23:29 19 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
ბანკის საქმიანობა

როგორ იწერება საკრედიტო „თავგადასავალი“ ანუ „გაშავებულთა“ საკითხავი...

CC0 / Pixabay / stevepb
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
სულხან მელაძე
1078 0 0

რას ნიშნავს საკრედიტო ისტორია, რა გავლენა აქვს მას საფინანსო ინსტიტუციებთან მსესხებელთა ურთიერთობისას და კონფიდენციალურია თუ არა ის...

დარწმუნებული ვარ, წინამდებარე სტატიას, მკითხველი მრავლად ეყოლება! ახლა მავანნი შესაძლოა ჩამეძიოთ — რატომ, რა არის ასეთი თამამი განცხადების საფუძველი… არ მომერიდება და განვმარტავ. ჩვენში პრაქტიკულად, არავინ მეგულება, ვისაც ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე, ერთხელ მაინც არ უსარგებლია საბანკო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიების მომსახურებით. ყოველი მათგანის საკრედიტო თავგადასავალი ცალკე ისტორიაა და რაც მთავარია  წარუშლელი… ამ შემთხვევაში ისტორია არის არა ის, რაც ისტორიკოსებს სურდათ, რომ ყოფილიყო, არამედ ის, რაც რეალურად იყო, ყოველგვარი შელამაზების, ფაქტების დამახინჯებისა და გადაწერის გარეშე. ყველა ეს ისტორია ციფრებით იწერება. ეპოქა — დროის კონკრეტული მონაკვეთი. მთავარი პერსონაჟები — მსესხებელი და გამსესხებელი…

ერთი სიტყვით, ვინ ვისგან რამდენი ისესხა, რა ვადით, როგორ დაიფარა საკრედიტო ვალდებულება, დებიტორმა გადააცილა თუ არა გადახდის გრაფიკს, ან წინსწრებით, ვადაზე ადრე ხომ არ გაისტუმრა სესხი — პასუხი ყველა ამ კითხვაზე ანუ ყოველი მსესხებლის საკრედიტო ისტორია „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში ინახება. ისტორია არის პოზიტიური და ნეგატიური. ბუნებრივია, პოზიტიურია ისტორია, როცა დებიტორმა უკვე ისარგებლა საბანკო ან სხვა საფინანსო ინსტიტუციის საკრედიტო მომსახურებით და წარმატებით დაფარა ვალი. ნეგატიურია ისტორია, როცა მსესხებელი სისტემატურად აგვიანებს ვალის გადახდას, არღვევს გადახდის გრაფიკს და ვადაგადაცილებული მიმდინარე დავალინება ერიცხება. დებიტორთა ეს კატეგორია ავტომატურად ხვდება ე.წ „შავ სიაში“ და შესაბამისად, ყოველი მომდევნო შემთხვევის დროს, როცა ისევ დასჭირდება კრედიტი ბანკიოდან თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან, მისი საკრედიტო ისტორია უარყოფითად იმოქმედებს და დიდი ალბათობით, სესხს ვერ მიიღებს…

„კრედიტინფოს“ მონაცემებით, საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპისთვის ბაზაში სულ 24 687 694 ჩანაწერია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მილიონით არის გაზრდილი. დღეის მდგომარეობით, სულ 5 880 113 სესხია. ამასთან, ამ ეტაპზე „კრედიტინფოს“ ბაზაში ჩანაწერი სულ 2 537 374 ფიზიკურ და 94 193 იურიდიულ პირზე არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ტიპის საკრედიტო ვალდებულება სწორედ ამდენ ადამიანს და კომპანიას გააჩნია. ბოლო აღწერით, საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, გამოდის, რომ სესხით მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 68.2 პროცენტი სარგებლობს. უახლესი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 6.3 პროცენტი გადახდისუუნაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ეს კატეგორია „ნეგატიური სტატუსის“ მატარებელია ან როდესმე ატარებდა ამ სტატუსს.

საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როცა უარყოფითი ისტორიის მქონე ფიზიკური პირი, ადრე თუ გვიან, გაისტუმრებს ვალდებულებას. ხშირად ისმის კითხვა, ფიზიკური პირები როგორ უნდა ამოვიდნენ დებიტორები  „ნეგატიური ბაზიდან“ და მომავალში დაუბრკოლებლად როგორ ისარგებლონ საბანკო პროდუქტით. „კრედიტინფო“ განმარტავს, რომ მსესხებელს სესხის განულებისთანავე უუქმდება ე.წ „ნეგატიური სტატუსი“, თუმცა ბაზაში ხუთი წლის ვადით რჩება ჩანაწერი — „იყო ნეგატიური“…

„თუ კლიენტს აქვს მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება, რომლის გადახდა 30 და მეტი დღის ვადით დააგვიანა, მაშინ მას ენიჭება სტატუსი „არის ნეგატიური“ და სანამ დებიტორი არ გადაიხდის ვადაგადაცილებულ დავალიანებას, მანამდე ექნება აღნიშნული სტატუსი. მას შემდეგ, რაც მსესხებელი დაფარავს ხსენებულ დავალიანებას, გადახდისთანავე სტატუსი „არის ნეგატიური“ ჩანაცვლდება ახალი სტატუსით „იყო ნეგატიური“… ეს მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირს ამჟამად მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება არა აქვს, თუმცა წარსულში ის ნეგატიური სტატუსის მატარებელი იყო, არღვევდა საკრედიტო ვალდებულების გასტუმრების ხელშეკრულებით გაწერილ პირობებს. სტატუსი „იყო ნეგატიური“ მუდმივად რჩება სესხზე, სანამ აღნიშნული სესხი ბაზაში იარსებებს. სესხის დაფარვიდან ხუთი წლის შემდეგ, „იყო ნეგატიური“ სტატუსის მატარებელი სესხი ფიზიკურად იშლება ბაზიდან“, — განმარატვენ „კრედიტინფო საქართველოში“…

არის კიდევ ერთი საკითხი — ადამიანები, რომლებიც „ნეგატიურ სტატუსს“ ატარებენ, აცხადებენ, რომ ამის შესახებ „კრედიტინფო“-დან ინფორმაცია არ მისვლიათ. როგორც „კრედიტინფოში“ აღნიშნავენ, კლიენტებს თავად შეუძლიათ შეამოწმონ, ხომ არ ატარებენ „ნეგატიურ სტატუსს“.

„დიახ, აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ კლიენტებს ინფორმაცია ჩვენგან არ ეგზავნებათ, თუმცაღა საშუალება აქვთ თავად გაიგონ. ან მოვიდნენ ოფისში და ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას თავიანთი საკრედიტო ვალდებულებების თაობაზე, მათ შორის „ნეგატიური სტატუსის“ მინიჭების თარიღის, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის, დაფარული და მიმდინარე ვალდებულების შესახებ და ა.შ. ან შეიძინონ მომსახურება „ჩემი კრედიტინფო“, რაც საშუალებას მისცემთ ნებისმიერ დროს დისტანციურად, დეტალურად იხილონ თავიანთი ინფორმაცია ვალდებულებების შესახებ, მათ შორის ნეგატიურ სტატუსზე“ — აცხადებენ „კრედიტინფო საქართველოში“…

ინფორმაცია დებიტორთა საკრედიტო ისტორიის შესახებ „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცენთა ელექტრონულ ბაზაში არის თავმოყრილი და მოხმარებლებს საშუალება აქვთ პირადობის მოწმობის საფუძველზე საკრედიტო ისტორიაზე მარტივი და მუდმივი წვდომა ჰქონდეთ. მომხმარებელს საკუთარი საკრედიტო ისტორიის შესახებ მონაცემების გამოთხოვა „კრედიტინფო საქართველოს“ ოფისში წელიწადში ერთხელ  უფასოდ შეუძლია. რაც შეეხება ფასიან სერვისს, ამისთვის უნდა შეიძინონ მომსახურება „ჩემი კრედიტინფო“, რომელიც ფასიანია და მთელი წლის განმავლობაში სერვისით შეუზღუდავად ისარგებლებენ…

ინფორმაცია თითოეული ჩვენგანის საკრედიტო ვალდებულებებზე კონფიდენციალურია, თუმცა მაინც სიფრთხილე გვმართებს. ზედმეტად დაინტერესებული, ცნობისმოყვარე პირისთვის შესაძლოა თქვენი პირადობის მოწმობის მონაცემები სავსებით საკმარისი აღმოჩნდეს ელექტრონული ბაზიდან თქვენივე საკრედიტო თავგადასავალზე ინფორმაციის მოსაპოვებლად. ასე, რომ ის, რაც თქვენია, იქონიეთ თქვენთან ახლოს… აქ ვაპირებდი წერტილის დასმას, როცა ეროვნული ბანკის „საფინანსო სექტორის მიმოხილვიდან“ შევიტყვე, რომ მიმდინარე წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 211.8 მილიონი ლარი შეადგინა. მათი დიდი ნაწილი, სავარაუდოდ ე.წ ნეგატიური სტატუსის მქონე მსესხებელთა პრობლემურ საკრედიტო ვალდებულებებს შეეწირა…

მთავარი თემები