07:45 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისი

"ასინეთას” პოლიტ-ტექნოლოგია გლობალიზაციის ეპოქაში

© Sputnik/
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
3501

„ორი კაცი რომ გეიგონებს და მიხვდება ყველაფერს, ერთი კაცი გეიგონებს და მიხვდება ისე?“ –ასინეთას ,,პრინციპი“.

 თამაზ ჩიქვანაია

 სულ რაღაც ორი დღეა, ჩვენმა პრეზიდენტმა პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველი აიყვანა. დაახლოებით ოცამდე გამოხმაურებას გავეცანი და უნდა მოგახსენოთ, რომ საზოგადოების რეაქციამ ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა. ეტყობა, გადავეჩვიეთ მასშტაბურად აზროვნებას… ნუ გვავიწყდება, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ და ნებისმიერ მნიშვნელოვან სიახლესაც გლობალურად უნდა შევხედოთ. 

 ამრიგად, რას მოასწავებს პრეზიდენტის მიერ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა: პირველ რიგში, ეს სულ ცოტა, იმის აღიარებაა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ქვეყნის პირველი (თუ მეორე) პირი მოიკოჭლებს და მას მოკარნახე სჭირდება. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენო ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“.  ხომ გახსოვთ, ასინეთა და ქალბატონი სესილია თაყაიშვილის პირით გაჟღერებული ის უკვდავი ფრაზაც: „ორი კაცი რომ გეიგონებს და მიხვდება ყველაფერს, ერთი კაცი გეიგონებს და მიხვდება ისე?“ – სრული ჭეშმარიტებაა, ვერაფერს ვიტყვი. ამიერიდან შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ, საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი გამოსვლა პოლიტიკურად ისეთი,,გასინსილებული“ იქნება, ობამა-პუტინ-მერკელის გაოცებული თვალები მერე ნახეთ თქვენ. 

 მეორე ის გახლავთ, რომ გაგონილი მაქვს, ბატონი მარგველაშვილი მეგრულ-სვანურ-წოვა-თუშურშიც ვერ არის ისეთი წელგამართული, როგორიც ქვეყნის პრეზიდენტს ეკადრებაო, ანუ დღის წესრიგში დგება კიდევ რამდენიმე მრჩევლის პოსტის შემოღება, თავი რომ არ მოგვეჭრას დუნიაზე. 

 ახლა ჭორებსაც თუ ავყვები და იმასაც გავახმოვანებ, რომ წინდების ქსოვა კი გამოსდის, მაგრამ ფარდაგები და ხალიჩები ცოტა უხარისხოაო, ისღა დაგვრჩენია, მრჩევლად წინანდლელი ქეთო ბებოც დაგვენიშნა (ზუსტად ვიცი, ორი საქსოვი დაზგა აქვს და ქვეყნის ეკონომიკას ტვირთად არ დააწვება ახლების ყიდვა)…

 ეს ყველაფერი ხუმრობით, რა თქმა უნდა. ახლა ნახევრად სერიოზულად:

 ბატონო გიორგი! აგერ მეორე წელია, საქართველოს პრეზიდენტი ბრძანდებით და ახლა აღმოაჩინეთ, რომ პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველი გჭირდებათ? თუ ასეა, აუცილებლად დაგჭირდებათ მრჩეველ-მოკარნახეები პოლიტტექნოლოგიის, პოლიტკულტურის, პოლიტეთიკის, პოლიტეკონომიის და სხვა მრავალპოლიტ-განხრით. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ მგონია, ქალბატონი ფიქრია ეულად გასწვდეს ამხელა სფეროს.

 ჩემს მოკრძალებულ რეპლიკას კი ისევ  სესილია თაყაიშვილის მეორე, არანაკლებ უკვდავი კინო-გმირის სიტყვებით დავასრულებ:

– „ღმერთო მაღალო, ღმერთო ძლიერო, დედაო ღვთისა წმინდაო მარიამ, არ მოაკლო წყალობა ჩემს სისხლსა და ხორცს ზურიკელას და მის ნაგრამს, შენ გაუმართე ხელი გასაჭირში, შენ გაუნათე უკუნი და მიეც დღეგრძელი…“

— ამინ!-


მთავარი თემები