კარტოფილი ფრი — სასარგებლო თუ მავნე

© FL/ Delwin Steven Campbellკარტოფილი ფრი
კარტოფილი ფრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და გაარკვიეს, რომელი სახით დამზადებულ ბოსტნეულშია შენარჩუნებული ანტიოქსიდანტები, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების რისკს მკვეთრად ამცირებს.

საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მოხარშული პროდუქტი ბევრად სასარგებლოა შემწვარზე, ხოლო ლამის მთელი პლანეტის საყვარელი კარტოფილი ფრი — ერთ-ერთი ყველაზე მავნე კერძია ქვეყანაზე.

არ გაინტერესებთ, მართლაც ასე თუ არა?

ირკვევა, რომ შემწვარი კარტოფილი მოხარშულზე ბევრად სასარგებლო შეიძლება იყოს, თუ მომზადებისას მარტივ წესს დაიცავთ.

ესპანეთის ქალაქ გრანადის უნივერსიტეტის სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რათა გაერკვიათ, როგორ მოქმედებს მომზადების სხვადასხვა მეთოდი ბოსტნეულში შემავალ პოლიფენოლებზე — მძლავრ ანტიოქსიდანტებზე, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების რისკს მკვეთრად ამცირებს.

ექსპერიმენტის დროს კარტოფილი, ხახვი, ბადრიჯანი, მიწავაშლა (არტიშოკი) და წიწაკა მოხარშეს, ჩაშუშეს და ზეითუნის ზეთზე შეწვეს, შემდეგ კი შეადარეს, რომელ ბოსტნეულში იყო შენარჩუნებული ყველაზე მეტი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები.

მკვლევარებს სიურპრიზი ელოდათ: გაირკვა, რომ ყველაზე მეტი ანტიოქსიდანტი შენარჩუნებულია იმ ბოსტნეულში, რომელიც ზეითუნის ზეთზე იწვება — წყლის დამატების გარეშე.

საქმე ისაა, რომ ხარშვისას პოლიფენოლები და სხვა ნივთიერებები ბოსტნეულიდან წყალში ინაცვლებს, ხოლო ზეითუნის ზეთზე შეწვისას ისინი არა მხოლოდ ბოსტნეულის შიგნით რჩება, არამედ უერთდება იმ სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებსაც თავად ზეითუნის ზეთი შეიცავს.

გამომდინარე აქედან, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მოხარშული კარტოფილის მიღება არც ისე კარგია, ვინაიდან მას უკვე დაკარგული აქვს სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი. ხოლო კარტოფილი ფრი, რომელიც ხარისხიან ზეითუნის ზეთზეა შემწვარი, არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა ჯანმრთელობისთვის. მთავარია ზომიერების დაცვა!

ყველა ახალი ამბავი
0