გულზე მიხაკი... ანუ როცა ფასებს ვუმზერ...

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშისუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენკენისთვის რეკორდი დაეცა – ინფლაცია 6.9 პროცენტია! საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ინფლაციის შემდგომ ზრდას პროგნოზირებს. რატომ დაამუხრუჭა ქვეყნის ეკონომიკამ და როგორ იმოქმედა ლარისთვის გამოწერილმა წამალმა...

 სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიას „აღიარებითი ჩვენებით“ დავიწყებ: ჩვენი დროების შემხედვარეს სიმღერა გამახსენდა. რაკი ვოკალური მონაცემებით არ გამოვირჩევი და სინდისი ჯერ კიდევ მაწუხებს, მოგუდულად წავიღიღინე − „სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა...“ აი, მხოლოდ ეს ერთი სტრიქონი და არც ერთი სხვა. რა გამღერებს, შე კაცო, ვერ ხედავ, ქვეყანა თავზე გვემხობა?! კიდევ უფრო აირია ერი და ბერი. პოლიტიკოსები სულის სიწმინდეზე ქადაგებენ, მღვდელმსახურები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ − უსათუოდ მიმითითებს მკითხველი. არავინ იფიქროს, ყურადღების მიპყრობას ბოლო დროს საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ პროცესებზე ვაპირებ. არა, ქვეყნად იმდენი ბრძენია, აბა, მათ როგორ გავეჯიბრები? ერთს ვიტყვი მხოლოდ, ეგება, ერმა ერისას მიხედოს, ბერი გაარკვევს ბერისას. ლექსადაც გამომივიდა, თუმცა მომდევნო სიტყვათაწყობაც პოეტური ჟღერადობით როდი იქნება გამორჩეული... თუ ვინმე ჩამეძიება – რის თქმას აპირებ ასეთის? მოკლედ მივუგებ პასუხად – ჩვენს შეჭირვებულ ყოფას დავუბრუნდები: ღვინობისთვისამ აჯობა, დაეცა სექტემბრის რეკორდი!..

თბილისის ქუჩა - Sputnik საქართველო
ხმები „ლარის გარდაცვალებაზე“ ნაადრევია? ანუ მძიმე რეალობა და ბუნდოვანი პერსპექტივა...

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ოქტომბრის თვის მონაცემები გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ წლიური ინფლაციის დონემ ახლა უკვე 6.9 პროცენტი შეადგინა. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 6.4 პროცენტი იყო. 2017 წლის შემდგომ პერიოდში ასეთი მაშტაბური ინფლაცია საქართველოში არ ყოფილა. რამ განაპირობა მზარდი ინფლაცია, როგორ და რა ვადაში შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა? კითხვებზე პასუხის გაცემა ბოლო დროს რამდენჯერმე ვცადე და თითქოს სათქმელი ახალი რა უნდა იყოს, მაგრამ გაირკვა, რომ არ არის ასე...  

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჯიუტად „პირველ ჩვენებას აწვება“. „როდესაც ფასები იზრდება, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რა არის ამის საფუძველი და რა ზომებია მიღებული. ბევრჯერ აღვნიშნე, რომ სათანადო გადაწყვეტილებები მივიღეთ. ეროვნულ ბანკს გააჩნია ის ბერკეტები, რომლითაც რეაგირებს ინფლაციაზე. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ერთხელ ასეთი მომენტი გვქონდა 2017 წელს, როცა ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო მაღალი იყო. მაშინ დროული და სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარებით ინფლაცია, როგორც ამას ვპროგნოზირებდით, მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდა. ვფიქრობთ, რომ სწორი რეაგირებით აბსოლუტურად მივაღწევთ საჭირო შედეგს. ზოგადად, უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ახერხებს ქვეყანა და ქვეყნის ეკონომიკა ასეთი შოკების გადატანას. ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგია, ხოლო ინფლაციის ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგია, რაც, თავის მხრივ, რუსეთიდან ფრენების აკრძალვის გამო მიღებული ნაკლები ტურისტული შემოსავლით და უარყოფითი მოლოდინებით არის გამოწვეული“, − ასე გამოეხმაურა კობა გვენეტაძე ფასების ზრდას.    

თბილისი - Sputnik საქართველო
სჯობს თუ არა გვიან, ვიდრე არასდროს?... ანუ ეროვნული ბანკის ვერდიქტი...

მზარდი ინფლაციის გამომწვევი მიზეზების შეფასებაში ქვეყნის პირველ ბანკირს ეთანხმებიან ანალიტიკოსებიც და საქმიანი წრეების წარმომადგენლებიც. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შეფასებას, აქ აზრთა სხვადასხვაობაა. უფრო მეტიც, კობა გვენეტაძე უმცირესობაშია. ეროვნული ბანკის თავკაცის მოსაზრებას, რომ „ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგია“, თითქმის არავინ ეთანხმება. მათ შორის არის ბადრი ჯაფარიძეც, რომელსაც ქართული მართლმსაჯულება მამუკა ხაზარაძესთან ერთად ფულის გათეთრებას ედავება. ბიზნესმენის შეფასებით, ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება. მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ამ მიმართულებით კმაყოფილების რაიმე საფუძველი ნამდვილად არ აქვს. „აცხადებენ და ამაყობენ, რომ ოქტომბერში ეკონომიკის მაჩვენებელი 5 პროცენტით გაიზარდა. საკითხავია, რასთან შედარებით გაიზარდა? შარშანდელ მესამე კვარტალთან შედარებით? მაშინ ძალიან დაბალი ზრდა დაფიქსირდა... საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4.3 პროცენტი იქნება. ეს ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი 4.8 პროცენტი იქნებოდა. ეს არის ძირითადი პრობლემა, რომლის გადაჭრის არანაირი პროგრამა და ხედვა სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს“, − განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. სავარაუდოდ, ახლა მკითხველი გაიხსენებს, რომ ბადრი ჯაფარიძეს სამართლებრივი პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როდესაც ეროვნული ბანკის სარევიზიო კომისიამ „თიბისი ბანკის“ შემოწმების დასკვნა პროკურატურას გადაუგზავნა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საბანკო არითმეტიკა... პესიმისტური პროგნოზი და სარფიანი შედეგი...

არც ის გამიკვირდება, მკითხველმა იფიქროს, ბადრი ჯაფარიძეს ქვეყნის პირველი ბანკირის „ლიჩნი ნეპრიაზნი“ აქვს და მისი კრიტიკის საფუძველიც ეს არისო. თუმცა, ფაქტია: ეკონომიკური ზრდის ტემპს უარყოფითად აფასებენ ექსპერტ-ანალიტიკოსები და საფინანსო-ეკონომიკური სფეროს სპეციალისტები. „თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა დიდხანს ვერ დაძლევს სიღარიბეს. მთლიანი შიდა პროდუქტის არა თუ ხუთპროცენტიანი, არამედ 6-7 პროცენტის ფარგლებში ზრდაც ნიშნავს ერთი ადგილის ტკეპნას. ჩვენ ნახევარი საუკუნე მაინც დაგვჭირდება, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დღეს არსებულ, საშუალო ეკონომიკური განვითარების პარამეტრებს მივუახლოვდეთ“, − ამბობს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე. „მთავარი პრობლემა ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპია. თუ გვინდა არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, ეს მაჩვენებელი ორნიშნა უნდა იყოს, მინიმუმ 10-11 პროცენტის ფარგლებში. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ სხვა გზა არ არის“, − აცხადებს ექსპერტი სოსო არჩვაძე.

რაც შეეხება ინფლაციის გამომწვევ მიზეზს − ლარის გაუფასურებას, ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს პირველ რიგში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირების შედეგია. ეკონომიკა არაეფექტურად იმართება. ამანაც გამოიწვია ლარის გაუფასურება. შედეგად ინფლაცია გაორმაგდა და ნაცვლად მიზნობრივი 3 პროცენტისა თითქმის 7 პროცენტია. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მაღალი ინფლაცია პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს და მნიშვნელოვნად ამცირებს მათ მსყიდველუნარიანობას.

თბილისი - Sputnik საქართველო
სანდო ქვეყნის იმიჯი, პოზიტიური პროგნოზი და გაურკვეველი მოლოდინი...

დაპირებული სიახლე სად არის? − შესაძლოა ჩამეძიოთ. ახლავე მოგახსენებთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ანალიტიკოსთა და სპეციალისტთა ნაწილი ლარიზაციის პროგრამას ასახელებს. არადა, ეს პროგრამა ორიოდე წლის წინ სწორედ ლარის გაჯანსაღებისა და კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო. საინფორმაციო პორტალი „ბანკები და ფინანსების“ ანალიტიკოსი შოთა კორინთელი დოლარიზაციის მაღალ დონეს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს, აცხადებს, რომ ასეთ პირობებში არასტაბილურობისა და ეკონომიკაზე გარეგანი რყევების ზემოქმედების ხარისხი მაღალია. შედეგად ადგილობრივი ვალუტა ნდობას კარგავს და, შესაბამისად, უცხოური ვალუტისადმი მიდრეკილება იზრდება. მისივე შეფასებით, ლარიზაციის ათპუნქტიანი გეგმის ამუშავებით მთავრობამ გარკვეული პოზიტიური შედეგები გამოიღო. სესხების დოლარიზაცია 65.4 პროცენტიდან 57 პროცენტამდე შემცირდა. მაგრამ პარალელულად გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად გაიზარდა მოსახლეობაში ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა და რა უარყოფითი შედეგები მოჰყვა ხელოვნურ ლარიზაციას? „პროგრამის ამუშავებამდე რისკები არ გაანალიზებულა. მაშინ, როცა ლარი მუდმივად კარგავს პოზიციებს დოლართან მიმართებით, პრაქტიკულად შეუძლებელია ხელოვნური შეზღუდვებით ეროვნული ვალუტისადმი ნდობის ზრდა. გარდა ამისა, ლარზე ხელოვნურად მოთხოვნის გაზრდამ ლარის გაუფასურებას შეუწყო

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
გაძვირებული სესხები და ეკონომიკური სტაგნაციის საფრთხე...

ხელი, რაზეც აშკარად არ იყო ნაფიქრი პროგრამის ავტორების მიერ“, − აცხადებს ექსპერტი და დასძენს, რომ ლარიზაციის პროგრამის მოწინააღმდეგე ექსპერტ-ანალიტიკოსთა მოსაზრებები გამართლდა. ლარიზაციის შედეგად მიმოქცევაში დაჩქარებული ტემპით გაიზარდა ლარის მასა და სწორედ ეს აისახა ნეგატიურად ეროვნული ვალუტის კურსზე. სახეზეა ეროვნული ვალუტის  გაუფასურების ისტორიული ნიშნული, ინფლაციური პროცესები. ეროვნული ბანკი მუდმივად ამკაცრებს რეფინანსირების განაკვეთს, რაც ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. აქვე შოთა კორინთელი აცხადებს, რომ ლარიზაცია თვითმიზანი არ უნდა იყოს, დოლარის ლარით ჩანაცვლების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ეკონომიკის გაჯანსაღების პარალელურად.  ხელოვნური ჩარევა ხშირად კონტრპროდუქტიული შედეგების მომტანია.

ერთი სიტყვით, არ არის გამორიცხული, ლარის ავადობა იმ წამალმა გაამწვავა, რომელიც მისივე გაჯანსაღებისთვის მთავრობამ გამოწერა. ასეც ხდება ხოლმე...

ამასობაში გაირკვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი მიმდინარე წლისთვის ინფლაციის გაზრდას 7.2 პროცენტამდე პროგნოზირებს... რა გითხრათ? თუ ასე გაგრძელდა, იმ სიმღერისა არ იყოს, შესაძლოა, გულზე დავიბნიოთ მიხაკი. პერსპექტივა მძიმეა, მაგრამ...

 

ყველა ახალი ამბავი
0