“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ.

რატი აბულაძე
რატი აბულაძე

როგორც ეკონომისტმა აღნიშნა, პანდემიის პერიოდში ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი ნახეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ციფრული ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანას მსოფლიო ეკონომიკაში სუსტი პოზიციები აქვს და შედეგად კარგავს კიდეც პირდაპირ თუ ირიბ ეკონომიკურ სარგებელს. საქართველოს ხელისუფლებას კი დღეს ამ სფეროს არც სრული პოტენციალი აქვს შეფასებული და არც დანაკარგები.

„მაშინ, როდესაც ევროპის ცენტრალურ ბანკს დაწყებული აქვს ციფრული ევროს პროექტის რეალიზება, აშშ-ს – ციფრული დოლარის, ხოლო ჩინეთს – ციფრული იუანის პროექტის განხორციელება, საქართველოში ჯერ ციფრული ეკონომიკის კონცეფციაც კი არ გვაქვს, არა თუ მისი განვითარების სტრატეგია“, – აღნიშნა რატი აბულაძემ.

ქვეყანაში ინტერნეტ-ბიზნესის განვითარებამ სწორედ იმიტომაც დააგვიანა, რომ მას მართვის და დაბეგვრით გამოწვეული პრობლემებიც აფერხებდა. შესაბამისად, ბიუჯეტმაც მნიშვნელოვანი შემოსავლები დაკარგა, მიაჩნია რატი აბულაძეს.

ციფრული ეკონომიკის სფეროში ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს გადასაჭრელი, მათ შორის გადასახადების კუთხით.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ორი ათეული წელია ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის პროცესი მოქალაქეებს, რომლებიც ინტერნეტ-ბიზნესში არიან ჩართული, ან 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შეძენისას გადასახადს იხდიან, მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის“, – მიაჩნია რატი აბულაძეს.

შედარებისათვის: მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ჯერ ინტერნეტის ინფრასტრუქტურა განავითარეს, რასაც თან სდევდა მოსახლეობის კომპიუტერიზაციის ხელშეწყობა, შემდეგ – ინტერნეტ-ბაზრის განვითარება და ელექტრონული მთავრობის ფორმირება, ბოლოს კი დაბეგვრის პროცესი.

„დღეს აშშ-ის რამდენიმე შტატში მომხმარებელი ინტერნეტ-ვაჭრობისას არ იბეგრება. საქართველოში კი ყველაფერი უკუღმა მოხდა. თუმცა არც ერთი პროცესი ბოლომდე არ დასრულებულა. შედეგად – ქვეყანა კარგავს ინტერნეტ-ბაზრის სარგებელს, მომხმარებელი ვერ სარგებლობს ინტერნეტ-ვაჭრობის დადებითი მხარეებით, ხოლო მთავრობა – ინტერნეტ-ბაზრის შემოსავლებით“, – თქვა რატი აბულაძემ.

საქართველო ციფრულ სივრცეში მხოლოდ მომხმარებელია და ვერ იყენებს იმ რესურსს, რაც ქვეყანას რეგიონში აქტიურ მოთამაშედ გადააქცევდა.

იმისათვის, რომ ქვეყანაში ციფრული ეკონომიკა განვითარდეს, ხელისუფლებამ საერთაშორისო გამოცდილება უნდა გაიზიაროს და ფოკუსირება უნდა მოახდინოს ციფრული აქტივების განვითარებაზე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე, ახალი სამომხმარებლო ქცევის ფორმირებაზე, ელექტრონულ კომერციაზე და ციფრული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე.

ახლახან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ციფრული ეკონომიკის დაბეგვრაზე მუშაობს და მომავალშიც ჩართული იქნება ამასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებში. ვნახოთ, რამდენ ხანში მოახერხებს ხელისუფლება ამ მიმართულებით ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმას.

ნატა პატარაია

მთავარი თემები