08:03 19 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0995
  • 100 RUB4.3046
  • USD2.7664
ბანკის საქმიანობა

ახალი საკრედიტო მენიუ, ანუ რა მოჰყვება განულებას?

CC0 / Pixabay / stevepb
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
სულხან მელაძე
906 0 0

რას მოუტანს "ვალების განულების პროგრამა" საფინანსო სექტორს და თავად "განულებულებს", რა შეიცვლება საკრედიტო ორგანიზაციების პოლიტიკაში და რა ემუქრება ჭარბვალიანობას?

სკეპტიკოსების და არა მხოლოდ მათ საყურადღებოდ, სრული მზადყოფნაა! რამდენიმე დღეში „სესხების განულების პროგრამა“ სტარტს აიღებს... ზუსტი თარიღიც ცნობილია – 15 დეკემბერი. ჩვენი ქვეყნის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე ახალ წელს საკრედიტო ვალდებულებისგან თავისუფალი შეხვდება. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის ეს გადაწყვეტილება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორიოდე დღით ადრე გაცხადდა, კიდევ დიდხანს იქნება მსჯელობის საკითხი, მაგრამ ერთი ამთავითვე უნდა ითქვას − მოსახლეობის დაახლოებით ოცდაათ პროცენტს, მშვიდ ძილთან ერთად, მომავალში საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა.

საფინანსო სექტორი ირწმუნება, რომ მომავალში კრედიტი ახალი რეგულაციებით გაიცემა, ეს პროცესი კი გამორიცხავს უპასუხისმგებლო დაკრედიტების პრინციპს. მიუხედავად ამისა, არის მოლოდინი, რომ სესხების ჩამოწერით შეგულიანებული და გათამამებული მოსახლეობა კვლავ გაყოფს თავს ვალების მარყუჟში. რა იქნება და რა არა, ამას დრო გვიჩვენებს.

არის განსხვავებული მოსაზრებაც. სპეციალისტთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ე.წ. „შავი სია“, სულ ცოტა, ხუთი წელი მაინც შემორჩება სესხების გამცემი ორგანიზაციების მეხსიერებას და უსაფუძვლოა „გათეთრებულთა“ მოლოდინი ახალი კრედიტის მარტივად აღების თაობაზე.

ფინანსისტი გიორგი კეპულაძე: „სესხების განულების აქციის შემდეგ ისინი, ვინც მიმდინარე საკრედიტო ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან, „კრედიტინფოს“ ბაზაში მაინც დარჩებიან. ინფორმაცია კლიენტის უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ წაიშლება. ანუ საფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო ექსპერტებს ექნებათ ზუსტი ინფორმაცია იმ მსესხებლების შესახებ, რომელთაც 2018 წლის დეკემბერში კრედიტი ეპატიათ. შესაბამისად, გადაჭარბებულია მოლოდინი, რომ ეს მოქალაქეები ახლა შეძლებენ აქტიურად ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში, ვინაიდან ისინი კომერციული ბანკებისთვის დიდხანს შეინარჩუნებენ ყველაზე სარისკო მსესხებლის ნეგატიურ სტატუსს...“

ანალიტიკოსთა დიდი უმრავლესობა „ვალების განულების პროგრამას“ პოზიტიურად აფასებს.

მათი მოსაზრებით, რაც უფრო პრობლემურია, ანუ რაც უფრო „დანაგვიანებულია“ ე.წ. უიმედო სესხებით, მით უფრო მაღალია სისტემის ლიკვიდობის კრიზისების ალბათობა...

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „ითვლება, რომ როცა მაღალია ე.წ. პრობლემური სესხების ნაწილი, საბანკო სისტემა მაღალი ან საშუალო რისკის პირობებში ფუნქციონირებს. ამიტომაც განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდებში ხდება ბანკებისათვის ამ სახის ვალების ჩამოწერა. ზოგადად, ბანკები მოგების მაღალი საპროცენტო მარჟით ოპერირებენ იმიტომაც, რომ ამ მარჟით ხდება ყველა შესაძლო ზარალის გასტუმრება. თუ ბანკების საკრედიტო პორტფელი გაჯანსაღდება, ლოგიკურად გაიზრდება ლიკვიდობა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იგი აისახება საპროცენტო განაკვეთებზე...“

ექსპერტ-ანალიტიკოსთა კიდევ ერთი ნაწილი მიანიშნებს, რომ ვალების განულების და ახალი რეგულაციების შემოღების შედეგად მოსალოდნელია საბანკო პროცენტების შემცირებაც და საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდით ეკონომიკის სტიმულირებაც. 

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „უიმედო ვალების განულების დადებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ ეფექტს მომავალში დავინახავთ. დავიწყოთ თავად მსესხებლებით. ეს ადამიანები, რომლებსაც დავალიანება ჰქონდათ, წლების მანძილზე იყვნენ პრობლემურ მსესხებელთა სიაში და ახალ სესხს ვეღარ იღებდნენ. აქ საუბარი არ არის სამომხმარებლო სესხებზე, ნებისმიერ მათგანს დღეს შეიძლება ჰქონოდა საინტერესო ბიზნეს-იდეა ან ბიზნეს-შემოთავაზება, მაგრამ სწორედ არსებული საკრედიტო დავალიანების გამო ბიზნეს-სესხს ვერ იღებდა. ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად ამცირებდა მათ ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობას და, შესაბამისად, ეკონომიკურ აქტივობას. მცირე ბიზნესის განუვითარებლობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის...“

ანალიტიკოსები კვლავაც ადასტურებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სერიოზული მუხრუჭია ჭარბვალიანობა. აქ საუბარი არ არის მხოლოდ კომერციულ ბანკებზე, ეს თანაბრად ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ონლაინ გამსესხებელ კომპანიებს. უმრავლესობა თანხმდება, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან საბანკო სფეროში რეგულაციების შემოღება ის გარდაუვალი აუცილებლობაა, რამაც მომავალში უნდა გამორიცხოს ჭარბვალიანობის მორიგი ტალღის აგორება.

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „ახალი რეგულაციები ადგენს ყოველთვიურ განკარგვად შემოსავალთან საკრედიტო ლიმიტებს. ამ ტიპის ლიმიტები და მოთხოვნები პრაქტიკულად ყველა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, მათ შორის, პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნებშიც მოქმედებს და განკარგვადი შემოსავლის ზღვრად 25-30 პროცენტს აწესებს. ჩვენში ველოსიპედს არავინ იგონებს, განკარგვად შემოსავალთან მიმართებაში საკრედიტო ლიმიტის დაწესება კარგად აპრობირებული მეთოდია. სადავო არ არის, რომ მოქალაქემ, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს დაწესებულ სტანდარტებს, ვეღარ უნდა აიღოს სესხი. ასეთ შემთხვევაში არც ჭარბვალიანობის წინაპირობა იარსებებს...

საკამათო არ არის, რომ ჩვენში ნებისმიერ ინიციატივას, მიუხედავად იმისა, კარგია ის თუ არა, ყოველთვის მრავლად ჰყავს სკეპტიკოსები. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ საზოგადოების მაღალი პოლიტიზირებისას სოციალურ-ეკონომიკური და ფინანსური შინაარსის ფაქტის, მოვლენისა თუ დაგეგმილი სიახლის შეფასებებისას პოლიტიკური ფაქტორი დომინირებს და არა ეკონომიკური გათვლები.

მიუხედავად იმისა, ვინ რა მოტივით და როგორ აფასებს როგორც „ვალების განულების პროგრამას“, ისე მომავალი წლიდან საფინანსო ბაზარზე რეგულაციების შემოღებას, ფაქტად რჩება, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევა ე.წ. ჭარბვალიანობის დასაძლევად რეალურ კონტურებს იძენს. ისეთი პირი უჩანს, რომ საფინანსო ბაზრის მთავარი მოთამაშეებიც ეგუებიან, რომ ძველებურ მადაზე უარის თქმა მოუწევთ!

 

მთავარი თემები