განაჩენი საქართველოს სახელით: მოჰყვება თუ არა კრიზისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

გამოწერა

სამართალი და სასამართლო რომ მნიშვნელოვანი ინსტიტუტებია სამოქალაქო წესრიგისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად, ეს ამ დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოში.

„არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა!“

მოკლედ რომ გადმოვცეთ გუშინ გამართული აქციის შინაარსი, რომელსაც ჯერჯერობით გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა მოჰყვა, ხალხი ითხოვს 16 წლის დავით სალარიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელების დასჯას. მდგომარეობა ნამდვილად სავალალო და საეჭვოა. მკვლელობაში ეჭვმიტანილებიდან სასამართლომ ერთი უდანაშაულოდ სცნო დავით სალარიძის მკვლელობაში, მეორეს კი მხოლოდ მცდელობა დაუტოვა. ხელისუფლების ორთოდოქსი მომხრეებიც კი აღაშფოთა სასამართლოს მიერ გამოტანილმა გაგადაწყვეტილებამ, რადგან ან სასამართლომ ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ანდა პროკურატურამ ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები რეალური დამნაშავეების დასასჯელად.

ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება და საპროტესტო აქცია

კიდევ ერთი უბედურება ის გახლავთ, რომ მკვლელობას ასამდე თვითმხილველი და ჯგუფური გარჩევის მონაწილე ჰყავდა, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებთან არ თანამშრომლობენ. მართალია, მათ არასრულწლოვანების გამო გარკვეული პრივილეგიები აქვთ, მაგრამ ასეთი უნდობლობა სამართალდამცავ სისტემას მარტო ტოვებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამწვავებს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს.

ის, რომ აქციაზე 10 ათასამდე ადამიანი ძალიან სწრაფად შეიკრიბა და მას დღეს, სავარაუდოდ, დასავლეთ საქართველოდანაც შემოუერთდება ხალხი, იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებაში სახიფათოდ მაღალია დუღილის ტემპერატურა, საკმაოდ დაბალია ნდობა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის მიმართ და ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა, რომ პროცესები დააბრუნოს სამართლებრივ კალაპოტში.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური ძალები ეცდებიან, ეს აქციები საკუთარი თავის წარმოსაჩენად და მიზნებისათვის გამოიყენონ, მაგრამ ქვეყანას სწორედ იმიტომ ჰყავს კარგად დაფინანსებული ძალოვანი სტრუქტურები, რომ პროცესების ასეთი განვითარება აგვარიდოს თავიდან. 27 წელია, საქართველო აქციების მოჯადოებულ წრეში ტრიალებს და როგორც წესი, ქუჩაში მიღებული გადაწყვეტილებები, გარდა იმისა, რომ ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება და სისხლითა და ცრემლითაა გაჯერებული, მას არ მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისა და განათლების განვითარება. 

ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარი პროკურორი გადადგა

კიდევ ერთი პროცესი, რომელიც ნათლად გამოჩნდა, ხელისუფლების საკმაოდ დაგვიანებული, მაგრამ სწორი რეაქციაა. გუშინ შვილმკვდარ მამასთან თანაგრძნობის გამოსახატად მივიდა ყველა, მათ შორის ქვეყნის პირველი პირი — პრემიერი. ის, რომ მას არ მოუსმინეს და ბოთლები დაუშინეს, ნამდვილად არ მეტყველებს არც ხელისუფლების მაღალ ავტორიტეტზე და არც — აქციის მონაწილეთა კულტურასა და განათლებაზე, მაგრამ ასე ხდება, როცა პროცესები ქუჩაში გადადის. სწორედ ასეთი ტიპის ანალიტიკური გათვლებია საჭირო, რომ ქვეყანაში საპროტესტო განწყობა და უსამართლობის განცდა არ დაგროვდეს.

შეძლებს თუ არა ხელისუფლება სიტუაციის შემობრუნებას? ვინ შეიძლება, ჩაერიოს პროცესში. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე რეალური ამ ეტაპზე ის ჩანს, რომ პრეზიდენტმა შეასრულოს შუამავლის ფუნქცია და გადაიყვანოს პროცესები სამართლებრივ ჭრილში. მარგველაშვილს, როგორც ჩანს, არა აქვს მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ მიღებული, თუმცა მოვლენების ამ სცენარით განვითარებაც არაა გამორიცხული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს

ყოველ შემთხვევაში უახლოე ისტორიაში გვაქვს მაგალითი, რომ სააკაშვილმა გადადგომა და შემდეგ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები გამოიყენა ასეთი ვითარების განსამუხტავად დასავლეთის რეაქციების გათვალისწინებითა და რჩევით. თუმცა მას გამარჯვება 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან გაუჭირდა. მეორეს მხრივ, კოლექტიური მურუსიძეებისა და ვანო ზარდიაშვილების მიმართ ხალხის აგრესიის გამო, წითელ თუმნიანებზე გაყიდული ყოფილი თანამებრძოლებისა და პარლამენტში 41 მილიონერის შეყვანის გამო დღეს ძნელი სათქმელია, რამდენად გამოხატავს საქართველოს პარლამენტი საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრსა და ნებას. მით უმეტეს, განვლილმა ორმა წელმა აჩვენა, რომ პარლამენტი ძალიან დაშორდა ხალხს.

ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მშვიდობიანად და სამართლებრივად განვითარდება თუნდაც ქუჩაში განვითარებული პროცესები. მთავარია, ქვეყანამ სიმშვიდე შეინარჩუნოს და მოქალაქეები არ დაზარალდნენ. სავარაუდოდ, ამ კრიზისს ხელისუფლება დაძლევს, მაგრამ ასევე იმედია, რომ მომხდარიდან ძალიან სწორი დასკვნები იქნება გამოტანილი, რომ არჩეულმა ხელისუფლება არ უნდა დაივიწყოს ძალაუფლების წყარო — მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი.

ყველა ახალი ამბავი
0