საყვარელიძე: უკრაინამ სააკაშვილს ციხისთვის თავის არიდების შანსი მისცა

© Photo: Courtesy of T. Chochuaპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ განზრახ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე მაშინ, როცა ის აშშ-ში იმყოფებოდა.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულებისთვის თუ დაკარგულია, უკრაინის მოქალაქე გინდ ყოფილა და გინდა არა, განუცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik–საქართველოს" ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის კომენტარისას.

„სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი უკრაინულ მხარეს მაშინ რომ დაესვა, როცა ის მათ ქვეყანაში იმყოფებოდა, მოეკიდა ხელი და გადმოეცა, ეს მკაფიო ჟესტი იქნებოდა მათი მხრიდან, ხოლო საპასუხო ქმედება ჩვენი მხრიდან — ლოგიკური და გამართლებული“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, ამის ნაცვლად უკრაინამ სააკაშვილს შეერთებულ შტატებში წასვლა დააცადა, სადაც მას ხელთ ქართული მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლის უამრავი ვარიანტი აქვს. სააკაშვილს შეუძლია თავშესაფარი სთხოვოს შეერთებულ შტატებს, გაეროს მფარველობის ქვეშ შევიდეს, ან კიდევ ჰოლანდიაში წავიდეს და მიიღოს მათი მოქალაქეობა.

„მოქალაქეობის ჩამორთმევის მომენტში სააკაშვილი უკრაინაში რომ ყოფილიყო, ის უკრაინულ მხარეს პირდაპირ უნდა გადმოეცა საქართველოსთვის. შეიძლება უკრაინამ ამით მას ციხისთვის თავის არიდების შანსი მისცა", – განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა გზას დაადგება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისცემს თუ არა აშშ მას პოლიტიკურ თავშესაფარს, პოლიტოლოგის თქმით, ამ ეტაპზე ეს ძნელი სათქმელია.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იბრძოლებს უკრაინაში დაბრუნების უფლებისთვის.

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოსცა, რომელიც გასულ კვირაში საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. ამჟამად მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0