00:35 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6292
  • 100 RUB4.1886
  • USD3.0738
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

უკვე ხვალ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კონვენტზე (რომელიც ონლაინ–ფორმატში ჩატარდება) ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლოა ერთპიროვნულად აირჩიოს შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი.

ვიქტორ მარახოვსკი

უფრო სწორად, პრეზიდენტი ქალი.

აი, რატომ მოხდება ეს: ბაიდენი ამ დროისათვის უსწრებს თავის ოპონენტს, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს — სხვადასხვა გამოკითხვებით, ორი, ოთხი და ათი პროცენტითაც კი.

გამოკითხული ამერიკელების უმეტესობა საკმაოდ რეგულარულად უწერს ტრამპს ორიანს და ბაიდენის პრეზიდენტობა (თუ 77 წლის კანდიდატი, რომელიც საეჭვოდ იშვიათად ჩნდება საჯაროდ ინტერნეტითა და ტელევიზიებითაც კი, და რომელიც პერიოდულად „იხლართება“ სიტყვებში — რის გამოც ბევრი ლაპარაკობს მის ქმედუნარიანობაზე, შემთხვევითა თუ მართლაც არ გამოავლენს არჩევნებამდე სრულ პროფგამოუსადეგარობას) თითქოს გარანტირებულად გამოიყურება.

„თითქოს გარანტირებულად“ კი იმიტომ, რომ ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობაც გარანტირებული იყო, მაგრამ რეალობამ თავისი გამაოგნებელი კორექტივები შეიტანა.

ასე რომ: თუ/როცა ჯო ბაიდენი ფიცს დადებს, ის უკვე 78 წლისა იქნება, რითიც ის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდება აშშ-ის ისტორიაში და წინა რეკორდსმენს, 70 წლის ტრამპს თითქმის ათწლეულით გაუსწრებს. ანუ ის ოვალურ კაბინეტს იმ ასაკში დაიკავებს, რა ასაკშიც ამერიკის პრეზიდენტების უმეტესობა (45-დან 36) უკვე გარდაცვლილი იყო. დემოკრატების კანდიდატის ქცევებში ზემოთ ნახსენები უცნაურობების გათვალისწინებით, ყველას ესმის, რომ ამ უმრავლესობის რიგებს ის შესაძლოა პირდაპირ მოვალეობების შესრულების დროს შეუერთდეს.

ასეთი ტრაგიკული უსიამოვნების შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი (არა უბრალოდ მოვალეობის შემსრულებელი, არამედ ნამდვილი, ასპროცენტიანი პრეზიდენტი) გახდება ვიცე-პრეზიდენტი — ბაიდენის ოთხწლიანი ვადის ბოლომდე. და უმსხვილესი დასავლური ბირთვული დერჟავა 2025 წლამდე ნამდვილი, თუმცა არა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის მმართველობაში აღმოჩნდება.

აი, სწორედ ამ ადამიანის დასახელებას აპირებს ბაიდენი უახლოეს დღეებში.

წინასწარ ცნობილია ერთი: ეს ქალი იქნება — ასეთი პირობა დადო დემოკრატების კანდიდატმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე. კითხვა, კონკრეტულად რომელი ქალი იქნება ეს, კონვენტის წინ უმთავრეს საკითხად იქცა ამერიკულ პოლიტიკაში.

ყველაზე პოპულარულ დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან: სენატორი ელიზაბეტ უორენი (რომელმაც პარტიის შიდა კამპანიისას თავისი ხმები ბაიდენს დაუთმო წლის დასაწყისში), გრეთჰენ უიტმერი — მიჩიგანის შტატის 48 წლის გუბერნატორი, ნახევრად ტაივანელი ჩინელი სენატორი ტემი დაკვორტი — ერაყის ომის ვეტერანი, სადაც მან ორივე ფეხი დაკარგა, კონგრესვუმენი ველ დემინგსი — აფროამერიკელი ყოფილი პოლიციელი, კარენ ბასი — აფროამერიკელი და ნარკოტიკებთან მებრძოლი, სიუზან რაისი — ბარაკ ობამას ექს–მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე აფროამერიკელი, კამალა ჰარისი — კალიფორნიის ყოფილი გენერალური პროკურორი, ნახევრად ინდიელი და ნახევრად აფროამერიკელი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ორი უკანასკნელი მიიჩნევა ფავორიტებად.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების რასობრივ კუთვნილებასა და ერთგან ფიზიკურ მდგომარეობასაც ხაზი იმის გამო გავუსვით, რომ მთელი ეს რასობრივი და „ინვალიდური“ თავისებურებები ამერიკელ ანალიტიკოსებს სრული სერიოზულობით მიაჩნიათ მნიშვნელოვნად.

უპირატესობა აფროამერიკელებს აქვთ — იმიტომ რომ დემოკრატიული პარტიის 2016 წლის წარუმატებლობის ერთ-ერთ ფაქტორად ის მიიჩნევა, რომ მაშინ ჰილარი კლინტონსა და მის ვიცე-პრეზიდენტობის ასევე თეთრკანიან კანდიდატს შავკანიანთა მხარდაჭერა არ ჰქონდათ. არადა, ისინი ქვეყნის მოსახლეობის 13%-ს შეადგენენ. ამიტომ ისინი ახლა აუცილებლად უნდა მოხიბლონ შავკანიანი ვიცე- ან სრულფასოვანი პრეზიდენტით.

ზოგი მედიასაშუალება, მაგალითად, Boston Globe პირდაპირ წერს, ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტად შავკანიანი ქალი უნდა აირჩიოსო.

სავარაუდოდ, შავკანიანი ქალი რესპუბლიკელებისა და ტრამპის რასისტული არსის აგრესიული მამხილებლის ფუნქციას შეასრულებს, ხოლო ბაიდენი მშვიდობიანად იჟღურტულებს იმაზე, რომ მისი და ობამას პერიოდში საზოგადოებაში ასეთი პოლარიზაცია არ ყოფილა, და რომ მისი მისია — ეს ქვეყნის გაერთიანებაა.

მაგრამ, აი, რა არის საინტერესო:

არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი ტანდემი ქვეყნის გაერთიანებას ტრამპზე მეტად ვერ მოახერხებს. შესაძლოა, უფრო ცუდადაც კი გაართვას თავი. და, აი, რატომ.

ცოტა ხნის წინ კონეკტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორმა პიოტრ ტურჩინმა აშშ-ში არასტაბილურობის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად ელიტების ჭარბწარმოება დაასახელა.

ეს ჭარბწარმოება — უკიდურესად ვერაგი შედეგია ისეთი თითქოსდა პოზიტიური რამისა, როგორიცაა მდიდარი ადამიანების პროცენტის ზრდა.

ჩვენ მიჩვეულები ვართ ვიფიქროთ, თითქოს ყველაზე ცუდი — ეს მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულის გაღრმავებაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ბოროტება „დადებით“ ცვლილებებშიც იმალება.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ აშშ-ის საშუალო კლასი, რომელიც 1970 წელს მოსახლეობის 62%-ს შეადგენდა, ახლა ნახევრად მდიდრებისკენ მიგრირებს, ნახევრად — ღარიბებისკენ. სახასიათო კი ისაა, რომ ის, ვინც საშუალო კლასი ბოლო ათწლეულში დატოვა, კი არ ღარიბდებოდა, პირიქით, ელიტაში გადადიოდა.

უფრო მეტიც, ზემდიდრების რაოდენობაც კი გაიზარდა: აშშ-ის ყველაზე მდიდარი მცხოვრებლების პირობითი „ბრილიანტის პროცენტი“ უკვე ორზე მეტს შეადგენს. იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა ქონება ათ მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს 1995 წლის ფასებით, 1983–2010 წლებში ხუთჯერ გაიზარდა (ახლა კიდევ უფრო მეტია). მილიონერების რიცხვი ახლა ამერიკაში თითქმის 19 მილიონს აღწევს (ეს მთელი რუმინეთია, ან ყაზახეთი), დეციმილიონერებისა — ნახევარი მილიონი, მილიარდერი კი 650-ია.

ეს თითქოს კარგი უნდა იყოს.

მაგრამ არის ერთი ნიუანსი. როცა ადამიანები მდიდრდებიან, მათ ბუნებრივად უჩნდებათ ხელისუფლებაზე პრეტენზია. ისინი საკუთარ ეკონომიკურ ძალას გრძნობენ და მისი პოლიტიკურში კონვერტირების სურვილი ეუფლებათ. მათ ებადებათ პრეტენზია ქალაქებზე, შტატებზე, კონგრესზე და თეთრ სახლზე.

მაგრამ ხელისუფლებაში ადგილების რაოდენობა არ გაზრდილა. კონგრესში მხოლოდ 450 ადგილია და ყველა მილიარდერს ვერ დაიტევს.

ელიტებში ასეთი „ჭყლეტვის“ გამო მათ შორის ყველანაირი სოლიდარობა ქრება და საშინელი შეჯახება იწყება.

არ გეგონოთ, რომ ამაში მარტო მდიდრები მონაწილეობენ.

საქმე ისაა, რომ როცა დანარჩენებმა, ანუ ყველაზე საშუალო კლასმა და ღარიბებმა იგრძნეს, რომ ფული, ძალა და კეთილდღეობა მათგან სადღაც ზემოთ მიექანებოდა, მათაც დაიწყეს ბრძოლა სოციალური ლიფტებისთვის, რათა მდიდრებისა და დიდებულების ბრწყინვალე სამყაროში მოხვედრილიყვნენ.

შედეგად, ბოლო წლებში აშშ-ში მოსახლეობის ზრდაზე უფრო სწრაფად დაიწყო იურისტების, პოლიტოლოგებისა და „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სპეციალისტების“ რაოდენობის ზრდა. ანუ ისეთი სპეციალობებისა, რომლებიც შემდეგ თეორიულად უნდა კონვერტირებულიყო პოლიტიკურ კარიერაში.

მაგარამ ადამიანების უმეტესობამ არა მარტო პოლიტიკური კარიერის მოწყობა ვერ მოახერხა, არამედ წარმატებასაც კი ვერ მიაღწია.

ისინი გაბოროტებულები, განაწყენებულები და რესენტიმენტებით აღსავსენი არიან და, პრინციპში, წინააღმდეგი არ არიან, რომ ახლანდელი ამერიკა ცეცხლის ალში გაეხვეს. იმიტომ რომ ვისთვის კრიზისია, ვისთვის კიდევ — შანსი.

და ეს ადამიანები, ცალკეულად შესაძლოა მართლაც პატრიოტები, ერთად ქვეყნის მთავარ მტრებს წარმოადგენენ.

ყურადღება, კითხვა: რით შეუძლია ამ ხალხის დამშვიდება ან მათი გულის მოგება „ბაბუა ჯოს“ ან შავკანიან რკინის ლედის? მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე რეალური ძლევამოსილებისკენ გარღვევის იმიტაციით, რა დროსაც ერთ ან ორ უმაღლეს ჩინოვნიკს სქესი და კანის ფერი შეეცვლება? რა, განა ეს რამენაირად გადაჭრის ელიტარების შიდა კონკურენციას? ხელისუფლება ხომ რეზინის არ არის?

ჰო, მართლა, ხელისუფლებაზე: არ ღირს ვიფიქროთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ელიტები ერთმანეთისგან დიდად განსხვავდებიან. რუსეთის მაგალითზე ვხედავთ, როგორ რეგულარულად იწყებს ხოლმე თანამემამულე ბოიარების ნაწილი არეულობანას თამაშს, და ამას მანამ აკეთებენ, სანამ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, მეტყევე არ გამოჩნდება ხოლმე.

სწორედ ამიტომ არსებობს საფუძველი იმედისა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი და შემდგომი ბედი — როგორც პლანეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დერჟავისა (თანაც, ყველაზე ხილულისა — ამერიკა, თავისი მედიური სიმძლავრის წყალობით, მუდმივად ჩართული ტელევიზორივით დაგვცქერის ციდან), ჩვენი ელიტებისთვისაც ჭკუის სასწავლ გაკვეთილად გამოდგება. და ამით მოწინავე ამერიკული გამოცდილებისგან გვიხსნის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები