19:45 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
69 0 0

 შშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ფორმალურად ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ჯო ბაიდენი უკვე იღებს მილოცვებს სხვადასხვა სახელმწიფოთა ლიდერების, მთავრობებისა და ოპოზიციური მოძრაობებისგან

სერგეი მარკედონოვი

რა მოცულობითა და მიმართულებებითაა მოსალოდნელი ცვლილებები ამერიკის საგარეო პოლიტიკაში უახლოეს და ხანგრძლივ პერსპექტივაში?

ეს საკითხი დღეს აქტიურად განიხილება ყველაზე განსხვავებულ რეგიონულ კონტექსტებში. ვინც რა უნდა თქვას მსოფლიოში ამერიკის გავლენის შესუსტებაზე, შტატები ხომ მაინც უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ რჩება საერთაშორისო არენაზე. მათ ხმას, გავლენასა და რესურსებს ძველებურად ითვალისწინებენ მათი მოკავშირეებიცა და კონკურენტებიც. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამერიკული ფაქტორი კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე? დავინახავთ თუ არა ვაშინგტონის ახალ მცდელობებს, გააძლიეროს თავისი გავლენა ამ რეგიონში ან პირიქით, მის მიმართ ინტერესის კლების მოწმეები გავხდებით?

მნიშვნელოვანი, მაგრამ არა სასიცოცხლოდ

სჯობს ამ კითხვებზე პასუხების გაცემა იმის ადეკვატური გაგებით, რა ადგილი უკავია კავკასიას აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში. თავშივე უნდა ითქვას, რომ ამერიკის ინტერესები მსოფლიოს ამ ნაწილში არსებითად განსხვავდება რუსული, ირანული თუ თურქული ინტერესებისგან  ― უპირველესად, გეოგრაფიული ფაქტორით. ამ კუთხით ევროკავშირსაც კი უფრო მეტი საფუძველი აქვს, თავი კავკასიის მეზობლად მიიჩნიოს, ვინაიდან გაფართოების რამდენიმე ტალღის შემდეგ ევროკავშირი შავ ზღვაზე გავიდა, ხოლო რეგიონის სამი ქვეყანა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტშია ჩართული ბრიუსელთან.

აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში არ დგას ისეთი გამოწვევები, რომლებიც გავლენას მოახდენდა აშშ-ის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგზე ან მათი შიდა უსაფრთხოების საკითხებზე იმ მოცულობით, როგორითაც რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაზე ახდენს პრობლემები პანკისში, კონფლიქტების დინამიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ან როგორ აისახება თურქეთის შიგნით ვითარებაზე ის, რაც აზერბაიჯანში და მის ირგვლივ ხდება. ეს ბოლო სქემა მართებულია ირანის შემთხვევაშიც.

კარნეგის ფონდის ავტორიტეტული ექსპერტის, პოლ სტრონსკის თქმით, „ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია არასდროს ყოფილა საგარეო პოლიტიკაზე ამერიკული დავების მთავარი თემა. და არც ახლა გამხდარა. როდესაც ქვეყანა პანდემიაში, ეკონომიკურ სიძნელეებსა და კიდევ უფრო მასშტაბურ საერთაშორისო პრობლემებშია ჩაფლული ― ჩინეთთან და ევროპასთან ურთიერთობების მსგავსად, კანდიდატებიდან არცერთს არ გაუმახვილებია განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის საზღვრებიდან სამხრეთით მდებარე რეგიონებისადმი. მხოლოდ ყარაბაღში ახალმა ესკალაციამ აიძულა ამერიკელი პოლიტიკოსები, გახსენებოდათ მსოფლიოს ამ ნაწილში არსებული პრობლემები“.

სხვა მოხსენებაში სტრონსკი კოლეგა იუჯინ რუმერთან და რიჩარდ სოკოლსკისთან ერთად ასკვნის, რომ „კავკასია მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, მაგრამ არა სასიცოცხლოს მნიშვნელოვანი“.

და მართლაც, თუ განვლილ საპრეზიდენტო დებატებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ კავკასიური სიუჟეტები მხოლოდ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომთან კავშირში იჩენდა თავს. 

თუ ტრამპის რიტორიკას, რომ ძველებული კონფლიქტის გადაჭრა მარტივად შეიძლება გადაიჭრას, გვერდზე გადავდებთ, მაშინ ერთი პრინციპული მომენტი უნდა გამოვყოთ. ჯო ბაიდენმა აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების დარეგულირების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა არ უნდა დაუთმოს ლიდერობა რუსეთს ამ მიმართულებით. და აქედან გამომდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც გასაგებს ხდის ვაშინგტონის რეგიონული პოლიტიკის სპეციფიკას კავკასიაში. აშშ-სთვის თვითღირებულია არა რეგიონის სამი ქვეყანამ არამედ უფრო ფართო პროცესები, რომლებშიც ისინი არიან ჩართულები.

კონტექსტები კავკასიის ქვეყნების ირგვლივ

კავკასია ვაშინგტონიდან ისე მოჩანს, როგორც საერთაშორისო სტაბულორობისთვის საფრთხის შემქმნელი ახლო აღმოსავლეთის მოსაზღვრე რეგიონი. აქედანაა ინტერესი აზერბაიჯანის, როგორც ირანის საპირწონე საერო სახელმწიფოს მიმართ. ბაქოსთან ასევე თანამშრომლობს ისრაელი, რომელიც აშშ-ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში. აზერბაიჯანი ასევე განიხილება ენერგეტიკული პროექტებისა და ნახშირწყალბადოვანი ნედლეულით ევროპის მომარაგების კონტექსტში ― რუსეთთან მკაცრის ბმის გარეშე.

საქართველო განიხილება როგორც ქვეყანამ რომელიც ატიურად მიისწრაფვის ნატოსკენ, რაც მეტად ხელსაყრელია აშშ-სთვის. 2009 წლის იანვარში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი. თბილისს ასევე აღიქვამენ როგორც მოსკოვის ოპონენტს, ხოლო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამოყოფა რუსეთის ტერიტორიული გაფართოების პრიზმაში განიხილება. აშშ ნებისმიერ მინიშნებას საბჭოთა კავშირის შესაძლო აღდგენაზე საფრთხედ სახავს. ამ კონტექსტში შეგვიძლია გავიხსენოთ ჰილარი კლინტონის გამონათქვამი, როცა ის სახელმწიფო მდივანი იყო, მოსკოვის ეგიდით „რესოვეტიზაციის“ შესახებ, რაშიც ევრაზიული ინტეგრაციული პროექტები მოიაზრებოდა. 

რაც შეეხება სომხეთს, აქ აშშ-სთვის რამდენიმე ფაქტორი იჩენს თავს: ეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი დიასპორაა თავად ამერიკაშ (დაახლოებით 1 მლნ კაცი) და აქტიური სომხური ლობი, რომელიც სხვადასხვა საკითხებს აყენებს ხოლმე ― ყარაბაღის შესაძლო ცნობისა თუ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ. ამ კონტექსტში „სომხურ საკითხს“ ხშირად იყენებენ თურქეთზე გავლენის ფაქტორად, რომელიც ბოლო 15 წელია, ცდილობს აშშ-ს გამოეყოს და დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური კონფიგურაცია ააგოს.

ამ კუთხით მრავლისმეტყველია როგორც ტრამპის, ისე ბაიდენის ადმინისტრაციების წარმომადგენელთა სურვილები, რომ ანკარა ყარაბაღის კონფლიქტში არ უნდა ჩაერიოს. ამასთან ბაიდენმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ სომხები ვერ შეძლებენ, გამუდმებით ჰოქნდეთ ოკუპირებული რაიონები მთიანი ყარაბაღის გარშემო. თურქეთის წასვლა ევროატლანტიკური ოჯახიდან აშშ-სთვის მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს „ნათესავი“ უამრავ თავსატეხს აჩენს, იწყებს რა კონფლიქტს ამერიკის სხვა მოკავშირეებთან: ხან ისრაელთან, ხან საფრანგეთთან, ხანაც საბერძნეთთან. ამიტომ ყარაბაღის მეორე ომის შედეგები ვაშინგტონში სწორედ მზარდი თურქული დამოკიდებლობისა და უკონტროლობის კონტექსტში იქნება აღქმული.

რა თქმა უნდა, აშშ-ს ძალიან აშფოთებს ჩინეთი. ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში სწორედ ჩინეთი განიხილებოდა მთავარ საგარეო პოლიტიკურ კონკურენტად. მაგრამ არ ღირს ვიფიქროთ, რომ ბაიდენის ახალი გუნდი აღფრთოვანებულია კავკასიურ-კასპიურ და შავი ზღვისპირეთის სივრცეებზე გასვლის შესახებ ჩინეთის გეგმების რეალიზაციით. აშკარაა, რომ ჩინური ინიციატივა „ერთი სარტყელი ― ერთი გზა“ ვაშინგტონისთვის გამოწვევაა.

ამერიკის ჩასაგრძნობია. ავიღოთ თუნდაც არჩევნები საქართველოში. ის მნიშვნელოვანწილად იმ წესებით ჩატარდა, რომლებიც აშშ-ის საელჩოში მოიხაზა.  გასაგებია, რომ ეს ნაკარნახევი იყო არა ვიწრო ქართული დღის წესრიგით, არამედ ბევრად ფართო კონტექსტუალური მოსაზრებებით. მაგრამ, როგორც დასავლელი პარტნიორები იტყოდნენ, „we have what we have“. ფაქტია, რომ აშშ უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა  არა მარტო მის გარშემო მიმდინარე საგარეო პოლიტიკურ ჭიდილში, არამედ საქართველოს შიგნითაც.

უნდა ველოდოთ თუ არა სიახლეებს?

შეიტანს თუ არა ახალი ადმინისტრაცია კავკასიაში რაღაც ახალ გამრღვევ იდეებს?  სადღეისოდ ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები არსებობს, თუ სიახლეებში რაღაც პრინციპულად უცხო იდეებსა და მიდგომებს მოვიაზრებთ. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის კონკურენციაზე საუბრისას, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საერთაშრისო დონეზე გამყოფი ხაზები სხვადასხვა ადმინისტრაციებს შორის „პარტბილეთის“ შესაბამისად არ გადის. აქ ბრძლა მიდის ისეთი ტრენდების ერთობლივ გავლენაზე, როგორებიცაა რეალიზმი და იდეალიზმი, ფასეულობათა პოლიტიკა და პრაგმატიკა, ინტერვენციონიზმი და იზოლაციონიზმი.

და გასაოცარია, მაგრამ ჩვენ შეიძლება მსგავსება ვიპოვოთ, ერთი შეხედვით, ისეთ ანტიპოდებს შორისაც, როგორებიც არიან ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი. საკმარისია ვნახოთ ობამას ინტერვიუ  გამოცემა The Atlantic-ში, რათა გავიგოთ: იდეები აშშ-ის ჩაურევლობის შესახებ დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ჯერ კიდევ დიდი „იზოლაციონისტის“, ტრამპის მოსვლამდე იყო წამოყენებული. და „დემოკრატიული ინტერვენციონიზმის“ ისეთი დიდი თაყვანისმცემელიც კი, როგორიც ჯორჯ ბუშია, არ ჩაერია 2008 წლის სამხედრო კონფლიქტში საქართველოსა და რუსეთს შორის, ისევე როგორც მისი მემკვიდრე  ყირიმის შემთხვევაში.

თუმცა ეს ბუშმა დაგმო რუსეთის ქმედებები საქართველოს მიმართ, მისმა გუნდმა მოამზადა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, მაგრამ ობამას ადმინისტრაციამ „გადატვირთვის“ პერიოდშც კი არ თქვა უარი ამ პრობლემის აქტუალიზაციაზე. კონგრესში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის შესახებ რეზოლუცია ამერიკა-რუსეტის ურთიერთობების ნორმალიზაციის პიკზე გამოჩნდა. ეს რესპუბლიკელი ლინდსი გრემისა და დემოკრატი ჯინ შეიჰინის ერთობლივი პროდუქტი იყო. ის, რასაც ამერიკაში bi-partisan solution-ს ეძახიან, ანუ ორი პარტიის კონსენსუსური გადაწყვეტილება, რუსეთის მიმართ საკმაოდ ხშირი მოვლენაა ― კავკასიის საკითხებში და არა მარტო.

აშშ―ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ერთ-ერთი საკვანძო საკითხი ― ეს ვაშინგტონთან დაპირისპირებული „რევიზიონისტული დერჟავების“, ჩინეთისა და რუსეთის შესახებ ნორმებია. ამასთან „რევიზიის“ ათვლის წერტილად აღებულია არა აშშ-ის მიერ მიღებული იალტა-პოსტდამის ზავის საფუძვლების ფუნდამენტური გადახედვა, არამედ ცივი ომის შემდეგ დამყარებული წესრიგის კორექციის მცდელობა, სადაც ვაშინგტონი ბანეფიციარი გახდა. და ამ კონტექსტში საქართველოს სტატუს-კვოს შეცვლა 2008 წელს „რევიზიონისტული ქცევის“ სახიფათო პრეცედენტად მოჩანს. ისმება რიტორიკული კითხვა: მოისურვებენ თუ არა ამერიკელები ამოაგდონ ეს ნორმა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სტრატეგიულ დოკუმენტში ტრამპის პრეზიდენტობის დროს შევიდა?

თეთრი სახლის მასპინძლები იცვლებიან, მაგრამ ისეთი პუნქტი, როგორიცაა აშშ-ის კონკურენციის დაუშვებლობა ევრაზიაში (კავკასიაც მისი ნაწილია) და მთლიანად მსოფლიოში, რჩება. და ამასთან საქმე ექნებათ როგორც კავკასიის ზრეგიონის ქვეყნებს, ისე მათ მეზობლებსაც და ყველა იმასაც, ვინც ინტერესს იჩენს მსოფლიოს ამ ნაწილისადმი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

მთავარი თემები