17:56 23 თებერვალი 2017
პირდაპირი ეთერი
დედა და მოზარდი შვილი

თუ გინდა ისევ ჩემი შვილი იყო და არა მეზობელი, ანუ რაში ითხოვდა დედა შვილისგან $717-ს

© FL/ Oleg Afonin
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
1638120

ახალგაზრდა ამერიკელ ქალს ჰეიდი ჯონსონს 13 წლის ვაჟი ჰყავს, სახელად აარონი. ბიჭი სკოლის მოსწავლეა და, რაღა თქმა უნდა, მისი უპირველესი მოვალეობა სწავლაა. მაგრამ დედამ ერთ დღესაც გაარკვია, რომ აარონი ატყუებდა, გაკვეთილებს ვამზადებო. სინამდვილეში YouTube-ზე საკუთარი არხი გაეკეთებინა და თურმე ჯიბის ფულსაც კი შოულობდა.

აარონი დედის საყვედურებს აგრესიით შეხვდა – სკოლა საერთოდ არაფერში მჭირდება, სამუშაო მაქვს და დამოუკიდებელ ადამიანად ვგრძნობ თავსო.  

და რადგან სიტყვიერმა შეგონებებმა არ გაჭრა, ჰეიდიმ შვილს წერილი დაუწერა და ოთახის კარზე გაუკრა, მერე ფოტო გადაუღო და მეგობრებს გაუზიარა „ფეისბუქით“. 

მოხდა ისე, რომ წერილი, რომელიც მხოლოდ მეგობრებისთვის იყო განკუთვნილი, ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა და ორიოდე დღეში 165 000-მა კაცმა გაიზიარა.

აი, რას სწერდა დედა შვილს:

„ძვირფასო აარონ,

მგონი დაგავიწყდა, რომ შენ მხოლოდ 13 წლისა ხარ და მე ჯერ ისევ დედაშენი ვარ! მაგრამ რახან ასე ძალიან გინდა, რომ დამოუკიდებელი იყო, ვფიქრობ დამოუკიდებლობის ეს გაკვეთილი გამოგადგება!

გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც შენ ამბობ, თავად შოულობ ფულს, წესით არ უნდა გაგიჭირდეს გამოისყიდო ჩემგან მთელი ის ტექნიკა, რომელიც ოდესმე მიყიდია შენთვის. ხოლო თუ გინდა, რომ ოთახში შუქი და ინტერნეტი გქონდეს, მაშინ შენი წილი კომუნალური გადასახადებიც უნდა გადაიხადო:

ოთახის ქირა —  $430.

შუქი – $116.

ინტერნეტი  – $21.

ჭამა – $150.

გარდა ამისა, ახლა თავად მოგიწევს ნაგვის გატანაც და ოთახში მტვრების აღებაც ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით. ასევე მოგიწევს საკუთარი აბაზანის გაწმენდაც, შენთვის სადილის მომზადებაც და დალაგებაც. ყოველ ჯერზე, როცა ამ მოვალეობებს არ შეასრულებ, 30 დოლარს გამოგართმევ. ეს იქნება ჩემი, როგორც დამლაგებლის მომსახურების გადასახადი.

როცა მზად იქნები, რომ ისევ ჩემი შვილი იყო და არა მეზობელი, პირობებსაც მაშინ გადავხედოთ.

სიყვარულით, დედა“.

აარონმა წერილი წაიკითხა, ნაკუწებად აქცია და გაცოფებული გავარდა სახლიდან. დედა მიხვდა, რომ ბიჭს დრო სჭირდებოდა და როცა ემოციები გადაუვლიდა, აუცილებლად დაბრუნდებოდა შინ.

ასეც მოხდა. დამშვიდებული და, როგორც ჩანს, კარგად „ნაფიქრი“ აარონი დაბრუნდა და… მთელი ტექნიკა დედას გადასცა, რათა დროთა განმავლობაში თანდათან გამოესყიდა ნივთები მისგან…

მთავარი თემები