თუ ფრენა ვიცით, გავშალოთ ფრთები...

© AFP 2024 / NICHOLAS KAMMმაიკ პენსი
მაიკ პენსი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ერთგულო მკითხველო, ცხელი აგვისტოს პირველი კვირაც მიიწურა და დროა მივიქციო თქვენი მაღალი ყურადღება.

ბევრი ვიფიქრე, რა უნდა ყოფილიყო ახალი ბარათის მთავარი გზავნილი. მოგეხსენებათ, აქტუალურ საკითხებზე მჩვევია საუბარი. დარწმუნებული ვარ, ახლაც ელით, რომ წინამდებარე სტატია გამონაკლისი არ იქნება.

საკამათო არ არის, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც გამოხმაურებას იმსახურებს. თუმცა ოფიციალური ვაშინგტონის მეორე პირის საქართველოში სტუმრობის თაობაზე ქართულ და უცხოურ მედიაში უკვე ძალზედ ბევრი ითქვა. პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში მაიკ პენსის თბილისში გამართული შეხვედრები, ოფიციალური განცხადებები და ე.წ. გზავნილები შეაფასეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა, ექსპერტ-ანალიტიკოსებმა.

მაიკ პენსი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
მაიკ პენსი საქართველოში: შეხვედრები, მხარდაჭერა და რუსეთის პოზიცია

პოლიტიკური ისტებლიშმენტი ვიზიტს ერთსულოვნად ისტორიულს უწოდებს და კონკრეტული შედეგების მოლოდინშია. ამ დროს კი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საერთო კონტექსტისგან განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს:

"შესაძლოა იმიტომ, რომ ათი დღით ჩამოვშორდი ქართული პოლიტიკის ვნებათაღელვას, შესაძლოა იმიტომ, რომ შორიდან სხვანაირად აფასებ ყველაფერს და მშვიდ გარემოში მსჯელობა სხვაგვარადაა. რაც უნდა იყოს, ვერ ვხედავ, რატომ გვიხარია დაძაბულობა რომ მატულობს ჩვენ ირგვლივ და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეში… ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოჩენა თავისთავად რას ემსახურება და რისი მომტანია, ჩემთვის ნათელი არაა. ეს არ არის — ჩვენ რომ გვგონია ან გვინდა გვჯეროდეს — ისეთი მკაფიო განაცხადი, ხელი არ ახლოთ, თორემ აქ ვართ და ნახავთო! საინტერესოა, ამ ტექნიკის დემონსტრირების უკან რა დგას და საერთოდ, რამე ჩანაფიქრი თუ დგას. ცოტა არ იყოს, მეეჭვება? არის კი ამერიკა მზად პასუხისთვის, მცოცავი ქმედებებიდან ღია აგრესიაზე რომ გადავიდეს ჩვენი ისედაც აღგზნებული მეზობელი? ვშიშობ, ახალ ადმინისტრაციას არც გამოცდილება და არც შორსმჭვრეტაობა არ გააჩნია ჩვენი რეგიონის კონფლიქტების მოგვარებისათვის, არც შემუშავებული ენა და მიდგომა, რუსეთი რომ შეაჩეროს.

მაიკლ პენსი - Sputnik საქართველო
პენსის ვიზიტის მოლოდინში: საქართველო ორი ზესახელმწიფოს საჯილდაო ქვა თუ?..

ამ დღეებში გავრცელებულ კადრებს აშშ უყურებს როგორც კინოს, აი, რა მაგრები ვართ და რუსებისა არ გვეშინიაო, მაგრამ ამის იქით გარანტია არ ჩანს.

ჩვენ კი აგვიტაცა რაღაც ილუზიამ რეალური მხარდაჭერის რომელიც არც 2008 წელს განხორციელებულა და არც გუშინ უკრაინის მიმართ. კარგად მესმის რატომ ვერ განხორციელდა და რატომ არც უნდა ველოდოთ ამაზე მეტს… ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს, ცრუ იმედებს და ვითომ დაპირებებს არ დავუჯეროთ, სიფრთხილე და ჭკუა არ დავკარგოთ… ვიცოდეთ მეგობარს რა და რამდენი ვთხოვოთ… ასევე მტრის რეალური ძალა ვიცოდეთ და უადგილოთ არ გამოვიწვიოთ! ეს შეცდომა დავუშვით 2008 წელს და შედეგებს ვიმკით დღემდე…"

პოლიტოლოგთა საერთო მოსაზრებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია საგარეო პრიორიტეტების ჩამოყალიბების რეჟიმშია და ეს ვიზიტი მას აქაური პრობლემების, პოლიტიკური სპექტრის დათვალიერებისა და დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ეს ვიზიტი ასევე, ადასტურებს ამერიკისთვის საქართველოს მზარდ მნიშვნელობას რეგიონში მოძალებული პრობლემების ფონზე, კერძოდ მაშინ, როდესაც თურქეთის გაუცხოების პროცესი ნატოელი პარტნიორებისგან სულ უფრო მზარდია და საქართველო რჩება დასავლეთისთვის ერთადერთ ჯერ კიდევ, სტაბილურ, ერთგულ, დემოკრატიულ პარტნიორად და რაც მთავარია, უკვე თამამად შეიძლება წარსულს ჩაბარდეს შიშები, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო ამერიკა-რუსეთის გარიგების ობიექტად იქცევა. ძალზედ ბევრ რამეზე მეტყველებს მაიკ პენსის ვიზიტის ტრაექტორია, ფაქტობრივად, აშშ-მა აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი ინტერესების საზღვრები მონიშნა… ეს ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა ნააზრევის მოკლე პერიფრაზია. ერთი სიტყვით უკვე ბევრი ითქვა, მომავალშიც ბევრს იტყვიან… ახლა მთავარია რას ფიქრობს ხალხი? ვიცი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია… ქუჩაში გასვლასა და მოქალაქეებთან გასაუბრებას მოვერიდე, ცხელა… უმალ გამახსენდა, რომ სოციალურ ქსელში ამომწურავად მიიღებ ყველა კითხვაზე პასუხს… ჩავუჯექი და ვიმოგზაურე…

მაიკ პენსი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა მაიკ პენსის მომავალი ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა

ჩემი ყურადღება, ძალზედ მცირე ხნით, ნაპოლიტიკოსარი ჟურნალისტის სიტყვებმა მიიქციეს. კოლეგის ნაფიქრალს უცვლელად გთავაზობთ, სტილი დაცულია.

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

"მე ვფიქრობ, დადგა დრო, ამერიკასთან ვიმუშაოთ, რომ საქართველოში განთავსდეს ამერიკის სამხედრო ბაზა. მხარდაჭერა კარგია, წვრთნებიც კარგია და ამერიკული ტექნიკის ჩამოტარებაც, თუმცა პენსიც წავა, ამერიკული ტექნიკაც და რუსმა ტანკი რომ დაქოქოს, ჩვენ მათ პირისპირ მარტო ვრჩებით. ნატოში გაწევრიანებას კი ჯერ პირი არ უჩანს. თუ ვატ…ებთ, ბოლომდე გავატ…ოთ და მოვითხოვოთ ბაზა, თორემ ისე გამოდის, რუსებს თან ვუტ…ებთ, თან ვერა. ამან შეიძლება ცხვირი წაგვატეხინოს. რუსული ბაზები ოხრად არის ჩვენ ტერიტორიაზე, ამიტომაც უნდა იყოს ამერიკულიც. ვიცი, რომ ამერიკა ამ გადაწყვეტილებას ასე მარტივად ვერ მიიღებს, მაგრამ ჩვენ მათთან ურთიერთობაში ეს საკითხი უნდა გვქონდეს მუდმივ თემად, რადგან მარტო მხარდაჭერის სიტყვები რუსული ტანკებისგან ვერ დაგვიცავს". მოულოდნელი არ ყოფილა კომენტარების სიმრავლე, არც მათი რადიკალურად განსხვავებული შინაარსი და ტონი. ჟურნალისტს ერთ-ერთი პირველი, მისივე კოლეგა ლელა კურდღელაშვილი გამოეხმაურა. უჩვეულოდ სიტყვაძუნწი კი იყო.

"რავიცი, აბა, რამდენი გავა….ეთ, იმდენი რუსული ბაზა დაგვამატეს და…"

წაკითხულის შინაარსმა აშკარად გააბრაზა კინორეჟისორი ქეთი დოლიძე: "გესმის, რას ლაპარაკობ? გესმის? რის ბაზები? და შენ გინდოდა პოლიტიკოსობა? ეს ჟღარუნი რასაც გაძლევთ, არ იცით? რა სიბეცეა ეს?!" ფინანსისტი ლევან მაისურაძე იმედგაცრუებულია საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის დინამიკით. "ბოლო პერიოდში მხოლოდ ლაპარაკია ამერიკისგან. ფინანსური დახმარებებიც მინიმუმზეა და სამხედრო მხარდაჭერაც. სანქციებიც უკრაინის გამო აქვს რუსეთს და არა ჩვენ გამო. თავისუფალი ვაჭრობა და ორმაგი დაბეგვრის არიდების ხელშეკრულებაც არ გვაქვს ამერიკასთან".

ბათუმელი ექიმი ფატიმა ლორთქიფანიძე ირონიულად მიანიშნებს: "მოდი ყველას ბაზა აქ იყოს და ედავონ ერთმანეთს".

დასკვნის სახით, ორიოდე სიტყვას ვიტყვი. პატივცემული კოლეგის მოსაზრებამ ანეგდოტი გამახსენა, თქვენც გაგიზიარებთ. უცენზურო სიტყვას ვერაფრით ჩავანაცვლებ, რისთვისაც წინასწარ ბოდიშს გიხდით.

თვითმფრინავში ცხოველები შეიკრიბნენ: ლომი, ვეფხვი, მგელი, ტურა… ერთდროულად იქნევენ თათებს და მთელი ძალით ურტყამენ თვითმფრინავის კორპუსს. მათ არც დათვი ჩამორჩა და საერთო ძალისხმევას ტორები მიაშველა. იქვეა სპილოც — ხორთუმის ქნევით. მელა კი კუდს აქიცინებს.

ერთი სიტყვით, ყველა ხვანცალებს. რას აკეთებთო, იკითხა არწივმა. ვატრ…ებთო, მიუგეს ფრინველთა მეფეს. მაშინ მეც გავატ…ებო, ბრძანა არწივმა და გაშალა ფრთები.

თვითმფრინავის კორპუსმა ამდენს ვეღარ გაუძლო და ლაინერი შუაში გადაიხსნა. ცხოველებმა ციდან დაიწყეს ცვენა.

— კი მაგრამ, თუ ფრენა არ იცოდით, რას ატრ…ებდით?! — იკითხა არწივმა და ლაღად განაგრძო ფრენა…

სულხან მელაძე

ყველა ახალი ამბავი
0