11:34 19 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8520
  • 100 RUB3.8927
  • USD2.4546
ბედნიერება

„მე გოგო მინდა“… „მე ბიჭი მინდოდა“ – გენდერული ძალადობის ბავშვური საწყისები

CC0 / Pixabay
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
შოთა ნოზაძე
49370

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი „არსის“ ფსიქოთერაპევტი, ტრენერი თამუნა მერაბიშვილი.

თამუნა მერაბიშვილი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი „არსის“ ფსიქოთერაპევტი, მუშაობს ანალიზურ ფსიქოლოგიაში (ფსიქოანალიზი, ტრანსაქციული ანალიზი, ანთროპოანალიზი). კითხულობს ლექციებს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. ატარებს ტრენინგებს და ლექციებს სხვადასხვა ორგანიზაციებში როგორც ფსიქოთერაპიული მიმართულებით, ასევე განათლების, ბავშვის ფსიქოლოგიაში და ა.შ.

დღეს ფსიქოლოგი „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის ისაუბრებს თემაზე „გენდერული ძალადობის ბავშვური საწყისები“. როდის და სად იწყება ძალადობის პრობლემა, როგორ იღებს ბავშვი ფსიქიკურ ტრავმას და როგორ ავიცილოთ მსგავსი პრობლემები.

თამუნა მერაბიშვილი
თამუნა მერაბიშვილი

– საზოგადოება, გარკვეული სტერეოტიპები და ნორმები ზეგავლენას ახდენს ადამიანის პიროვნული საწყისების ჩამოყალიბებასა და ცხოვრებაზე. გენდერული ძალადობა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს: ოჯახური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა… ძალადობა ჯარში, ქუჩაში და ა.შ. თითქოს ჩანს, რომ ძალადობის მსხვერპლნი ძირითადად გოგონები და ქალები არიან, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილ ფორმათაგან ბევრი მათგანი არანაკლებ არის ორიენტირებული მამაკაცების მიმართაც. თუ კარგად დავუფიქრდებით, პრობლემები საერთოა და შეუძლებელია მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლებს დაბრალდეთ დონორობა ძალადობაზე.

ბავშვი პირველი ექვსი წლის განმავლობაში აყალიბებს საკუთარ სცენარს, შეხედულებებს საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებსა და სამყაროზე. ბავშვის ფსიქიკა ამ პერიოდში განსაკუთრებით მოწყვლადია და ფსიქიკური ტრავმების მიღების რისკები მაღალია, რაც შემდგომში არსებითად არ იცვლება. ამიტომ გარშემო არსებული მრავალი რისკ-ფაქტორი, მათ შორის გენდერული სახის აკრძალვები და სტერეოტიპები, რომლებიც მშობლებისგან არის თავს მოხვეული, შესაძლოა ბავშვთა ფსიქიკაზე სავალალო გავლენის მქონე აღმოჩნდეს.

„მე გოგო მინდა“… „მე ბიჭი მინდოდა“

საინტერესოა ბავშვთა სქესობრივი ფაქტორით გარჩევა: „მე გოგო მინდა“, „მე ბიჭი მინდოდა“… ან ბედნიერი და დაიმედებული იყოს მშობელი, რომ ბიჭის სახით გვარის გამგრძელებელი და ოჯახის „უფროსი“ ეყოლება, ან გოგოს სახით — „პატრონი სიბერეში“. თერაპიის დროს კარგად ჩანს, რომ ქალს იმიტომ სურს გოგონა, რომ იდენტიფიკაციის შესაბამისად მისთვის იოლი და ნაკლებად საშიშია გოგოს გაზრდა; ეშინია, არ იცის და ვერ წარმოუდგენია, როგორ აღზარდოს ბიჭი — მისი სქესის საწინააღმდეგო ბავშვი; ან, შესაძლებელია, ქალს არ სურდეს გოგონა და უნდოდეს ბიჭი, რადგან მას იმდენად არ მოსწონს საკუთარი თავი და იმდენად ნეგატიურად აფასებს საკუთარ ქალურობას, რომ ურჩევნია თავისივე სქესის შვილი არ ჰყავდეს, რადგან ვერ აჩვენებს ქალურობას, რის მიმართაც უნდა მოახდინოს გოგონამ იდენტიფიკაცია ჩამოყალიბების პროცესში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მამაკაცებზეც. მერწმუნეთ, ასეთი შიშებისა და თვითშეფასების მქონე მშობელი სასურველი სქესის ბავშვსაც კი არასწორი მიდგომებით გაზრდის. ფსიქოლოგიურად სტაბილურ მშობლებს აზრად არ მოუვათ გაარჩიონ შვილები სქესის მიხედვით.

ბავშვებს ვასწავლით, რომ მათ ინტერესებს ფასი არ აქვთ

დღემდე ხშირად ვხვდებით სქესის მიხედვით ტანსაცმლის ფერებისა და სათამაშოების შერჩევის კონტროლს. ჩემ სამი წლის ბიჭს სურდა ჭურჭლის ასორტი გვეყიდა სათამაშოების მაღაზიაში, შეფ-მზარეულობანას თამაშს აპირებდა, კონსულტანტი გოგონასგან კი მოვისმინეთ კითხვა: „შენი დაიკოსთვის გინდა?“ კულინარია, ჰიგიენა, საკუთარი ნივთებისა და ტერიტორიის დასუფთავება, „დათუნიას“ ჩახუტება ზოგადი ბავშვური ინტერესი და მოთხოვნილებაა, აქ არ ირჩევა სქესი; თუ მაინც ვარჩევთ, ეს გამოიწვევს ბავშვის ინტერესებისა და მოთხოვნილებების დეპრივაციას, ეს კი ფსიქიკური ტრავმაა.

ბიჭებს ვასწავლით, რომ ბუნებრიობა არ შეიძლება

ბიჭებისთვის დაუშვებელია შიშის გამოხატვა ან ტირილი. ასე დამამცირებლად მივმართავთ ხოლმე: „ბიჭები არ ტირიან, არ გრცხვენია, გოგო ხომ არ ხარ?“ ამით ბიჭი აკეთებს დასკვნას: ტირილი ცუდი რამ არის, მეც ცუდი ვარ ტირილი რომ მინდა, ხოლო გოგონები ცუდები არიან, სუსტები, ტირილი ხომ მათი შესატყვისი ქცევაა. შიში ბუნებრივი ემოციაა, ტირილი — ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლების საშუალება. ჩვენ, დედები და მამები, თავად ვაძულებთ ბიჭებს საკუთარ თავსაც და გოგონებსაც და შემდეგ მოვითხოვთ მათგან ქალთა პატივისცემას.

ბიჭებს ვასწავლით ძალადობას — ემოციები სირცხვილია

ჩვენ, დედები და მამები, ჩვენ ბიჭებს ვთხოვთ, რომ იყვნენ ძლიერები, აგრესიულები, დაიცვან და დაიმკვიდრონ თავი სკოლაში, ქუჩაში, რომ ბიჭი დაბადებიდან კაცია, ჯარისკაცია. მან ყოველთვის თავისი სიტყვა უნდა თქვას, უნდა იჩხუბოს, ცემოს ყველა მაშინაც კი, თუ ეს არ უნდა. მისთვის სხვა ემოციები, შიში, სირცხვილი, არ დაიშვება. ამიტომ ის ყველგან იჩხუბებს, ყველა ემოციის ნაცვლად გაბრაზდება; სხვა გრძნობები სისუსტეა, სიძლიერე მხოლოდ აგრესიაა.

ამ რამდენიმე ფრაგმენტით უკვე ვიღებთ მოთხოვნილებადათრგუნულ, აუთენტურ ემოციაშეკავებულ, ქალთმოძულე, აგრესიულ მოძალადეს, რომელიც ნებისმიერ ფასად ეჩხუბება ყველას, ქალს თუ მამაკაცს. ამას ჩვენ, მშობლები ვაკეთებთ.

მოძალადეებად არ იბადებიან, ისინი მოძალადეებად ფსიქიკური ტრავმებით ყალიბდებიან

დავაკვირდეთ: დღეს მე და შენ რა წინადადებებს ვეუბნებით, რა ფრაზებს ვეუბნებით ჩვენ შვილებს: „ბიჭები არ ტირიან! შენ ხომ კაცი ხარ?!“ „გოგოს არ მოეთხოვება დიდი ჭკუა-გონება, გათხოვდება და ჩაბარდება პატრონს!“ თუ ასეა, მაშინ ხვალ, ან თუნდაც 10 წელიწადში ჩემი ბიჭი და შენი გოგონა რომ დაგროვილ აგრესიას ერთმანეთს გადააფრქვევენ და მსხვერპლისა და მდევრის როლს ითამაშებენ, სხვას ნურავის ნურაფერს დავაბრალებთ.

ადამიანები მოძალადეებად არ იბადებიან, ისინი მოძალადეებად მსგავსი ფსიქიკური ტრავმებით ყალიბდებიან. მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ნებისმიერი ინტერესი, მოთხოვნილება თუ ემოცია თავისუფლად გამოხატონ მშობლებთან და ისაუბრონ მათ შესახებ. ვასწავლოთ ბავშვებს აუთენტურ ემოციებზე დაკვირვება, ფიქრი და რეფლექსია. ამ ყველაფრის განსახორციელებლად კი აუცილებელია სტაბილური, მომზადებული მშობელი, აღმზრდელი თუ ძიძა.

მთავარი თემები