15:54 14 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4673
  • 100 RUB4.3180
  • USD3.0614
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
45 0 0

სამხედრო მიმომხილველმა ალექსანდრ ხროლენკომ აზოვის ზღვაში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა გააანალიზა.

ალექსანდრ ხროლენკო

აზოვზე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა - არის დასავლეთის მცდელობა, ხელოვნურად შექმნას ახალი საერთაშორისო პრობლემა და სამხედრო დაძაბულობის ზონა რუსეთის საზღვრებთან. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები აშშ-ისა და ნატოს გეგმების რეალიზების ინსტრუმენტის როლში გამოდიან. პასუხისმგებლობა იმ კონფლიქტების ესკალაციაზე, რომლებიც უკავშირდება რუსეთისა და უკრაინის შიდა აზოვის ზღვის ცალმხრივ მილიტარიზაციას, თანაბრად დაეკისრებათ კიევს, ბრიუსელსა და ვაშინგტონს. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შაბათს დაათვალიერა ბერდიანსკში 12 კატარღისთვის ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის ასაშენებლად გამოყოფილი მოედანი. პროექტის პრეზენტაციაზე ზელენსკიმ აღნიშნა: „მეტად მნიშვნელოვანია აქ საკუთარი ხომალდების განთავსება. ამგვარად დავიცავთ ჩვენს პორტებს, ჩვენს ვაჭრობას. ეს პირდაპირი დახმარებაა ეკონომიკისთვის“.

აშკარაა, რომ მორიგი მაიდანისა თუ დეფოლტის გარდა, უკრაინის ეკონომიკას არაფერი არ ემუქრება. სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობას კი ქვეყნის ბიუჯეტიდან 20 მლნ დოლარი დასჭირდება. სამი ახალი ნავმისადგომის მშენებლობა და ფსკერის გასაღრმავებელი სამუშაოები პროექტის შეთანხმებისთანავე დაიწყება და 2021 წლისთვის სამხედრო-საზღვაო ძალები ნიკოლაევსკის ოლქიდან აქ გადმოისვრიან „გიურზას“ კატარღების ორ დივიზიონს და Mark VI-ის საპატრულო კატარღების დივიზიონს (აშშ-ის სამხედრო დახმარება). ბერდიანსკის პორტის ადმინისტრაციის განცხადებით, სამხედრო ბაზა ხელს არ შეუშლის სავაჭრო პორტის მუშაობას და არ შეამცირებს მის სიმძლავრეს.

აზოვის აკვატორიაში სამხედრო საფრთხე ობიექტურად არ არსებობს, სახელმწიფო საზღვრები არ არის გამიჯნული. აზოვის ზღვის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი - რუსეთისა და უკრაინის შიდა წყლებია. შეგახსენებთ, მოსკოვმა და კიევმა 2003 წელს გააფორმეს შეთანხმება აზოვის ზღვის ერთობლივად გამოყენების შესახებ, 2012 წელს კი დაიდო დამატებითი შეთანხმება ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. ყირიმის ხიდის აგებას ამ სფეროში პრინციპულად არაფერი შეუცვლია. ხიდის დამცავი ზომები გონივრულია, საკმარისია და არ აფერხებს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში სამოქალაქო ნაოსნობას. ინტრიგას ის ქმნის, რომ 2003 წლის შეთანხმება კრძალავს აზოვის ზღვაში სხვა ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების გემების შემოსვლას ორივე მხარის - რუსეთისა და უკრაინის თანხმობის გარეშე.

მოქმედების თავისუფლება 

დღეს უკრაინას ორი სამხედრო-საზღვაო ბაზა აქვს ოდესისა და ნიკოლაევსკის ოლქებში. ეს დისლოკაციის ადგილები გემებს შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერ დროს გავიდნენ შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში ვიწრო ქერჩის სრუტის გავლის გარეშე. ყირიმის ხიდის ქვეშ გასაცურად „გიურზასა“ და MarkVI-ის კატარღებს სჭირდებათ რუსეთის თანხმობა. ხოლო ყირიმსა და ტამანს შორის ქერჩის სრუტის სიგანე დაახლოებით 5 კილომეტრია, ფარვატერი კი რუსეთის ნაპირიდან 500 მეტრშია და მას უალტერნატივოდ რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს.

უკრაინის ორიდან ერთი სამხედრო-საზღვაო ბაზის გადატანა ბერდიანსკში - პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს დროინდელი არაერთმნიშვნელოვანი პროექტია და დღეს მისი გაგრძელება, უპირველეს ყოვლისა, იმაზე მეტყველებს, რომ კიევი სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს. ჩემი აზრით, აზოვის ზღვის გაკონტროლებისკენ არა უკრაინა, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ისწრაფვის. აზოვის აკვატორიის გაკონტროლება - მტკივნეული გეოპოლიტიკური გამოწვევაა. ხოლო უკრაინის სამხედრო ბაზაზე, ზედ რუსეთის საზღვრებთან, ალიანსის სპეციალისტების დისლოცირება რეგიონში სტრატეგიული უპირატესობის მოპოვების ტოლფასია. აქ ხომ შავი ზღვის ქვეყნების გარდა სხვა სახელმწიფოთა საბრძოლო გემების დაყოვნების დროც კი შეზღუდულია. ამ თვალსაზრისით ბერდიანსკის პორტი - შესანიშნავი არჩევანია. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზა ხომ რუსეთის სანაპიროდან სულ რაღაც 70 კილომეტრით იქნება დაშორებული, ქერჩისგან - 150 კილომეტრით, როსტოვისგან კი (სადაც რუსეთის სამხედრო ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი მდებარეობს) - 220 კილომეტრით.

რუსული სისტემების შესუსტება, რომლებიც რეგიონში უცხო ძალების წვდომას ბლოკავენ, ალიანსს შეუძლია მხოლოდ რუსეთის საზღვრებთან უშუალო სიახლოვეს შემტევი კომპლექსების, სახმელეთო დაზვერვის საშუალებებისა და რადიოელექტრონული საბრძოლო მოწყობილობის განთავსებით. ბერდიანსკში სამხედრო-საზღვაო სტრატეგია არ არსებობს და ვერც იარსებებს. რეგიონში შავი ზღვის ფლოტის დომინირება აბსოლუტური და ურყევია. „გიურზას“ და Mark VI-ის ათეულ კატარღას შეუძლია მხოლოდ მორიგი კრიზისის პროვოცირება აზოვის ზღვასა თუ ქერჩის სრუტეში, რასაც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის წინასწარ ცნობილი შედეგები მოჰყვება. დიდი ალბათობით, ბერდიანსკის ბაზა, ათეული 25-მეტრიანი კატარღით, სარაკეტო შეიარაღების გარეშე - არის მხოლოდ თვალის ასახვევი ობიექტი ნატოს უფრო სერიოზული ინსტრუმენტების აღმოსავლეთისკენ გადმოსატყორცნად.

მოჩვენებითი ძალა 

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სამხედრო-საზღვაო ძალების ძველი გეგმები არ შეუცვლია და 2019 წლის ბოლოს ბერდიანსკსა და მარიუპოლში ჩამოყალიბდა წყალზედა გემების აზოვის დივიზიონი. აქ თავი მოუყარეს 2018 წელს „ქერჩის კრიზისში“ დაზიანებულ კატარღებს „ბერდიანსკსა“ და „ნიკოპოლს“, სამძებრო-სამაშველო ხომალდ „დონბასს“ და სხვა საბრძოლო ერთეულებს. ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის შესაქმნელად ეს ძალები საკმარისი არ არის. კიევი გეგმავს ოცი 23-მეტრიანი „გიურზის“ კატარღის აწყობას, მაგრამ 2020 წლის დასაწყისისთვის მხოლოდ შვიდი ასეთი კატარღა არსებობს.

ვაშინგტონის დახმარების გარეშე არაფერი გამოდის. მარტში პენტაგონმა აშშ-ის კონგრესს გააცნო თავისი გეგმები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების სახით 125 მილიონი დოლარის გადაცემის თაობაზე. სამხედრო დახმარების პაკეტში აღმოჩნდა საპატრულო კატარღა Mark VI. ამერიკულ გამოცემას The National Interest არ მიუთითებია კატარღების ზუსტი რაოდენობა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამერიკული ტექნიკა უკრაინისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ითქვა, რომ Mark VI არის კარგად შეიარაღებული და თანამედროვე ელექტრონული სისტემებით აღჭურვილი კატარღა.

26-მეტრიანი ამერიკული კატარღა (გათვლილი 10 ადამიანზე) აღჭურვილია ოთხი საბაზო 12,7 მმ-იანი კალიბრის ტყვიამფრქვევით და ორი 25 მმ-იანი კალიბრის ქვემეხით. თუმცა არც მისი სისწრაფე და არც მაღალსიხშირიანი და თანამგზავრული კავშირი იძლევა გამარჯვების გარანტიას.

როგორც არ უნდა იყოს, სააგენტო Stratfor რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში პენტაგონისა და ნატოს აქტივობის გარდაუვალი ზრდის პროგნოზს აკეთებს. შავი ზღვის ფლოტის ძალები მუდმივ მზადყოფნაში არიან და 13 აპრილიდან შავი ზღვის აკვატორიაში შემოსულ ამერიკულ სარაკეტო „პორტერს“ თვალს არ აცილებენ. აზოვის ზღვაში შესვლას ვერც ეს ხომალდი და აშშ-ისა და ნატოს ვერც სხვა გემები შეძლებენ, ეს რუსეთისა და უკრაინის შიდა წყლებია, სადაც თავისუფალი ნაოსნობა მხოლოდ რუსულ და უკრაინულ სამოქალაქო (სატვირთო და სავაჭრო) ხომალდებს შეუძლიათ. ქერჩის სრუტე არასდროს ყოფილა საერთაშორისო გაეროს 1982 წლის კონვენციის მიხედვით და მის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული მოთხოვნები „უცხოური ხომალდებისთვის სატრანზიტო ან მშვიდობიანი ცურვის“ უფლების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ აზოვის რეგიონში ვითარების შესაძლო გამწვავებისთვის პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას და მის მხარდამჭერ ქვეყნებს დაეკისრებათ. ამავე დროს, მოსკოვი კვლავ მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის.  

 

მთავარი თემები