21:25 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ირაკლი ჩიქავა

უნდა ვაწარმოოთ ის პროდუქტი, რომელიც მომგებიანია და არა ის, რაც გვიყვარს

ი. ჩიქავას პირადი არქივი
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
31521

2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე 94 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია გავიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია.

რომელი პროდუქტი შეიძლება იყოს კონკუტრენტუნარიანი უცხოეთის ბაზრებზე და უნდა შეუწყოს თუ არა ხელი მათ წარმოებას და ექსპორტზე გატანას სახელმწიფომ, ამ და სხვა თემებზე "Sputnik–საქართველო" აგრარული საკონსულტაციო კომპანიის კომერციულ დირექტორს ირაკლი ჩიქავას ესაუბრა.

— ჩვენ საექსპორტო კალათაში ძირითადი ადგილი თხილს, ღვინოს, მინერალურ წყლებს და ალკოჰოლურ სასმელებს უჭირავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სხვა ქართულ პროდუქტს აქვს პერსპექტივა ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ჩვენ ქვეყანაში მთავარი პრობლემა ნედლეულის და საექსპორტო პროდუქციის სიმცირეა. სანედლეულო ბაზრის ზრდისთვის სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. თუმცა ბიუჯეტიდან გლეხებისთვის თუ ფერმერებისთვის თანხების დარიგება მისასალმებელი არ არის. სახელმწიფოს მხრიდან სოფლის ხელშეწყობა სხვაგვარად და სხვა მიმართულებებით უნდა ხდებოდეს. პირველ რიგში კონცენტრირება კი ცოდნის ამაღლებაზეა სასურველი.

– ქართული სასოფლო–სამეურნეო პროდუქტის მიზნობრივ ბაზრებზე რეკლამა სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე, თუ ამაზე ექსპორტიორმა კომპანიებმა უნდა იზრუნონ?

— სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი აქტივობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით მისასალმებელია და საჭიროცაა. ამჟამად ჩვენი მთავრობის მიერ აქტიურად ხდება ღვინისა და მინერალური წყლების რეკლამირება უცხოურ ბაზრებზე. ამ ტიპის აქტივობა ნებისმიერ პროდუქტზე შეიძლება განხორციელდეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის გარდა სხვა მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია. გვაქვს თხილი, რომელსაც არ სჭირდება უცხოურ ბაზრებზე პოპულარიზაცია, რადგან იგი ნედლეულია და მასზე მოთხოვნა მსოფლიოში ისედაც საკმაოდ დიდი და მზარდია. ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეკლამირებას რამდენიმე შედეგი მოაქვს: კონკრეტული პროდუქტის პოპულარიზაცია, ქვეყნის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესება და ა.შ. და ეს აუცილებელია.

– რამდენად პერსპექტიულია კოოპერატივები საქართველოში და აქვს თუ არა ამ გაერთიანებებს მომავალი?

— კოოპერატივის იდეას აქვს ძალიან კონკრეტული ეკონომიკური მნიშვნელობა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში კოოპერატივს ამ ეკონომიკური მნიშვნელობის გამო არავინ აყალიბებს. აქაც ბევრი აქვს სამუშაო სახელმწიფოს, რათა გლეხებს თუ ფერმერებს კონკრეტული ეკონომიკური გრძელვადიანი სარგებელი დაანახოს. ამ მიმართულებითაც მთავარი – ინფორმაციის სწორად მიწოდება, სწავლა და გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაა.

– რა უნდა გააკეთონ გლეხებმა იმისთვის, რომ მათი პროდუქტი არა მხოლოდ გამოკვების საშუალება, არამედ შემოსავლის წყაროც გახდეს?

— უნდა ვაწარმოოთ ის პროდუქტი, რომელიც მომგებიანია და არა ის, რაც გვიყვარს. უნდა ვისწავლოთ საქმიანი აზროვნება და არა ემოციური.

– რომელი ბაზრებია უფრო პერსეპექტიული ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის გასაღების თვალსაზრისით და რა სპეციფიკით ხასიათდებიან, მაგალითად, იგივე დსთ ან ევროკავშირი ქართულ პროდუქტთან მიმართებაში?

— ნებისმიერი, პოლიტიკურად სტაბილური ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი თავისი სპეციფიკით ხასიათდება. მაგალითად, დსთ-ის ქვეყნები ისტორიულად იცნობენ ჩვენი ქვეყნის პროდუქციას და აქ ემოციებიც და ნოსტალგიაც თავის წილ როლს თამაშობს. ამ შემთხვევაში დსთ-ის ქვეყნებისთვის პროდუქციის ერთჯერადად, მცირე რაოდენობით მიწოდება ხშირად ხდება და ეს ბაზარი ამას იტანს. მაშინ, როცა ევროპის ბაზარს სჭირდება სტაბილური მიწოდება, სტაბილური ხარისხი და ფასი. ევროპის ბაზარი ჩვენთვის დიდი, საინტერესო და სტაბილური ბაზარია. მის ასათვისებლად, პირველ რიგში, საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის პროდუქციის წარმოება და შემდეგ მისი სტაბილურად მიწოდება.

მთავარი თემები