როგორ გაიყოფს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებს?

გამოწერა
ოპოზიციის ამომრჩეველი ერთიანობას ითხოვს, თუმცა 30 მანდატი უზარმაზარი ამბიციების მქონე ოპოზიციურ ლიდერებს ვერ აკმაყოფილებს. არც სამჯერ მეტი იქნებოდა საკმარისი...

მაგრამ რეალობა ისეთია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გარდაუვალი ჩანს, ხოლო ოპოზიციას აქამდე ნაქები ერთობა არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ეშლება. ნაცვლად იმისა, რომ თავად საარჩევნო პროცესის კარგ კონტროლსა და კარგ წინასაარჩევნო კამპანიაზე იზრუნონ, ლიდერები ჯერ არმიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მიღებულ 30 ოლქს ვერ ინაწილებენ. არადა, ვისაც სად ჰყავს რეალური კანდიდატი, ამის მიხედვით რომ ემოქმედათ, შესაძლოა ხელისუფლებისთვის რეალური და ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ. მთავრობას ისედაც დიდი ფორა აქვს – ადმინისტრაციული რესურსი და პლუს ბიძინა ივანიშვილის როგორც მორალური, ასევე მატერიალური მხარდაჭერა.

ჯერჯერობით მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე სულ რამდენიმე პარტია მსჯელობს. პროცესს პირველი „ლელო“ გამოეთიშა. მამუკა ხაზარაძის ბოლო განცხადებების შემდეგ გაიტანს თუ არა ლელოს „ლელო“, ჯერ კიდევ საკითხავია. დიახ, პროპორციული სიით, კარგი მუშაობის შემთხვევაში პარლამენტში 12-15 ადამიანი მოხვდება, მაგრამ როცა მესამე ძალად ჩამოყალიბების ამბიცია გაქვს, ბუნებრივია, კონცეპტუალურ საკითხებზე მეტი მუშაობა და საერთო მესიჯებია საჭირო. აბა, ისე რა აკავშირებთ ხაზარაძესა და ლიბერალ უსუფაშვილს, ძნელი სათქმელია. მოკლედ, „ლელომ“, ჩვენ 30-ვე ოლქი გვინდაო და, თუ ოპოზიცია კარგად მოიქცევა, კონსულტაციებს გავმართავთო.

დამოუკიდებლობას ესწრაფვის ირაკლი ოქრუაშვილიც. შესაძლოა, მას მართლაც ჰყავდეს მხარდამჭერები გორში, მაგრამ მისი, როგორც საერთო სახალხო ლიდერის შესახებ ჯერ არაფერი შეგვიტყვია.

ყველაზე გონივრულად მაინც „ნაციონალები“ იქცევიან – თბილისში მხოლოდ გლდანსა და ისანი-სამგორში დავაყენებთ ჩვენს კანდიდატებს, დანარჩენი მოკავშირეებისთვის დაგვითმიაო. დათმობა ერთია და ოპოზიციის კანდიდატებს აქ აშკარად დასჭირდებათ „ნაცების“ აქტივის დახმარება და მხარდაჭერა.

ყველაზე საოცარი განცხადება მაინც გიგა ბოკერიამ გააკეთა – ალბათ მაჟორიტარი ვიქნები და, შესაძლოა, თერჯოლიდან ვიყარო კენჭიო... აბა, სად ბოკერია და სად თერჯოლა, მაგრამ გაურკვევია, რომ თურმე „ევროპელ დემოკრატებს“ სწორედ აქ აქვთ ყველაზე კარგი რეიტინგი. სავარაუდოდ, ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათის სახელისუფლო კანდიდატისთვის.

მსურველები კი ბევრია, მაგრამ ამ ოთხრაიონიან ოლქს, თურმე, თავად უმრავლესობის თერჯოლელი ლიდერი მამუკა მდინარაძე უმიზნებს.

ჯერჯერობით საეჭვოდ ჩუმადაა ოპოზიციის კიდევ ერთი ფრთის ლიდერი ირმა ინაშვილი. თუმცა დღეს არავინ დავობს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში მოხვდება, და თუ პროდასავლურების გულზე გახეთქვაც გადაწყდა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, შესაძლოა, მთავრობის დაკომპლექტებაც შეძლოს. ასევე საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება სწორედ ინაშვილს დაუთმობს კახეთს, რაც უფრო რეალური გახდა მას შემდეგ, რაც საჯაროდ გაკეთდა განცხადებები, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არანაირად არ აპირებს მაჟორიტარობას.

ხელისუფლება კი, სავარაუდოდ, აქცენტს უფრო საკვანძო მომენტებზე და ქალაქებზე გააკეთებს.

ყველაზე გონივრულ რჩევას ოპიზიციას ექსპერტი გია ხუხაშვილი აძლევს – თუ გამარჯვება გინდათ, 30 ოლქში 30-მა ლიდერმა იყარეთ კენჭიო.

თუმცა ამ მოცემულობას გაერთიანებული და შემდეგ მარტივ მამრავლებად დაშლილი ოპოზიცია იმიტომ არ თანხმდება, რომ მაჟორიტარი, როგორც წესი, პარტიას ქაჩავს ადგილზე და მის ნომერს უწევს პოპულარიზაციას.

არადა, 15 ათასი ხმით პარლამენტში მოხვედრის ილუზიის ალზე, სავარაუდოდ, ბევრი პოლიტიკოსი დაიწვება 31 ოქტომბერს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, საქართველო აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში შედის და წინ საკმაოდ ბევრი სანახაობა გველოდება.

ყველა ახალი ამბავი
0