00:09 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ტაქსი

ხელს სანამ დაუქნევ დაფიქრდი!... მერე რა, რომ დაგორავს!...

© Sputnik / Alexander Imedashvili
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
სულხან მელაძე
56520

როდიდან დაწესდება რეგულაციები?!. რატომ ჭიანურდება ტაქსით მომსახურების ლიცენზირების საკითხის მოგვარება?!. რატომ არავინ ამოწმებს მანქანების გამართულობას და მძღოლების ფსიქიკურ მდგომარეობას?!.

არ ვიცი რამდენად კანონზომიერია, მაგრამ ყურადღებას ნამდვილად იქცევს და ღიმილსაც იწვევს.. ამჯერად, მორიგი სამუშაო კვირის პირველი დღეც და რიცხვიც, როგორც ძველად იტყოდნენ ნავსია!… თუმცა გააჩნია ვისთვის როგორ?!… თავად განსაჯეთ, 13 ნოემბერს და თანაც ორშაბათს დავით ნარმანია თბილისის მერის კაბინეტს დატოვებს. ქალაქის თავის სავარძელს კახა კალაძე დაიკავებს და წამზომიც ახალი დროების ათვლას დაიწყებს… 

ქაოტური მშენებლობები და ურბანული ქაოსი, ტრანსპორტით ჩახერგილი ქალაქის ქუჩები, დაბინძურებული გარემო და ეკოლოგიური პრობლემები, ავარიული ინფრასტრუქტურა და მოუწესრიგებელი მიწისქვეშა კომუნიკაციები… ეს და სხვა მრავალი „სიკეთე“ უკვე ქალაქის ახალი ხელმძღვანელობის საფიქრალ-საზრუნავია. წინასაარჩევნოდ დაპირებები უხვად გაიცა და დარწმუნებული ვარ თბილისელები მალე მოითხოვენ კონკრეტულ შედეგებს. ხუმრობა ხომ არ არის, სიცოცხლით სავსე ქალაქია საშენებელი… სხვა მრავალ პრობლემათა შორის, სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილში მოსაგვარებელია ტაქსების ლიცენზირების საკითხიც, რაზეც უკვე დიდი ხანია საუბრობენ სპეციალისტები, ექსპერტები და თავად მგზავრებიც.

ტაქსისტების ლიცენზირებაზე ჯერჯერობით ახალი არაფერი ისმის და ამ სფეროს ისევ არავინ აქცევს ყურადღებას. კანონმდებლობით, მგზავრთა სატრანსპორტო კერძო გადაზიდვის სფერო არ რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს, ვისაც მანქანა ჰყავს შეუძლია ტაქსის ტრაფარეტი შეიძინოს და საქმიანობა ყოველგვარი სალიცენზიო გადასახადისა და დაბეგვრის გარეშე დაიწყოს. მეტიც, მძღოლები ისე ემსახურებიან კლიენტებს, რომ არავინ ამოწმებს მანქანების გამართულობას და მძღოლების ფსიქიკურ მდგომარეობას, რაც, საბოლოო ჯამში, უსაფრთხოების ნორმებს არღვევს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ სფეროში უამრავი მოსაგვარებელი საკითხია, რასაც დიდი დრო დასჭირდება. ყველა პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელია და რეგულაციები ეტაპობრივად უნდა დაწესდეს…

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი: „ეს საკითხი, უკვე წლებია, განხილვის თემაა, თუმცა ჯერ აღსრულება არც დაწყებულა და, რასაკვირველია, არც ხელშესახები სიახლე გვაქვს. ამ ეტაპზე ეს მაინც არ არის დედაქალაქის პირველი პრობლემა, მანამდე უამრავი რამ არის მოსაგვარებელი. ტექნიკური დათვალიერება უნდა გაიაროს ყველა მძღოლმა, ტაქსიც მწყობრში უნდა იყოს და ჩვეულებრივი ავტომობილიც. ხოლო, რაც შეეხება ჯანმრთელობის ცნობას, რომელსაც ითხოვენ, მისი მიღება ნებისმიერ კლინიკაში შეგიძლიათ 20-25 ლარად და არაფრის მომცემია. აქ არის კიდევ ერთი საკითხი. საუბარი მიმდინარეობს მხოლოდ დედაქალაქში მოძრავი ტაქსების ლიცენზირებაზე. შესაბამისად, ეს რეგულაცია თბილისის ტაქსებს შეეხება, მაგრამ ვინ გააკონტროლებს გორიდან, ბათუმიდან შემოსულ ტაქსებს? სხვა ქალაქებში ხომ არც კი მიმდინარეობს საუბარი რეგულაციაზე. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლიცენზირების შემდეგ ტაქსის მომსახურების ფასი მეტწილად გაიზრდება. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ასე არ იქნება… ეს ლოგიკურია – მძღოლს მოემატება გადასახადი და აუცილებლად გაზრდის მომსახურების ტარიფს. ამისთვის კი მოსახლეობა მზად არ არის. ჯერჯერობით ეს რეფორმა მოუმზადებელია. პირველ ეტაპზე აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობა და მისი კიდევ უფრო განვითარება. ტაქსების უმეტესობა 15-20 წლის და გაუმართავი ავტომობილია. დღეს ყველანაირ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას აქვს ე.წ „ტაქსაობის“ უფლება. რეფორმის შემდეგ გაუმართავი ავტომობილით მგზავრთა გადაყვანა აიკრძალება, შესაბამისად, „ტაქსისტებს“ დამატებითი ხარჯის გაღება მოუწევთ მანქანის წესრიგში მოსაყვანად ან ახალი ავტომობილის შესაძენად. ეს კი გაზრდის, მოსახლეობას კი უფრო შეეზღუდება ტაქსების მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა…“

დარწმუნებული ვარ მკითხველი დამეთანხმება, რომ იაფ და უსაფრთხო მგზავრობას სჯობს მეტი გადავიხადოთ და დანიშნულების ადგილზე მშვიდობით მივიდეთ!…. ეს ისე, რეპლიკის სახით, თუმცა ისიც მართალია, რომ არც ძვირადღირებული მგზავრობაა უსაფრთხო. როგორც იტყვიან ხოლმე, ოქროს შუალედია მოსანახი. საკამათო არ არის, რომ ეს სფერო კონკრეტულ რეგულაციებს უნდა ექვემდებარებოდეს.

თბილისის მერია დარგის სპეციალისტებთან ერთად უკვე დიდი ხანია მუშაობს ტაქსების ლიცენზირების საკითხზე და ის რამდენიმე ძირითადი მოთხოვნაც გამოიკვეთა, რომელიც ტაქსის მძღოლებს მომავალი წლიდან დაუწესდებათ… თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, რომ  რეგულირების პირველი ეტაპი სურთ უმტკივნეულო იყოს ტაქსის მძღოლებისთვის და კომფორტული მგზავრებისთვის. ტაქსის მძღოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ტაბლო, სადაც მოხდება იდენტიფიცერება თუ ვინ ემსახურება მგზავრს, მძღოლის საკონტაქტო ტელეფონი და მონაცემები, თუ მძღოლი ტაქსოკომპანიას წარმოადგენს, ასეთ შემთხვევაში — კომპანიის მონაცემები და მძღოლის ბარათი უნდა იყოს მითითებული ტაბლოზე. თუ ასეთი საინფორმაციო ტაბლო არ იქნება ტაქსიში ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მას არ აქვს მიღებული შესაბამისი ნებართვა ამ საქმიანობის განხორციელებისთვის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისგან. ამ ნებართვის ფლობა ავტომატურად იქნება იმის ნიშანი, რომ მძღოლს ჯანმრთელობის დამატასტურებელი დოკუმენტიც აქვს წარდგენილი ნებართვის გამცემ ორგანოში და ასევე ავტომობილი, რომლითაც ის ემსახურება მგზავრს ტექნიკურად გამართულია. ეს ნებართვა კი პირველ ეტაპზე უნდა იყოს იმ ღირებულების, რაც მისაღები იქნება მძღოლისთვის. ჩამოთვლილი დოკუმენტები მგზავრის კომფორტს გაზრდის და ეცოდინება ვის აჩერებს და ვის უჯდება მანქანაში. ქალაქის სატრანსპორტო სამსახურში ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადავლენ…

სპეციალისტების მონაწილეობით ტაქსების ლიცენზირების საკითხზე სამუშაო დოკუმენტის არსებობას ადასტურებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კახა კალაძის „კაბინეტშიც“ მოიაზრება… მისივე განმარტებით რეგულაციათა დაწესების კონკრეტული ვადები ჯერჯერობით უცნობია, რადგან დოკუმენტი დახვეწას საჭიროებს…    

ირაკლი ლექვინაძე: „აღნიშნული სამუშაო დოკუმენტის მთავარი მიზანია უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს როგორც მძღოლის, ასევე ავტომობილის უსაფრთხოებას. თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტი უნდა დავხვეწოთ და საერთაშორისო პრაქტიკას გავეცნოთ. უახლოეს პერიოდში ჯერჯერობით ჩვენ ეს დაგეგმილი არ გვაქვს. როდესაც დოკუმენტი გახდება საჯარო, ამის შემდეგ შეგვიძლია კონკრეტულ ვადებზე საუბარი…“

აქ დავსვამ წერტილს და სამომავლოდ თავადაც დავფიქრდები სანამ ხელს დავუქნევ!…

 


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

მთავარი თემები