14:42 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
ახალი მთავრობა

პირველი, რაც ახალმა მთავრობამ უნდა გააკეთოს...

© FB / Giorgi Kvirikashvili
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
3701

ეკონომისტ ლევან კალანდაძეს მიაჩნია, რომ ახალ მთავრობას კარგი შესაძლებლობები აქვს ეკონომიკური პროცესები სწორი მიმართულებით წარმართოს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ხელისუფლების ეფექტურობა დამოკიდებული იქნება იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდი გადადგამს, მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.

„აქ ხაზგასასმელია ორი მნიშვნელოვანი საკითხი – მოკლევადიანი და საშუალოვადიანი გეგმები. მოკლევადიანი გეგმები უკავშირდება 2017 წლის ბიუჯეტის კანონის იმ დაპირებების შესაბამისად მიღებას, რაც ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა. მხედველობაში მაქვს საბიუჯეტო დეფიციტის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება“, — აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, წინა წლის გეგმასთან შედარებით, 194 მილიონი ლარით იზრდება და 1 250 მილიონ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2017 წელს მშპ–ის საპროგნოზო ოდენობის 3.7%-ზეა დაგეგმილი. პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას 2020 წლისთვის 2.3%-მდე. ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყარო კვლავ ვალდებულებების ზრდაა. პროექტით გათვალისწინებულია სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით 300 მლნ ლარის მობილიზება.

მეორე საკითხი, რომელიც ახალ მთავრობას უახლოეს მომავალში ექნება მოსაგვარებელი, ეკონომისტის აზრით, მომავალი წლის ბიუჯეტში ხარჯების შემცირების თემას უკავშირდება, მესამე მნიშვნელოვანი საკითხი კი დედოლარიზაციის თემაა.

„არის კონკრეტული მოლოდინები, რომ ხელისუფლება საზოგადოებას უახლოეს პერიოდში შესთავაზებს გარკვეულ ინიციატივებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უზრუნველვყოთ, ერთი მხრივ, ვალუტის მცურავი კურსის პირობებში ფინანსური სტაბილურობა და, მეორე მხრივ, როგორ დავიცვათ საზოგადოება კურსის ცვლილების პირობებში რეალური ფინანსური დანაკარგებისგან“, — განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, რამდენად ეფექტურად განახორციელებს ახალი მთავრობა მოკლევადიან გეგმებს, ამაზე იქნება დამოკიდებული ასევე საშუალოვადიანი პერიოდის გეგმების წარმატებაც, სადაც მთავარი გამოწვევა სივრცითი მოწყობის გეგმის რეალიზაცია იქნება.

საბოლოო ჯამში, ამ მთავრობას აქვს კარგი შესაძლებლობა, პროცესები სწორი მიმართულბით წაიყვანოს, მიაჩნია ლევან კალანდაძეს.

საქართველოს მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით უფლებამოსილება 18 ნოემბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შეუწყდა. მომდევნო დღეს პრეზიდენტმა კვირიკაშვილი პრემიერის თანამდებობაზე წარადგინა.

პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლა გადაწყვიტა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მან დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინა, რომელიც მანამდე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ქუმსიშვილი ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს. ეკონომიკის სამინისტროს ბიზნესმენი გიორგი გახარია ჩაუდგება სათავეში, ხოლო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს — ზურაბ ალავიძე.

„ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გუნდია ჩამოყალიბებული პერსონალიების დონეზე და, რაც ყველაზე მთავარია, როგორც ჩანს, ეს გუნდი საკმაოდ კომფორტულია თვითონ გიორგი კვირიკაშვილისთვის, რადგან ამაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მომავალში ეკონომიკური პროცესების ეფექტურობა", – თვლის ლევან კალანდაძე.

მთავარი თემები