04:38 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ლევან გოგიჩაიშვილი

გოგიჩაიშვილი: აზარტული და მომგებიანი თამაშების სფერო უნდა დარეგულირდეს

© FB/ლევან გოგიჩაიშვილი / Levan Gogichaishvili
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
3610

ნატა პატარაია

აზარტული და მომგებიანი თამაშების სფეროს მოსაწესრიგებლად სპეციალური მარეგულირებელი კომისიის შექმნაა საჭირო, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„აზარტული თამაშების სფერო, სადაც ბრუნვამ უკვე 4 მილიარდს  გადააჭარბა, დაურეგულირებელია და მის მოწესრიგებას სპეციალური პოლიტიკა სჭირდება. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას მარეგულირებელი კომისია, რომელიც ამ სფეროში გასატარებელ სახელმწიფო პოლიტიკაზე იმუშავებს“, — აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატს მიაჩნია, რომ რეგულირება პირველ რიგში ონლაინ-თამაშებს სჭირდება. ხოლო ამის ერთ-ერთი გზა საქართველოს მოსახლეობისთვის ონლაინ–თამაშების საერთაშორისო სერვერებზე წვდომის აკრძალვაა.

„შესაბამისი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოდან საერთაშორისო სერვერებზე ყოველწლიურად დაახლოებით 200 მლნ დოლარი გაედინება. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ  უნდა ჩავკეტოთ ეს სერვერები საქართველოს მოსახლეობისთვის“, — განაცხადა დეპუტატმა. 

მისი თქმით, როცა საქართველოდან 200 მილიონის ვალუტა გადის, ამის კომპენსირებას ქვეყანა ღვინის ექსპორტისგან შემოსული თანხებითაც ვერ ახდენს.

„უხეშად რომ დავთვალოთ, ბიუჯეტში ღვინის ექსპორტიდან მხოლოდ დაახლოებით 120-დან 150 მლნ დოლარამდე შემოდის. რა გვაქვს ისეთი საექსპორტო პროდუქცია, რომ ამ 200 მილიონის გადინება დავაკომპენსიროთ?“ — განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, თუ ყოველწლიურად ქვეყანა 200 მილიონ დოლარს არ დაკარგავს, ეს,  სხვა თუ არაფერი, ვალუტის კურსს დაეტყობა. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ამ აკრძალვის გვერდის ავლის მცდელობა, მაგრამ არც ის სამსახურები იქნებიან გულხელდაკრეფილები, ვისაც კიბერუსაფრთხოების საკითხები ევალება.

დეპუტატის თქმით, არაა გამორიცხული, რომ ამ თანხის ნაწილი ისევ თამაშებზე იქნება მიმართული, ოღონდ ამჯერად ქვეყნის შიგნით არსებულ კაზინოებში, თუმცა, ეს მაინც ონლაინ-თამაშებზე უფრო მეტი ეკონომიკური შედეგის მომტანი იქნება, რადგან კაზინოს მეპატრონეს უფრო მეტი ადამიანის დასაქმება უწევს, ადგილობრივ ბიუჯეტში შეაქვს გადასახადები. გარდა ამისა, უფრო მარტივია კაზინოში მისული არასრულწლოვანის ამოცნობაც, რადგან უშუალოდ ხდება კომუნიკაცია კლიენტებთან.

მთავარი თემები