როგორი იქნება 2020 წლის საქართველოს პარლამენტი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნება“ 1 ივლისს გამართავს პრეზენტაციას სახელწოდებით „პროპორციული არჩევნები 2020“, სადაც რეფორმის საკუთარ ხედვას წარმოადგენს.

ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი, გიგა ბოკერია, სავარაუდოდ, სანდრა რულოვსიც, შესაძლოა, ანზორ ბიწაძე, გიგლა ბარამიძე, თაკო ჩარკვიანი, ირაკლი ოქრუაშვილი და გუბაზ სანიკიძე, კახა კუკავა და გოგი წულაია, „ქოცები“, „ნაცები“ და „ევრონაცები“, – დაახლოებით ასეთი იქნება საქართველოს მომავალი, 2020 წლის შემოდგომაზე არჩეული პარლამენტი, თუ კონსტიტუციაში ის ცვლილებები შევიდა, რომელთა ინიცირებას ხელს 93 დეპუტატი აწერს.

ინიციატივა, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საპროტესტო აქციების პასუხად გვამცნო, პარლამენტში უკვე შეტანილია.

2020 წლის პარლამენტი პროპორციული სისტემით იქნება არჩეული და თან ნულოვანი ბარიერით, თუმცა პარტიების ნაწილი უკმაყოფილებით შეხვდა ბარიერის მოხსნას და ბლოკების გაუქმებას.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ უხერხულია, პარტიას პარლამენტში მოხვედრა სურდეს და მოსახლეობის 0,67 პროცენტიც კი არ უჭერდეს მხარს. უფრო სწორად, არა საქართველოს ბედკრული მოსახლეობის, არამედ არჩევნებზე სხვადასხვა ხერხებითა და მეთოდებით მოსული ადამიანების ძალიან დაბალი პროცენტი. სხვადასხვა დათვლებით, პარტიამ რომ პარლამენტში ერთი კაცი გაიყვანოს, 12-დან 14 ათასამდე ხმა დასჭირდება.

თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
ჩუგოშვილი: ხელისუფლება საარჩევნო ცვლილებებს ოპოზიციის გარეშე ვერ გაიტანს

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილება კონსტიტუციის მეორე მუხლის მეცხრე პუნქტის ასეთი რედაქციით ჩამოყალიბებას გულისხმობს: „საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე". აქვე ნათქვამია, რომ თუ პარტიების მიერ მიღებული მანდატების ჯამი 150-ზე ნაკლები იქნება, დარჩენილ მანდატებს საუკეთესო შედეგების მქონე პარტიები გაინაწილებენ.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ხელს, განდგომილი დეპუტატატების გარდა, არც უმრავლესობის წევრები კახა ოქრიაშვილი, „მწვანე“ გიორგი გაჩეჩილაძე, „სოციალისტი“ გია ჟორჟოლიანი აწერენ.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 113 დეპუტატი აღარ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კონსტიტუციას დამოუკიდებლად ვერ შეცვლიან.

„ევრონაცმა“ გიგა ბოკერიამ სასწრაფოდ დააფიქსირა, რომ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ და „ოცნებას“ არ მისცემენ საშუალებას თქვას, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი ოპოზიციის გამო შეფერხდა. თუმცა მანამდე ოპოზიცია მაინც აპროტესტებს საარჩევნო ბლოკების გაუქმებას.

გარდა ტექნიკური მხარისა, ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ ყველა პარტიამ თავისი საარჩევნო ფულიც თავად უნდა იშოვოს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებები დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს არ გამოიწვევს, პირიქით - აღარ იქნება საჭირო მაჟორიტარი დეპუტატების მეორე ტურისათვის დამატებითი სახსრების გამოყოფა.

Оригинал Конституции Грузии - Sputnik საქართველო
ცვლილებები კონსტიტუციაში: ოპოზიცია მზადაა, საკონსტიტუციო  ინიციატივის წარდგენას დაესწროს

ცვლილებების პრეზენტაციაზე და პროცესში ჩასართავად „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ყველა პოლიტიკურ ძალას ეპატიჟება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპელი დემოკრატები“ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ხელისუფლებისათვის ფონის შესაქმნელად მისვლას არ აპირებენ.

რომან გოცირიძის თქმით, ისინი ყველა იმ პროცესში ჩაერთვებიან, რაც კანონითა და კონსტიტუციითაა განსაზღვრული, იქნება ეს საერთო სახალხო განხილვა თუ დებატები.

მოკლედ, 2020 წლის პარლამენტი, დიდი ალბათობით, მართლაც ამ სისტემით აირჩევა და მასში მართლაც ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი და რეიტინგული პოლიტიკოსი მოხვდება.

სხვათა შორის, კიდევ ერთი ეკონომია ის იქნება, რომ მასმედიას რესპონდენტების საძებნელად დრო და გზის ფული დაეზოგება და ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი და მომეტყველე ქართველი პოლიტიკოსი რუსთაველის 8 ნომერში დაიდებს ბინას.

ძნელი სათქმელია, რამდენად გამოძებნიან საერთო ენას მთავრობის შესაქმნელად „ოცნება“ და „ნაციონალები“ შალვა ნათელაშვილთან და ირაკლი ოქრუაშვილთან, თუმცა ამდენი უცნობი და უსახური დეპუტატის ფონზე 2020 წლის პარლამენტი სამუშაოდ პირდაპირ სამოთხე იქნება ჟურნალისტებისთვის. მართალია, საზოგადოების ნაწილი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი წვრილ-წვრილ პარტიებს იყიდის, მაგრამ მსხვილი პარტიებისა და ბლოკების ყიდვაში ვინ უშლიდა ხელს?

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
ცვლილებები კონსტიტუციაში: „ქართული ოცნება“ ოპოზიციას  იწვევს

და კიდევ: 2017 წლის 12 ოქტომბრის ცვლილებებით უკვე მოქმედებს ნორმა, რომ ერთი საარჩევნო სიით პარლამენტში შესულ დეპუტატებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეუძლიათ და ამ სიის წარმომადგენელი სხვა ფრაქციაში ვეღარ გადავა.

2020 წლამდე ყველაზე საინტერესოდ, შესაძლოა, დუშეთ-თიანეთის არჩევნები იქცეს, სადაც ქუცნაშვილის ნაცვლად უკანასკნელ მაჟორიტარს აირჩევენ. ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ერთ-ერთი კანდიდატი შეიძლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იყოს.

მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა საინტერესო სანახავი იქნებოდა ოპოზიციონერი დეპუტატის რანგში.

ამასობაში ლარი და ფასები ზემოთ მიფრინავენ და საქართველოს რიგითი მოკვდავი მოქალაქეები ოჯახების გამოკვებასა და რომელიმე ევროპულ ქვეყანაში მომვლელად გაქცევაზე ფიქრობენ და არა საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0