ვინ გახდება ახალი გენერალური პროკურორი?

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თებერვალში საქართველოს პარლამენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე მეექვსე მთავარ პროკურორს აირჩევს. მანამდე კი საპროკურორო საბჭოში თითქმის ყოველდღიურად გრძელდება გასაუბრებები კანდიდატებთან.

17 იანვრისათვის, როდესაც საბუთების მიღება შეწყდა, საპროკურორო საბჭოში 17 იურისტის კანდიდატურა აღმოჩნდა წარდგენილი. თუმცა შემდეგ ერთი დააკლდა და ამჟამად გასაუბრებას 16 პირი გადის. გასაუბრების შემდეგ საპროკურორო საბჭო კენჭისყრით ჯერ სამ კანდიდატს შეარჩევს, საიდანაც საბოლოოდ ერთს ამოარჩევს და მას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც ამ პოსტზე ფარული კენჭისყრით დაამტკიცებს გენერალურ პროკურორს.

ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა და სისხლის სამართლის კოლეგიას ჩაუდგა სათავეში. მართალია, მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ამზადებდნენ, მაგრამ ცოტა საეჭვო წარმოშობის დიპლომის გარშემო ატეხილი ხმაურის გამო უზენაესი სასამართლო კვლავ უმეთაუროდ დარჩა. ამ მოვალეობას მშვენივრად ასრულებს ჯგუფ „ქართუს“ ყოფილი იურისტი მზია თოდუა და ნამდვილად არ არსებობს რაიმე დიდი აუცილებლობა, კიდევ ერთ სკანდალში გაეხვეს უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის გამო.

თბილისი - Sputnik საქართველო
რეიტინგების და წერილების ომი ქართულ პოლიტიკაში

რაც შეეხებათ „გენერალურ“ თუ „მთავარ“ პროკურორებს, „ქართული ოცნების“ მიერ კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ქვეყანას არა მთავარი, არამედ გენერალური პროკურორი ჰყავს, რომელიც უკვე არა აღმასრულებელ ხელისუფლებას, კერძოდ, იუსტიციის მინისტრს, არამედ მხოლოდ პარლამენტს უწევს ანგარიშს, ანუ საკანონმდებლო ორგანოს წინაშეა ანგარიშვალდებული.

„ქართული ოცნების“ პირველი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იყო, რომელიც ჯერ კიდევ პოლიტიკოსობისას სააკაშვილის კვებისა და სექსის შეფასებების გამო ჩავარდა ჟურნალისტების ყბაში, შემდეგ კი პროკურორის პოსტზე მუდმივად უტრიალებდნენ. მის შემდეგ ძალიან მცირე დროით ამ პოსტს ოთარ ფარცხალაძე იკავებდა, რომელიც, როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, დღესაც გავლენიან პირად რჩება და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად ითვლება. ნამდვილად რთული სათქმელია, მართლაც ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი ბოტასების ქურდობასთან გერმანიაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება მაშინ სკანდალს მოერიდა და ამ პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის პერიოდში ფინანსურ პოლიციაში გამობრძმედილი კადრი – გიორგი ბადაშვილი დანიშნა.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
მალე ახალი მთავრობა გვეყოლება?

ოპოზიცია არც ბადაშვილს სწყალობდა დიდად და ის მოგვიანებით პროკურატურის გამოცდილმა გამომძიებელმა ირაკლი შოთაძემ შეცვალა. სხვათა შორის, შოთაძის პროფესიონალიზმს ხელისუფლების ოპონენტებიც კი აღიარებენ. ის ლექციებსაც კითხულობს და კარგ გამომძიებლადაც ითვლება.

შოთაძე ყველაზე ხანგრძლივი ვადით იყო გენერალური პროკურორი.

2015 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მაისამდე ირაკლი შოთაძე ამ სერიოზულ უწყებას ედგა სათავეში, მანამ, სანამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაში დაშვებული ხარვეზების გამო პოსტიდან გადადგომა არ მოუხდა.

მას შემდეგ მთავარი პროკურორი გახდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და სისხლის სამართლის სპეციალისტი შალვა თადუმაძე, რომლის დიპლომმა ბოტასებზე არანაკლები დავა გამოიწვია ოპოზიციის მხრიდან. ხოლო როცა დიპლომის ნამდვილობა ირწმუნეს, თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცეს და ამით მისი ეპოპეა და მისი პერსონის განხილვა, იმედია, დასრულდა.

თბილისი, ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
სასიხარულო ამბები ავტომანქანების მფლობელთათვის – რეგულაციების ნაწილი გადაიდო

დღეისათვის გენპროკურორის მოვალეობას ისევ გიორგი ბადაშვილი ასრულებს, მაგრამ სულ მალე საქართველოს, ალბათ, ახალი გენერალური პროკურორი ეყოლება.

ეს კი, დიდი ალბათობით, ისევ ირაკლი შოთაძე იქნება, რომელიც ამ პოსტზე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა.

სხვათა შორის, კარგი შანსები აქვს კავკასიის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ სოფიო შენგელიასაც, რომელიც ამ უნივერსიტეტის კახი კალაძესთან დაახლოებული სამტრედიელი პრეზიდენტის კახა შენგელიას კადრად ითვლება. მას, სულ მცირე, თავდაპირველად ასარჩევ სამ კანდიდატს შორის მაინც მოუწევს ყოფნა.

ხელისუფლებასთან დაახლოებულ ექსპერტად და იურისტად ითვლება კიდევ პროკურორობის რამდენიმე კანდიდატი, რომელთაც ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს.

ჩვენი ინფორმაციით, საპროკურორო საბჭო პარლამენტს კანდიდატურას თებერვლის პირველ ნახევარში წარუდგენს, განხილვა და კენჭისყრა კი თებერვლის ბოლოსკენ იქნება შესაძლებელი.

ასე რომ, გაზაფხულისათვის ქვეყანას ახალი, 6 წლით არჩეული გენერალური პროკურორი ეყოლება.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0