მოქალაქე ბოს ბლოგი: შემოხაზე და მოიგებ!

CC0 / Pixabay / მიეცი ხმა
მიეცი ხმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოქალაქე ბო“ ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცია თავისი ფიქრებით, ოცნებებითა და გატაცებებით. ძალიან უყვარს სამშობლო და თავისი თვალთახედვა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება საპრეზიდენტო არჩევნებამდე და, შესაბამისად, კანდიდატთა მიერ წამოწყებული კამპანიებიც დასასრულს უახლოვდება.

რა გავიგეთ ახალი? მე ვფიქრობ – არაფერი. ჩვეული დაპირებები: პენსიების ზრდა, ევროპისკენ დასახული გზის უფრო აქტიურად გაგრძელება და, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანის უფლებების დაცვის სრული გარანტია. რამდენად რეალური და განხორციელებადია ეს ყოველივე, თავად გადაწყვიტეთ.

ჩემი აზრით, შექმნილი სიტუაცია მეტად სამწუხარო და დამაფიქრებელია, რადგან საარჩევნო პროცესში შესამჩნევად იგრძნობა რუსული მხარის გავლენა. რამდენიმე კანდიდატი უშუალოდ მიუთითებს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიების უკანონო მფლობელი და ოკუპანტია, ხოლო სხვა დანარჩენი კი რუსეთის ხსენებას და მის მტრად გამოცხადებას ერიდება და მთლიანობაში ყოველთვის ცდილობს, რომ თავი აარიდოს ზემოხსენებულ თემას.

არჩევნები - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: საქართველოს ოთხი პრეზიდენტი ჩემი თვალით

კიდევ ერთი დამაფიქრებელი და, ვფიქრობ, ჩვენი კანონმდებლობის მეტად საზიანო მხარე კანდიდატთა რაოდენობაში ვლინდება. დღეის მდგომარეობით 25 კანდიდატია რეგისტრირებული. დავიჯერო, თქვენ ჩემგან განსხვავებულად ფიქრობთ და გგონიათ, რომ ამ 25 კანდიდატიდან ყველას აქვს კონკრეტული მიზანი და სქემა, თუ როგორ უნდა ააღორძინოს ქვეყანა? დარწმუნებული ვარ, რომ არა...

გასაგებია, რომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია და ამავდროულად გააკეთოს ის, რაც მას მიაჩნია სწორად, მაგრამ დიდ ბრიტანეთზე მეტი დემოკრატიულობის ხარისხი რომ არ გაგვაჩნია, ეს ხომ ცალსახაა? თუ გაერთიანებულ სამეფოში ყველა კანდიდატს ქვეყნის წინსვლისა და განსახორციელებელი პროექტების რამდენიმეეტაპიან გეგმას სთხოვენ, რათა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია მსგავსი ნაბიჯები გადავდგათ? ან რომელი საათივით აწყობილი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტრუქტურა ჩვენ გვაქვს, რომ ასე ერთი ხელის აღებით ჩავაბაროთ ქვეყანა ვინმე სუბიექტს და მისი გეგმების და განსახორციელებელი პროექტების შესახებ უშუალოდ მისი მმართველობის დროს გავიგოთ?

აქცია მარიხუანის ლეგალიზაციაზე - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: გვინდა კი საქართველოს „იამაიკად“ ქცევა?

ერთი მხარე ევროპისკენ დასახული გზის ლოკომოტივობას გვპირდება, მეორე მხარე 2008 წლის ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, მესამე მხარე ქვეყნის სავაზიტო ბარათად „კანაფის“ გამოცხადებას ქადაგებს, მეოთხე მხარე პრეზიდენტობას „კალბასების“ ჭამის საუკეთესო საშუალებად მიჩნევს, ხოლო სხვა დანარჩენი მხარეები უბრალოდ საკუთარ შინაგანი „მეს“ გამოძახილს მისდევენ და, ღმერთმა ქნას, მათგან რამდენიმეს მაინც ჰქონდეს გააზრებული – როგორი ქვეყნის როგორი პრეზიდენტობა სურს.

ამჟამინდელი საქართველოს პრეზიდენტობა რომ კოშკში გამომწყვდეული მზეთუნახავის როლის მორგებას ნიშნავს, ადასტურებს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, რომელიც უარს აცხადებს მეორე ვადით არჩევისთვის ბრძოლაზე. დაიღალა კაცი (ან უბრალოდ მიუთითეს, რომ დაიღალა)...

საბოლოო ჯამში, ეჭვი მაქვს, რომ მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. 29 ოქტომბერს ჩვენ ან ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატი ქალი გვეყოლება, რომელიც ქვეყნის მიძინებას ისევ ჩვეული ტემპით განაგრძობს, ან კაცი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში საპრეზიდენტოს შემდეგ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გვპირდება.

მთების პეიზაჟი - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: ენერგეტიკა, ტურიზმი და... მონატრებული ხმლის ქნევა

მანამდე კი ბრძოლა სატელევიზიო სივრცეში გრძელდება. ვინ იცის, წინ კიდევ რამდენი ფარული აუდიო- თუ ვიდეოჩანაწერი გველის... თქვენ გჯერათ, რომ შემდეგი არ იქნებით? მე არა (სამწუხაროდ)...

ამავდროულად! წინასწარ ვულოცავ ლიდერ სამეულს მოგებულ მილიონ ლარს. მოგებულს ჩემი, თქვენი და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან.

შემოხაზე და მოიგე!

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0