შადრევან I და პოლიტიკური წვრილფეხობა...

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია პარლამეტთა
საპროტესტო აქცია პარლამეტთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძველებურად ახლებური რეალობა... პოლიტიკური ქორწინება ქართულად და მეფე-პატარძლის მიზანი... შედგება თუ არა დიდი პოლიტიკური ვაჭრობა?

სამსონ ხონელი

მკითხველს უნდა ვთხოვო, შემახსენოს, როგორ არის ნათქვამი?... დიახ, სწორედ რომ ასეა, „ქაჩალმა თავი ჯერ არ მოიფხანა, მერე კი - სულ დაიგლიჯაო...“ ჰოდა, ასეა ჩემი საქმეც!... მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პროცესებზე დიდი ხნის განმავლობაში სიტყვა არ დამცდენია და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკით დავკავდი... არასრული ერთი კვირა იქნება დავიწყებულ თემატიკას მივუბრუნდი, დავიწყე წერა და ახლა უკვე ბოლოც აღარ უჩანს... ამჯერად კი 24 ნოემბრისთვის დაანონსებული, მასშტაბური იმედგაცრუების მოლოდინში, გადავწყვიტე, პოლიტიკურ ბატალიებს ერთხელაც გამოვეხმაურო. მკითხველს ვპირდები, რომ არ გავმეორდები და განვითარებულ პროცესებსაც უახლესი პოლიტიკური წარსულის კონტექსტში მიმოვიხილავ... მაშ ასე, თანმიმდევრულად მივყვეთ...

ჩვენი დროების პოლიტიკურ კალენდარზე დასასრულის დასკვნითი ეტაპია. დასასრულის დასაწყისი 2011 წლით თარიღდება. საზოგადოებაში ქველმოქმედებით სახელმოხვეჭილმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა და სიტყა მალევე საქმედ აქცია. პოლიტიკური ველი აიჭრა, წინასაარჩევნოდ გაშლილი ბანქო აირია. ხელისუფლება დაიძაბა, მმართველი გუნდის სატელიტურ პარტორგანიზაციებს საფიქრალი მიეცა...

საპროტესტო აქციები რუსთაველზე - Sputnik საქართველო
სატელევიზიო „კარწინკა“... ანუ ფიქრები წყაროზე

ძნელი არ იყო განჭვრეტა, ხალხის ნდობითა და ქართული პოლიტიკური რეალობისთვის მანამდე უცხო და უპრეცენდენტოდ დიდი ფინანსური რესურსით გამორჩეული ახალი მოთამაშე, ბიძინა ივანიშვილი მომავალ დაპირისპირებაში მმართველ გუნდს არაფერს დაუთმობდა... ოპოზიციურ ფლანგზე მეტ-ნაკლებად აქტიურ პოლიტიკურ დაჯგუფებებსა და ცალკეულ ფიგურებს ამომავალი მზის ქვეშ ადგილის მოპოვება სასიცოცხლო ამოცანად ექცათ... უცხო არ არის, ფართო კოალიციის ჩამოყალიბების მოლოდინი ჰქონდათ... ბიზნესმენმა ახალი პოლიტიკური გუნდის შეკოწიწება დაიწყო...

ერთ ნაწილს თავად უხმო, მეორე ნაწილი კი თავისით ეძლეოდა. არჩევანი გააკეთა... გაირკვა, რამდენიმე პარტიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გემოვნება ვერ დააკმაყოფილა. მათ შორის იყვნენ − „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან-დემოკრატები“ და „დემოკრატიული მოძრაობა − ერთიანი საქართველო“... რაც შეეხება „ლეიბორისტულ პარტიას“, ის ბიძინა ივანიშვილმა ფსევდო-ოპოზიციურ პარტიად მოიაზრა და მასთან თანამშრომლობის საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა...

მალევე, მმართველი გუნდისა და ოცნების კოალიციის  მიღმა დარჩენილი პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა ჩამოაყალიბა პოლიტიკური კლასი − შუაშისტები. პოლარიზებულ საზოგადოებას ისინი საკუთარ თავს ალტერნატივად სთავაზობდნენ... ვარაუდობდნენ, რომ პარლამენტში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მანდატების რაოდენობას ამ ორი რადიკალურად დაპირისპირებული სუბიექტიდან ვერცერთი მოახერხებდა. შესაბამისად, სწორედ, მათი მანდატები იქნებოდა მნიშვნელოვანი და ფასსაც დაიდებდა. პარლამენტში საკონტროლო პაკეტის მოპოვების ეს მცდელობა შუაშისტებისთვის მარცხით დამთავრდა. საარჩევნო ბარიერის გადალახვა მათგან ვერავინ შეძლო... მმართველი გუნდი დამარცხდა, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება გადაიბარა. შუა კი გაიკრიფა... ნაწილმა პოლიტიკური თავგადასავალი დაასრულა და სხვა საქმეს მიჰყო ხელი, მცირე ნაწილი დღემდე შემორჩა  პოლიტიკურ სცენას და თანაც განსხვავებული სტატუსით. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით გაბრაზებული პოლიტიკოსების ერთობის ჩამოყალიბებაც სწორედ ამ დროიდან დაიწყო...

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
ოცნების ერთობა... პოლიტიკური ნოეს კიდობანი ანუ ორი აქციის მოლოდინში...

პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ფიგურების დალაგების და დაფიდან გადალაგების ერთი ესტაფეტა 2016 წელმა აიტაცა... არა, ეს შეცდომაა, მანამდე ხომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა?! - შემახსენებს მკითხველი. მინდა დაგარწმუნოთ, არ დამვიწყებია. ისიც მახსოვს, ერთი წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმართველობაც ავირჩიეთ, თუმცა დავსძენ, რომ 2012-2019 წლებში საჭადრაკო დაფაზე გათამაშებულ პარტიას ძირითადად, საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში მიმოვიხილავ. მორიგ საარჩევნო ბატალიებს მმართველი გუნდი განახლებული შემადგენლობით შეხვდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტმეგობრების ერთი ნაწილისთვის ხელისუფლების ხიბლით ტკბობა ხანმოკლე არმოჩნდა. კოალიცია დაიშალა და ყოფილმა პარტნიორებმა თვიანთი შესაძლებლობები დამოუკიდებლად გამოსცადეს... კარგი ჩიტიც დაიჭირესო, ალბათ ბრძანებს მკითხველი. პათოსს ნაწილობრივ გავიზიარებ. ვიღაცამ „ჩიტი დაიჭირა“ და ვიღაცამ „გველხოკერას გამოკრა ხელი“... ბიძინა ივანიშვილის ოპონენტებისთვის არჩევნები კრახით დასრულდა. ამას ხომ არავინ ელოდა... მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. ოპოზიცია კი შოკიდან დიდხანს ვერ გამოვიდა...

თბილისის ქუჩა - Sputnik საქართველო
ხმები „ლარის გარდაცვალებაზე“ ნაადრევია? ანუ მძიმე რეალობა და ბუნდოვანი პერსპექტივა...

მიხეილ სააკაშვილის გუნდში სასტიკი მარცხის მიზეზებზე ვერ შეთანხმდნენ და დიდი „მსოფლმხედველობრივი ერთობის“ საძირკველი მოირღვა... იმ დროს ქვეყნიდან უკვე გაქცეულ და უკრაინაში მოღვაწე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, როგორც თავად იტყოდა, პარტია ჩამოეშალა... ერთი სიტყვით, ყოფილი და მოქმედი ლიდერების უახლოეს გარემოცვაში დიდი, საშუალო თუ მცირე პოლიტიკური განქორწინებების შედეგად, ჩვენში ახალი პოლიტიკური კლასი - პოლიტიკური წვრილფეხობა ჩამოყალიბდა... კიდევ უფრო გაიზარდა ბიძინა ივანიშვილზე გაბრაზებული პოლიტიკოსების რაოდენობა... დაფის ერთ მხარეს მმართველი გუნდია, მეორე მხარეს კი რადიკალური ოპოზიცია... კარგი, მაგრამ ეს შადრევან I ვინღაა? - ჩამეძიება მკითხველი. განვმარტავ, მიხეილ სააკაშვილის მეტსახელია. ორიგინალური მიგნების ავტორი არ მახსოვს, ქვეყანაში მორიგი შადრევანის გახსნიდან რამდენიმე დღეში ყურს მოსწვდა და მას შემდეგ ავიტაცე. იმედია, რომ არ გამინაწყენდება, თუმცა ვეჭვობ, ახლა მას ჩემთვის ეცალოს... მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ...

პოლიტიკური წვრილფეხობა ცდილობს მმართველ გუნდსა და საზოგადოებას თამაშის საკუთარი, მისთვის სასურველი და მისაღები წესები მოახვიოს. არადა, არავის დაუთვლია, პროპორციულ საარჩევნო სისტემას საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს. დათვლას ვერ შევძლებ, თუმცა  დავინტერესდები ვინ არის დაინტერესებული პროპორციული საარჩევნო სისტემით და რატომ? კითხვას თავადვე ვუპასუხებ. არ არის საკამათო, ეს პოლიტიკური წვრილფეხობაა, პოლიტიკური კლასი, რომელიც ბოლო შვიდ წელიწადში ჩამოყალიბდა... მცდარია მოსაზრება, რომ ახალი რეალობის შემოქმედი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია. არ არის ასე... მორალურად დაბერდა პოლიტიკური ელიტა და იდეურად უნაყოფოა. არ ვიცი, ზუსტად რამდენი, მაგრამ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე გათამაშებულ პარტიას, ბევრი მხარდამჭერი რომ არ ჰყავდეს, მარტო „დიდოსტატი“ ვერას გახდებოდა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
სჯობს თუ არა გვიან, ვიდრე არასდროს?... ანუ ეროვნული ბანკის ვერდიქტი...

საინტერესოა, პოლიტიკურ თანაკლასელებს რა აერთიანებთ? ვეჭვობ, მათგან ვინმე ძველი დიდების დაბრუნებაზე ფიქრობდეს... რატომ, აწყენთ? − ჩამეკითხებით. საპასუხოდ იმედს გამოვთქვამ, რომ თვით შეფასების თუ არა რეალობის აღქმის უნარი ჯერ კიდევ შემორჩათ. მიზანი კი სავარაუდოდ, პოლიტიკური ჭაობის ზედაპირზე ტივტივია... საამისოდ, ახლა მათი ამოცანა მომავალ პარლამენტში მანდატების იმ რაოდენობის მოპოვებაა, რომელიც მათი მხარდაჭერის გარეშე მთავრობის ფორმირებას შეუძლებელს გახდის...

რა დასამალია, ე.წ. ნულოვანი ბარიერი პოლიტიკური წვრილფეხობის დიდ ნაწილს აძლევს ერთი და ორი საპარლამენტო მანდატის მოპოვების შანსს. ორს დაემატება ორი, კიდევ − ერთი ან ორი და ასე შეკოწიწდება ე.წ. ოქროს პაკეტი... დიდი პოლიტიკური ვაჭრობა გაიმართება... ვიღაცა მინისტრის ერთ ან ორ პორტფელს მოითხოვს, ვიღაცის თანხმობა ფასს, უკვე პირდაპირი მნიშვნელობით, დაიდებს... ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ კარგი კი იქნება, ვიცოდეთ, პოლიტიკური წვრილფეხობა, თავის რიგებში ჯამურად და ცალ-ცალკე რამდენ წევრს ითვლის? ვეჭვობ, ეს არავინ იცის, მათ შორის არც წვრილფეხობის თავკაცობამ... მთავარია, ჟღერს − „ოპოზიციური სპექტრი... ოცზე მეტი პოლიტიკური პარტია...“ და კიდევ ერთი, რაც აშკარად ჩანს... ნათქვამია, „ხელი ხელს ბანსო...“ წვრილფეხობას შადრევან l-ის ელექტორალური რესურსი სჭირდება, ხოლო შადრევან I-თვის წვრილფეხობა საკუთარი თავის დიდი პოლიტიკური ერთობის ლიდერად წარმოჩენის საშუალებაა. სულ ეს არის... ორივე ხელი პირს დაბანს თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს...

ამასობაში ჩვენ სად ვართ? − ჩამეძიება მკითხველი. არ დავკონკრეტდები და რეპლიკას უპასუხოდ დავტოვე, უბრალოდ, სამ წერტილს დავსვამ და დარწმუნებული ვარ, არავინ ჩამეძიება, რატომ?...

 

ყველა ახალი ამბავი
0