იპოთეკური სესხი ბინის შესაძენად – ვინ მიიღებს დახმარებას მთავრობისგან

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე სახლები
მშენებარე სახლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში დააანონსა სამშენებლო სექტორის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გულისხმობს. გეგმის დეტალები მათთვის, ვინც მთავრობის ამ შეთავაზებით სარგებლობას გადაწყვეტს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორს სახელმწიფო დაეხმარება. საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში ყველა იმ იპოთეკური სესხის 4 პროცენტს დაასუბსიდირებს, რომელი კონტრაქტიც წლის ბოლომდე გაფორმდება. გახარიას თქმით, ამ გეგმის შედეგად სამშენებლო ბაზარზე რეალური მოთხოვნა გაჩნდება. შედეგად – მთავრობა მხარში ამოუდგება ბინის შეძენის მსურველებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ორი წლის განმავლობაში, 2019 და 2020 წლებში 25000 იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის. ამიტომ მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა შეიქმნა დეველოპმენტის და სამშენებლო კომპანიების, ასევე იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც ან უკვე აიღო იპოთეკური სესხი, ან ახლა აპირებს ბინის შეძენას.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა სულ ამ მიზნით გამოყოფს 434 მილიონ ლარს (135 მილიონი აშშ დოლარი). პანდემიის გამო სამშენებლო ინდუსტრია დიდ ზარალშია – სამშენებლო მასალების ფასები გაიზარდა, ხალხის გადახდისუნარიანობა შემცირდა. შედეგად – სამშენებლო კომპანიები ფიქრობენ პერსონალის შემცირებაზეც.

მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მთავრობა გამოყოფს 70 მილიონ ლარს იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებისთვის; 14 მილიონ ლარს იპოთეკური სესხების პორტფელის სახელმწიფო გარანტიებისთვის; 150 მილიონ ლარს დევნილების ბინებით უზრუნველყოფისთვის; 200 მილიონს – სახელმწიფო გარანტიის პროგრამისთვის, რათა დასრულდეს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

ამწე სამშენებლო მოედანზე - Sputnik საქართველო
ასობით მილიონი ლარი მშენებლობის დასახმარებლად: საქართველოს ხელისუფლების ახალი გეგმა

გახარიას თქმით, 150 მლნ ლარის გამოყოფით წლის ბოლომდე დამატებით სამჯერ მეტი მშენებლობა დაკონტრაქტდება და 1 800 ოჯახი, დაახლოებით 6 000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას.

პრემიერ-მინისტრის იდეას ეთანხმება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

„იპოთეკური სესხების სუბსიდირება გაზრდის მოთხოვნას უძრავ ქონებაზე და შედარებით გააჯანსაღებს სამშენებლო კომპანიების მდგომარეობას“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძის განცხადებით, თანადაფინანსების მექანიზმის გავრცელება მხოლოდ ლარში ნომინირებულ სესხებზე უნდა მოხდეს. მისი პროგნოზით, წელს ლარში უძრავი ქონების ფასები საშუალოდ 5%-ით შემცირდება.

პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განმარტა, რომ პირველი ხუთი წელი მსესხებელს ყველაზე მაღალი საპროცენტო ხარჯი აქვს. გახარიას აზრით კი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების სუბსიდირება ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეთა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას განახორციელებს

ვინ ისარგებლებს შეღავათით

როგორც ცნობილი გახდა, სუბსიდია შეეხება მათ, ვინც 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს;

სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება იქნება 4%;

სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე ($63 000 ეკვივალენტი) სესხის აღებას;

სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;

სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა);

სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა თუ სესხი აიღო და შემდეგ ამ სესხს ვერ იხდის, მთავრობა ბანკს გადაუხდის გადაუხდელი სესხის 20%-ს. რაც შეეხება თანამონაწილეობას, იმ ადამიანს, ვისაც სესხი აღებული აქვს, შეიძლება ჰქონდეს ამ სესხში 10%-იანი თანამონაწილეობა. მაგალითად, სასტუმროსთვის აიღო სესხი, სადაც 10% მსესხებლისაა, ხოლო 90% – რაიმე სახის გარანტია, ვთქვათ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სესხი.

პროექტ პანორამას მშენებლობა - Sputnik საქართველო
კორონავირუსი უძრავი ქონების ბაზარს ურტყამს: რა ელის სფეროს?

მთავრობის გეგმას აკრიტიკებენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება არასწორია, რადგან შემცირებული მოთხოვნის პირობებში ფასი ისედაც შემცირდებოდა, რაც გაზრდიდა მოთხოვნას ბაზარზე. მისი თქმით, გეგმა მიმართულია იქითკენ, რომ ბინები არ გაიაფდეს, ანუ სამშენებლო კომპანიებმა არ იზარალონ:

„მთელი ეს პროგრამა გაკეთდა იმისთვის, რომ სახლები არ გაიაფდეს. ანუ მშენებელმა არაფერი იზარალოს. რა მოგების მარჟაც ჰქონდა, დაახლოებით ისე დარჩეს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება ის ზარალი, რაც შესაძლოა ამ სექტორს მიეღო“, – ამბობს ნამჩავაძე.

ნამჩავაძეს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ კრიზისულ პერიოდში იპოთეკური სესხების აღება წაახალისა, რადგან ასე ამ ტიპის სესხები მომხმარებლებისთვის გაიაფდება.  

„ხუთი წელი რატომ ვასუბსიდირებთ იპოთეკურ სესხს, როცა 2021 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გვაქვს და დაახლოებით 2022 წლისთვის ეპიდემიის დაწყებამდე არსებულ სიტუაციას უნდა დავუბრუნდეთ?! სამშენებლო სექტორზე როცა ვსაუბრობთ, 2017-2018 წლებში, როცა სამშენებლო რეგულაციები და სესხების გაცემა გამკაცრდა, 10%-იანი კლება იყო ამ სექტორში. მაშინ დახმარებაზე არც იყო საუბარი, რადგან რეგულაციები მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა. ახლა რა ხდება, 10%-ზე მეტი კლებაა მოსალოდნელი?!  ან ნაღდი ფულის კრიზისი აქვს და მშენებლობის გაგრძელება აღარ შეუძლია?! ანუ რატომ არის საჭირო ამ დონის ჩარევა – ეს კითხვები არსებობს“, – ამბობს ნამჩავაძე.

დახურული კაფეები და რესტორნები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
არშემდგარი „ეკონომიკური აპოკალიფსი“ და გამარტივებული თამაშის წესები

გახარიას გეგმის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც. მისი თქმით, ქვეყნის ღარიბი მოსახლეობა, რომელიც აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს და თავად ბინის ყიდვა არ შეუძლია, მთავრობის გეგმით, უფინანსებს სესხს იმ მდიდარ ხალხს, ვისაც ბინის ყიდვა სურს.

„ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას დღეს შანსი არ აქვს, რომ წავიდეს ბანკში, აიღოს იპოთეკური სესხი და იყიდოს ბინა. ამ დროს ამ ქვეყანაში არის ძალიან პატარა სეგმენტი, რომელსაც აქვს ამისი თავი. ვისაც დღეს ისე არ უჭირს, როგორც მოსახლეობის 99%-ს, მიდის ბანკში, რომ აიღოს იპოთეკური სესხი და დანარჩენი 99%, ვისაც არაფრის ყიდვის თავი არა აქვს, ისინი უსუბსიდირებენ მოსახლეობის ამ 1%-ს სესხის პროცენტს. ანუ, მდიდარს უხდის ბინის ფულს გაჭირვებული მოსახლეობა. ეს ხომ ჩვეულებრივი სიგიჟეა?!“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, მთავრობა ამ სქემას „გააპრავებს“ იმით, რომ – რადგან სამშენებლო სექტორს ძალიან გაუჭირდა, ამ დახმარებით ვიღაცები ბინებს იყიდიან, ეს ფული შევა სამშენებლო კომპანიებში, მერე ეს კომპანიები გაძლიერდებიან და გახდებიან ეკონომიკის ფუნდამენტიო. თუმცა, რეალური მიზეზი შეიძლება სულ სხვა იყოს:

„ჩახუტებული ჰყავთ კომპანიები. „არქი“ არის კალაძესთან დაახლოებული სამშენებლო კომპანია. იქნებიან სხვა კომპანიები, რომლებიც ასევე ვიღაცებთან არიან ახლოს. სავარაუდოდ, ფულსაც გააკეთებენ ამაში“.

საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალები - Sputnik საქართველო
საქართველოში კრედიტების გაცემა გამარტივდა

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „ფეისბუქში“ წერს:

„იპოთეკურ სესხს, როგორც წესი, იღებენ საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები. დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს საკმარისი რესურსი გრძელვადიანი სესხის ასაღებად არ აქვთ. გამოდის, რომ მთავრობა ახალი ინიციატივით, ეხმარება არა მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს, არამედ ყველაზე შეძლებულს. ეს მინიმუმ არასამართლიანია“.

იურისტი ლევან ალაფიშვილი კი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი გეგმა კონსტიტუციას არ შეესაბამება. „დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტიციურია. ისევე როგორც გალარების პროგრამა იყო“, – წერს ალაფიშვილი.

 

თემურ იოსელიანი

ყველა ახალი ამბავი
0