ოცნების ერთობა... პოლიტიკური ნოეს კიდობანი ანუ ორი აქციის მოლოდინში...

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეუსრულებელი პირობა, გაბრაზებული ხალხი და საპროტესტო აქციის მოთხოვნები... წყაროზე მივიწყებული ხალხის ხმა და შოკირებული დასავლეთი...

სამსონ ხონელი

გიხაროდენ, არის, ასრულდა! ყველანი ერთად დადგნენ...

არა, მგონი, ვცდები... კი ასეა, მინუს ერთი...

მიუხედავად ამისა, იმედია, მწყობრი ნაბიჯით ივლიან და ანაც ეცდებიან, მოსახვევში ჩაეწერონ...

ვიცი, კონკრეტიკისკენ მიმითითებს მკითხველი და რა გაეწყობა, ყურად ვიღებ.

„...გპირდებით, მას შემდეგ რაც, საბოლოოდ გაირკვევა, მომავალ წელს როგორ მოგვიწევს მიცემა, პოლიტიკური აღებ-მიცემობის საკითხს უსათუოდ დავუბრუნდები...“

- ვწერდი სამი დღის წინათ. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ არ ვარ გუნდიდან - ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი... ამაშია საქმე, ეს არის მთავარი, სიტყვა არ უნდა გატეხო, - ბრძანებთ თქვენ და დარწმუნებული ვარ, მოელით, რომ წინამდებარე სტატიით, ბოლო დღეების პოლიტიკურ თავგადასავალს გამოვეხმაურები... ვარაუდი ლოგიკურია, თუმცა ამჯერად არავის ნააზრევს მოვიშველიებ და მხოლოდ ჩემეულ ხედვას შემოგთავაზებთ.

სანდრო ბრეგაძე - Sputnik საქართველო
„ქართული მარში“ 17 ნოემბრის აქციაზე გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს არ შეუერთდება

თუ ჩამძიებით, საიდან ამდენი ამბიცია? - განვმარტავ, რომ პოლიტიკური პროცესების ანალიზის, შეფასებისა და მოვლენათა შესაძლო განვითარების პროგნოზირების გარკვეული გამოცდილება მაქვს და ამ გაბედული გადაწყვეტილების საფუძველიც სწორედ ეს არის...

აქვე, მკითხველს მინდა პატიება ვთხოვო, რადგან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის, გიგა მაქარაშვილისგან განსხვავებით, არ ვარ მზად, მართვის სადავეები ავიღო ხელში და ვმართო ეს ქვეყანა... ეს ხომ ჩეულთა ხვედრია და ყველას არ ძალუძს. ასე რომ, მოკრძალებულად, მხოლოდ ხმამაღლა ფიქრით დავკავდები...

არაფერი განსაკუთრებული და მაღალი ყურადღების ღირსი... პოლიტიკური პროცესი კიდევ ერთხელ გავიდა ქუჩაში... ეს მისთვის უცხო არ არის, კაცმა რომ თქვას ის ჩვენში ხომ სწორედ ქუჩაში დაიბადა და იქვე იზრდება, აგერ უკვე თითქმის, ოცდაათი წლის განმავლობაში... ღია ცის ქვეშ, დარსა თუ ავდარში, ძირითადად ქვეყნის მთავარ გამზირზე დავაჟკაცდა, თუმცა კი, ვეჭვობ, ვერ დაღვინდა პოლიტიკური სპექტრი.

„ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
„ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

ერთი სიტყვით, შოთა რუსთაველის გამზირი უკვე დიდი ხანია, ქართული სახელმწიფოს შენების არენად იქცა. არავინ იფიქროს, რომ ახლა პოლიტიკურ პროცესებსა და პარტიათა დაპირისპირებაში ე.წ. ქუჩის საპროტესტო აქციების მნიშვნელობის დაკნინებას ვაპირებ, არა, ვეჭვობ, ჩვენში ბალანსი დარღვეულია და ქუჩაში ემოციების ფრქვევა რაციონალურ გადაწყვეტილებებს სჭარბობს. მოტივი ყოველთვის ერთია, ძალაუფლებით თრობის სურვილი, მიზეზი კი ცვალებადია, განსხვავებული, მეტ-ნაკლებად ოსტატურად შეფუთული. არ ჩამოვთვლი, შორს წამიყვანს და მთავარი დამრჩება უთქმელი...

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ჯგუფურმა ფოტოსურათმა სოციალური ქსელი დაიპყრო. არ მიკვირს. ჩანს სამშობლოს ნათელი მომავალისა და კეთილდღეობისთვის  მებრძოლი მამულისშვილების ნათელი სახეები, იგრძნობა ჟინი, თავდადებისთვის მზაობა... რაღა უნდა ინატრო ამაზე მეტი? შეუმჩნეველი არაფერი რჩება და ინტერნეტმომხმარებლებმა კომენტარები და რეპლიკები არ დაიშურეს. ხალხი ხომ ბრძენია? უმრავლესობა გაოცებას ვერ მალავდა სახელდახელოდ ფორმირებული, ახალი ერთობის წევრთა, მსოფლმხედველობრივი და მორალური პრინციპების თანხვედრის გამო. პოლიტიკური ვარსკვლავების საპროტესტო გასეირნების ამსახველმა ფოტომ ბევრს გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აგებული შენობა გაახსენა.... ის, რომელსაც დაჟინებით უნდა უმზირო, რომ გაერკვე ნაგებობის ერთი ნაწილი ამავე ნაგებობის რომელ ნაწილშია... სდექ! − შესაძლოა, ბრძანოს მკითხველმა. რატომ? − მივუგებ პასუხად. ეთიკის ნორმები დაცულია, მე მხოლოდ არქიტექტურული დეტალების დ თავსებადობაზე გავამახვილე ყურადღება. უნდა განვაგრძო თხრობა... ქუჩაში გავიდნენ მმართველი პარტიის ოპონენტები, მათ შორის ნახელისუფლარნი და ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილან ძალაუფლებით ნაბახუსევი... მოტივი უცვლელია, არ გავმეორდები, მიზეზი არის განსხვავებული.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა მხარეებს დიალოგისთვის ყველა რესურსის გამოყენებისკენ მოუწოდა

დარწმუნებული ვარ, მკითხველმა კარგად იცის, დაკონკრეტება საჭირო არ არის. ფაქტია, უკვე რამდენიმე წელია, პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის უდიდესი ნაწილიც ქვეყანას წლების განმავლობაში მართავდა, ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდა, რომ პოლიტიკური სისტემა გაუმართავია, რაც მათივე შეფასებით, შერეული საარჩევნო სისტემის შედეგია. პროპორციული და მაჟორიტარული სისტემების თანაარსებობა რეალური ელექტორალური განწყობის პარლამენტში ასახვის შესაძლებლობას არ იძლევა და თანაც მაჟორიტართა უმრავლესობა თავიანთ რაიონებს ფეოდალებად მოევლინენ... ხშირად ხდება ასე...

რაც სახელისუფლებო, კომფორტული კაბინეტიდან შეუმჩნეველია, კარგად ჩანს, როცა პოლიტიკოსები ამ კომფორტის მიღმა რჩებიან... ერთი სიტყვით, მმართველი გუნდის ოპონენტები წლებია, ხელისუფლებისგან საარჩევნო სისტემის შეცვლას მოითხოვენ. უახლეს ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, დავრწმუნდებით, რომ მაჟორიტარების საწინააღმდეგო კამპანია, განსაკუთრებით 2016 წლიდან, გააქტიურდა. ეს ის პერიოდია, როცა პოლიტიკური ველიდან შუა გაკრეფილია, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნება“ რამდენიმე სუბიექტმა უკვე დატოვა და შედეგად, პოლიტიკური წვრილფეხობა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ევროკავშირისა და აშშ-ის რეაქცია

არ გაგიკვირდეთ, პოლიტიკოსთა არც თუ მცირე ნაწილი ხელმოცარული დარჩა. რა გასაკვირია, რომ მათთვის პოლიტიკური რეინკარნაცია სასიცოცხლო ამოცანად იქცა. საარჩევნო სისტემის მოდიფიცირება ამ ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთ საშუალებად მოიაზრება. იყო დაპირება, თუმცა არ შესრულდა... 

ჩემეული შეფასებით, დაპირება ნაჩქარევი იყო, არ შეიძლება გასცე ის პირობა, რომლის შესრულება მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული. მაჟორიტართა დიდი ნაწილი რეფორმას იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა და  არც იმის პროგნოზირება იყო ძნელი, რომ პოზიციას არ შეიცვლიდა. რა მოტივით? − ეს სხვა საკითხია, თუმცა დავუშვათ ყველაზე მიუღებელიც, პირადი კეთილღეობა... რა ხდება მას შემდეგ, ვინ რას ითხოვს, და რა სცენარით განვითარდება პროცესები? კითხვენს მოკლედ ვუპასუხებ, ისეთი არაფერი მოხდება, რაც ჯერ არ მომხდარა. მთავარია, საპროტესტო აქციის პათოსი გავიზიაროთ. ვიცი, ბევრს სჯერა, რომ ხალხი წართმეული პროპორციული არჩევნების გამო ბრაზობს. რაკი ასეა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხზე მოგახსენებთ...

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
როგორ ჩაიარა ახალი საპროტესტო ტალღის პირველმა ღამემ თბილისში

არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება პარლამენტში პარტითა წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, აუცილებელია, ქვეყანაში პარტიული სისტემა არსებობდეს, პარტიები საზოგადოების ცალკეული ჯგუფების ინტერესებს უნდა გამოხატავდნენ და მათი ნდობით სარგებლობდნენ. ბანალურია, მაგრამ ასეა... ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის უკლებლივ ყველა შედეგი სავალალო ტენდენციაზე მიანიშნებს. პოლიტიკური პარტიებისადმი საზოგადოების ნდობა სულ უფრო იკლებს. მოსახლეობის ნახევარი აცხადებს, რომ მის ინტერესებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საშემოდგომოდ გასაჯაროებული კვლევის ერთ-ერთი მონაცემი. პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები დიდი ხანია საუბრობენ, რომ პოლიტიკური აქტიორებისა და მათი საქმიანობისადმი ხალხში სულ უფრო მზარდი ნიჰილიზმია. ნიჭიერი ხალხი ვართ, სუსტი პარტიული სისტემისა და კრიტიკულად დაბალი პოლიტიკური კულტურის ქვეყანაში მმართველობის საპარლამენტო მოდელი შემოვიღეთ და ახლა არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას ვითხოვთ. არ გამოვრიცხავ, ხედვა სწორია, თუმცა ვეჭვობ, ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას ყველა შესაძლო შედეგი წინასწარ უნდა იყოს გათვლილი. არადა, ამაზე არავის უზრუნია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ აზვირთებული საპროტესტო მუხტის მიზანი ხელისუფლების მყისიერად, რევოლუციური სცენარით ჩანაცვლებაა, ხოლო სხვა ყველაფერი ამ მიზნის ლამაზად შეფუთვას ემსახურება...

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა

აქ მსურდა წერტილის დასმა და დროებით დამშვიდობება, მაგრამ არ ვიქნებოდი მართალი. ბოლო ჟამს ჩვენში არავინ ინტერესდება, რას ამბობს ხალხი წყაროზე და მზერა დასავლეთით არის მიპყრობილი... ის კი წუხს, შფოთავს, თუმცა არის წინსვლა. დასავლეთი შოკშია! სხვისი არ ვიცი, მე კი საქართველოში მიმდინარე პროცესით შოკირებული დასავლეთი არ მახსოვს... არც მაშინ, როცა... არ დავკონკრეტდები, მიმიხვდება მკითხველი. ისე, გაკვირვებას კი იწვევს. დასავლეთი, სადაც მაჟორიტარული დემოკრატიის აკვანი დაირწა, ჩვენს ხელისუფლებისგან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს... რატომ? ეჭვი მაქვს, სასწორის პინაზე ახლა გაცილებით მეტი დევს, ვიდრე საარჩევნო სისტემა და თავად მომავალი არჩევნები... მაინც რა ეს „გაცილებით მეტი“... პასუხით ამ კითხვაზე იქნება პასუხი ყველა სხვა კითხვაზე!

 

ყველა ახალი ამბავი
0