05:55 22 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2583
  • 100 RUB4.4507
  • USD2.9354
არჩევნები

ფიცი მწამს, სოციოლოგია მაკვირვებს: NDI-კვლევის მისტიკა

© Sputnik / Shota Nozadze
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
ლანა ჩეჩელაშვილი
34141

როგორ იგებს ყველა არჩევნებს პარტია, რომელსაც, NDI-ს კვლევებით, დაბალი რეიტინგი აქვს?!

აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გუშინ მორიგი კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილი წარმოადგინა. კვლევის ცდომილება, სავარაუდოდ, ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, 2-3 პროცენტზე მეტი უნდა იყოს, მაგრამ თვით ასეთი შედეგებიც კი უნდობლობას და მცირე სკეფსისს იწვევს მმართველ პარტიაში, მათ შორის იმ პირებშიც, ვინც, ჩვენდა გასაკვირად, საკუთარ პარტიაზე მეტი რეიტინგით სარგებლობს.

„ხელისუფლება ქუჩაში გდია და მისი ამღები არავინაა", – კარგა ხანია, ამტკიცებს გია ხუხაშვილი.

ეს ამბავი ამ რეიტინგითაც ასეა. მოსახლეობის 37 პროცენტი ამბობს, რომ მის განწყობას არც ერთი პარტია არ გამოხატავს.

„ქართულ ოცნებას“, რომელმაც ასეთი დიდი უპირატესობით მოიგო შუალედური ადგილობრივი არჩევნები, გამოკითხულთა მხოლოდ 21 პროცენტი მისცემდა ხმას, 15 პროცენტი – „ნაციონალურ მოძრაობას“, 3 პროცენტი – „ევროპულ საქართველოს“ და 3 – „პატრიოტთა ალიანსს“. აქ კი 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე 3-პროცენტიანი ბარიერის გადამლახავი პარტიები გამოიკვეთნენ.

საინტერესოა ისიც, რომ მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის მხოლოდ 36 პროცენტი აფასებს დადებითად, მაშინ, როცა უარყოფითად 56 პროცენტი მიიჩნევს. თუმცა მაღალია ამ მთავრობის წევრების პირადი რეიტინგი.

მაგალითად, დავით სერგეენკოს და კახი კალაძეს პრემიერ ბახტაძეზე ორჯერ უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ.

ხუხაშვილი თვლის, რომ კალაძის მიმართ ეს განწყობა რეალურია და მას ბიძინა ივანიშვილისგან ამის გამო საყვედური ელოდება, თუმცა თავად კალაძე კვლევის ასეთ შედეგებს არ ელოდა და არც ენდობა.

აი, საეჭვიანო და სასაყვედურო არაფერი აქვს სალომე ზურაბიშვილს – მას პრეზიდენტებს შორის ყველაზე დაბალი, 19-პროცენტიანი რეიტინგი აქვს.

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამ კვლევიდან?

- პირველი იმის, რომ „ოცნება“ და „ნაცები“ კარგ სპარინგ-პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ და მშვენივრად უგებენ ერთმანეთს.

- კიდევ იმის, რომ პოლიტიკურ პარტიებს საკმაოდ კარგი სასტარტო პირობები აქვთ – 37 პროცენტი, რომელიც არც ერთ პარტიას არ აძლევს ხმას.

ასე რომ, კარგი დაფინანსების, ახალი სახეებისა და საგარეო მხარდაჭერის მოპოვების ალბათობით ხელისუფლების შეცვლის თეორიული შანსიც არსებობს. თუმცა კვლავ გამოცანად რჩება, როგორ იგებს ყველა არჩევნებს პარტია, რომელიც მხოლოდ მოსახლეობის 21 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს?

მთავარი თემები