ვეფხია გიორგაძე: მშპ იანვარში ძირითადად ესტონურმა მოდელმა გაზარდა

© Photo: Courtesy of Vepkhia Giorgadzeვეფხია გიორგაძე
ვეფხია გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

ნატა პატარაია

2017 წლის იანვარში დაფიქსირებული 5.2% ეკონომიკური ზრდა საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელიც რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესის მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, მიაჩნია  ეკონიმიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ვიცე-პრეზიდენტ ვეფხია გიორგაძეს. 

ესტონური საგადასახადო სისტემის ელემენტები საქართველოში მიმდინარე წლის იანვრიდან დაინერგა, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ეს ცვლილება კომპანიებს მოგების 15% გადახდიდან  რეინვესტირების  შემთხვევაში ათავისუფლებს. 

„ბიზნესმა მიღებული მოგება ბიუჯეტს კი არ გადაუხადა, არამედ საწარმოს განვითარებას და გაფართოებას მოახმარა. შესაბამისად, წარმოებული პროდუქციაც მეტი მოცულობით  გაიტანა ექსპორტზე, ამან კი თავის მხრივ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატებას შეუწყო ხელი“, — განუცხადა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik-საქართველოს“.

ეკონიმიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის  აზრით, ასევე  გაზრდილია სახელმწიფოს კაპიტალური დანახარჯები, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა მიმართული, და ეს პირდაპირ აისახება რეალურ მშპ-ში.

საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტმა 176.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 122.2  მლნ. აშშ დოლარი იყო. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის წილი მიმდინარე წლის იანვარში მთლიან  ექსპორტში ასე გამოიყურება:  

მინის ტარის ქარხანა - Sputnik საქართველო
საქართველოში მშპ-ის ზრდამ 2% შეადგინა

•    სპილენძის მადნები — 19%

•    ფეროშენადნობები — 13% 

•    აზოტოვანი სასუქები — 6% 

•    მსუბუქი ავტომობილები —6%

•    ღვინო — 6%.

ვეფხია გიორგაძის აზრით, მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში უკვე რამდენიმე ათეული წელია, მშპ-ს 50-70%-ს მცირე და საშუალო კომპანიები აწარმოებენ, საქართველოში „ეს ნიშნული 20%-ს ვერ გაცდა“.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,2 პროცენტი შეადგინა, 2016 წლის იანვარში კი — 2.2%. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 5,2% მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა ძალიან მისასალმებელი შედეგია.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დადებითი სტატისტიკა ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებული მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იანი მაჩვენებელი არის რეალური.

ყველა ახალი ამბავი
0