საკონსტიტუციო აიწონა-დაიწონა და მოსალოდნელი სიურპიზები

გამოწერა
მართალია, სტრასბურგში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრამდე სულ ერთი კვირა დარჩა, მაგრამ იმის თქმა, ეს შეხვედრა გაიმართება თუ არა, ძალიან ძნელია.

საქმე ისაა, რომ სახელისუფლებო გუნდი მუდმივად ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, რაც არა იმდენად დეპუტატების დაუმორჩილებლობით და აზრთა სხვადასხვაობით კი არ უნდა იყოს გამოწვეული, არამედ — გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მხრიდან მესიჯ-ბოქსის ცვლით.

წარმატებული გამოდგა არჩილ თალაკვაძის მიერ ოპოზიციასთან ჩატარებული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. არა, არ შემეკამათოთ და არ მითხრათ, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა. საკონსტიტუციო პროცესს არაფერი შემატებია და უფრო მეტიც — ევროპისაგან მოთხოვნილი კონსენსუს ვერ შედგა. სამაგიეროდ, არჩილ თალაკვაძე გახდა უფრო წარმატებული საკუთარ გუნდში და კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის მომავალში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მართვის პოლიტიკურ პროცესებშიც.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
აგვისტოს აურზაური პოლიტიკურ სალხინეთში

რა მოგვცა თალაკვაძის მანევრმა? მან წარმატებით ჩაანაცვლა ირაკლი კობახიძე, რომელიც არჩევიდან ერთი წლისთავზე ჩამოაშორეს კონსტიტუციის მიღების პროცესს და როგორც ამბობენ, ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ შესაძლოა, პირობის შესრულებაც მოსთხოვონ. აკი, კობახიძემ ერთხელ თქვა, თუკი 2020 წლისათვის არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით არ ჩატარდება, გადავდგებიო. სამაგიეროდ, თალაკვაძემ, როგორც გამოცდილმა მოხელემ და პოლიციაში გამოცდილებამიღებულმა კაცმა, ოპოზიციას საკუთარი მოთხოვნების წერილობით ჩამოყალიბება მოსთხოვა. ოპოზიციამაც, მოულოდნელად (საქართველოშია ეს იშვიათი მოვლენა), ვერ გაბედეს შტრეიხბეიკერობა, ანდა იმდენჯერ არიან უკვე გადაგდებულები, რომ არ დაიჯერეს ხელისუფლების დაპირებები და ერთ პირზე დადგნენ — თუ კონსტუტუციაში პროპორციული სისტემის ამოქმედების თარიღს არ შეცვლით, არაფერი გამოვაო. თალაკვაძე, როგორც ჩანს,  აპირებდა, ეს წერილობითი უსტარი დაეჭირა ხელში და ვენეციის კომისიისათვის ეთქვა, ამ ხალხთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, ულტიმატუმებს გვიყენებენო. გამოვიდა 25 აგვისტოს და ბორჯომში გაჩაღებულ ცეცხლზე საკონსტიტუციო ნავთი დაასხა — მოლაპარაკებები ჩაიშალა და 9 პარტიის მიერ მოთხოვნილი და ვენეციის კომისიის ორგანიზებული შეხვედრა სტრასბურგში აღარ შედგებაო.

Парламентские выборы в Грузии - второй тур - Sputnik საქართველო
გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის?

ბებერი ევროპა ახალგაზრდა ქართველი ვერტერების ვნებებს არ აჰყვა. ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკეტერს, როგორც ჩანს, კარგად ვერ უთარგმნეს უმრავლესობის ლიდერის განცხადება. ანდა უთარგმნეს და… ქართველებს გვაქვს კიდევ ერთი კარგი გამოთქმა — ყური მოუყრუა… მარკეტერის განცხადებით, დაგეგმილი შეხვედრა ძალაში რჩება და მას არაფერი სმენია ამ შეხვედრის გაუქმების შესახებ.

კიდევ ერთი დეტალი, რაც ამ მოვლენებს ხიბლსა და ინტრიგას მატებს, ისაა, რომ მთავრობის მეთაური სოლიდურად და დინჯად არაფერს ამბობს, მაგრამ ჟონავს ინფორმაცია, რომ ახალი კონსტუტიციის დიდი გულსემატკივარი არც ისაა და არ იქნებოდა წინააღმდეგი, მისი ცალკეული მუხლები შეცვლილიყო. უმრავლესობის დახურული შეხვედრიდან გამოჟონილი ინფორმაციით, კვირიკაშვილს უთქვამს, რა ტრაგედიაა, ევროპისა და ამერიკის დაპირისპირებას ისევ ძველი ვარიანტი დავტოვოთო. გაინტერესებთ, ხომ, სადაა ძაღლის თავი დამარხული? საქმე ის გახლავთ, რომ ახალი კონსტიტუციით, მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა წარმოუდგენლად მარტივდება. სულ რაღაც 76 ხმა, ანუ იგივე რაოდენობა, რაც საჭიროა ორგანული კანონის მისაღებად და ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. თურმე აქ მოქმედი პრემიერისა და პრეზიდენტის ინტერესები ერთმანთს ემთხვევა და მმართველ გუნდში მათ დიპლომატიურ თანამშრომლობაზე უკვე ეჭვიანობენ და ხმებიც მიდის იქ, სადაც საჭიროა.

ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ რჩეულები ადგილობრივ არჩევნებში - ვინ არიან ისინი

კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი არ გახლავთ, ქვეყნის სამსახურში ასე იოლად დაიღალოს და პენსიაზე გავიდეს. ამიტომაც სულაც არაა გამორიცხული, რომ მისი გადაყენება უფრო გაჭირდეს, თუკი ქვეყნის მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებმა ჩათვალა, რომ მავრმა თავისი საქმე შეასრულა და უნდა წავიდეს. ივანიშვილი კი, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სწრაფად იცვლის პარტნიორებს და 4 წელიწადში მთელი პოლიტიკური სპექტრის გაცნობა, დაპარტნიორება და გაყრაც მოახერხა. ასე რომ, რა მოხდება კონსტიტუციის შეცვლისა და არჩევნების შემდეგ, არავინ უწყის და სიფრთხილესაც — ანუ მყარ ძალაუფლებას, თავი არ სტკივა.

გუშინ თალაკვაძისტების განცხადება მამუკა მდინარაძეს „გამოასწორებინეს“ და მან კვლავაც მიიხმო ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ყველაზე მარტივი გამოსავალი და პროცედურებთან შესაბამისიც მართლაც პროპორციულ სისტემაზე დათანხმებაა — პატარა სარედაქციო ცვლილება და 2024-ის 2020-ით შეცვლა. ეს რეალობა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააჟღერა. თუკი დასავლეთის კატეგორიული მოთხოვნა იქნება, გამორიცხული არაა, სწორედ სტრასბურგის შეხვედრამ გვაჩუქოს პროპორციული სისტემა. ისე, პარლამენტის თავმჯდომარეს განათლება გერმანიაში აქვს მიღებული და შესანიშნავად უნდა ესმოდეს, რომ შუალედური ვარიანტიც არსებობს და საარჩევნო ველოსიპედის გამოგონება სულაც არაა საჭირო. არჩევნების გერმანული მოდელი — სამხარეო-პროპორციული არჩევნების წესს ითვალისწინებს და მასში თანაბრადაა წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი ლიდერების, ასევე პარტიის ინტერესები.

სიმართლე რომ გითხრათ, თუკი ხალხს ხელისუფლება ყელში ამოუვიდა და ძლიერი ოპოზიციური პარტია ჩამოყალიბდა, ყველა მოდელში მოიგებს არჩევნებს, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური ძალთა ბალანსი და საარჩევნო სისტემა ნამდვილად უზრუნველყოფს არაპოპულარული სახეების ხანგრძლივი ყურების გარანტიას.

საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი - Sputnik საქართველო
მიმოფანტული „მარგალიტები“ და მუდმივი რეფორმის კვალი...

და ბოლოს — საქართველოს კონსტიტუციის 25 წლისთავი ვერ ვიზეიმეთ — ხანძრის გამო. მთავრობამ შეძლო ბორჯომის ხანძრის ადრე თუ გვიან ჩაქრობა. ახლა ჯერი პოლიტიკური ხანძრის ჩაქრობაზეა, რომელსაც ადგილობრივი არჩევნები სულ უფრო აღვივებს. რეგიონებში ბევრი განაწყენებული ჯგუფი გამოიკვეთა. ადგილებზე გარიგებებიც შედგა. მერობის სავარაუდო ოპოზიციურ კანდიდატებს მოადგილეობას სთავაზობენ, თუმცა პოლიტიკოსები კარგად უნდა დაფიქრდნენ, ხომ არ ელის მათ იგივე დღე, როგორც პარლამენტს გარეთ დარჩენილ ქართული ოცნების გუნდის სხვა წევრებს. ანუ არჩევნების შემდეგ, მარტივად რომ ვთქვათ, პირობითად, ბურჯანაძე-დემოკრატების ადგილობრივ ლიდერს, რომელსაც მერის მოადგილეობას დაჰპირდებიან, ხომ არ „გადააგდებენ“?

როგორც ჩანს, ჩვენს მრავალტანჯულ და სულ რაღაც 25-წლიან კოსნტიტუციაზე კიდევ ბევრი ახალბედა პოლიტიკოსი წაიტეხავს ფეხს.

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0