მოსახლეობის მთავარი პრობლემა — უმუშევრობა თუ დაბალი შემოსავალი

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაგარეო ვაჭრობა
საგარეო ვაჭრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობა კი არა, დაბალი შემოსავალია, მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.

ნატა პატარაია

რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ბოლო წლების განმავლობაში სამუშაო ადგილები იქმნება და თვითდასაქმებულების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელიც არის, მაგრამ ადამიანები თავს უმუშევრად იმიტომ თვლიან, რომ რეალურად მათი შემოსავალი ხარჯზე ნაკლებია და მათ ყოველდღიურ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს, განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ. 

აშშ-ის „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული ბოლო კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 66% თავს უმუშევრად თვლის, 34% — დასაქმებულად. თუმცა, ყველა გამოკითხულს რაღაც შემოსავალი გააჩნია: გამოკითხვის მონაწილეთა 23%-ის შემოსავალი 261–400 ლარის ფარგლებში მერყეობს, 21% იღებს 401–800 ლარს, 19% კი — 151–260 ლარს. თვეში 150 ლარზე ნაკლებს იღებს გამოკითხულთა 6%. მაღალი შემოსავალი რესპონდენტთა მცირე რიცხვს გააჩნია: გამოკითხვის მონაწილეთა 8% იღებს 800–1200 ლარს, 2% იღებს 1200–1600 ლარს, ხოლო 1600 ლარზე მეტი მხოლოდ რესპონდენტთა 3%-ს გააჩნია. 

მშენებლობა - Sputnik საქართველო
უმუშევრობის დონე საქართველოში 12%-მდე შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით კი, 2015 წელს ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 900.4 ლარი იყო. 2014 წელს – 808.0, 2013 წელს — 773.1, 2012 წელს კი ეს მაჩვენებელი 712.5 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება უმუშევრობას, 2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 12% შეადგინა. 2014 წელს — 12.4%, 2013 წელს — 14.6%, 2012 წელს კი ეს მაჩვენებელი 15% იყო. 

ლევან კალანდაძის თქმით, მთავარი აქცენტი ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი სამუშაოდ ადგილების შექმნაზე კი არ უნდა გააკეთოს, არამედ ეკონომიკურ ზრდაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობას სულ ექნება იმის განცდა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეა.  

„აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე, რისი მთავარი საფუძველიც ეკონომიკური ზრდაა“, — აღნიშნა ეკონომისტმა. 

მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას მნიშვნელოვანია მზარდი ტენდენციის არსებობა. მაგალითად, თუ 2017 წელს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, შემდეგ წლებში ეს მაჩვენებელი უფრო მეტი უნდა იყოს. 

„დღეს საქართველოსთვის ოპტიმალური არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და თუ ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ, ის ნეგატიური განცდები, რაც საზოგადოებაში არის, გაქრება და დასაქმების პრობლემა სხვა პოზიციაზე გადაინაცვლებს“, — აღნიშნა ლევან კალანდაძემ. 

კალანდაძე: „ჩინეთთან ვაჭრობა ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას გამოიწვევს“

რამდენად არის ორიენტირებული მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, ამ საკითხით მოძრაობა KAR.GE ჯერ კიდევ 2016 წელს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ დაინტერესდა. 

მოძრაობის დამფუძნებლის ტარიელ ზივზივაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ 2016 წლის 8 სექტემბერს წარმოდგენილი წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა ყველა ძირითადი მიმართულებით მოიცავს აქტივობებს, მათ შორის ნოვატორულსაც, თუმცა ეს  მაინც არ არის საკმარისი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რადგან სწრაფი წინსვლის გასაღები მხოლოდ ინდუსტრიალიზაციაშია.

ტარიელ ზივზივაძის აზრით, ისიც აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დასაწყისში შეინიშნება ახალი ტიპის საქმიანობები, რომლებიც არ იყო მოცემული წინასაარჩევნო პროგრამაში და რომელთა სწორად წარმართვის შემთხვევაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შესაძლებელი გახდება. 

„თუ საწარმოო სექტორის განვითარებასთან ერთად დღევანდელი მთავრობა მოსახლეობაში ქართული ნაწარმის პოპულარიზებას და გაყიდვებს შეუწყობს ხელს, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში ქართულ ნაწარმს მიანიჭებს უპირატესობას, ამ მიმართულებას რეალურად შეუძლია ეკონომიკა სწრაფი განვითარების გზაზე დააყენოს“, — განაცხადა ტარიელ ზივზივაძემ. 

ყველა ახალი ამბავი
0