„ცოცხები“ „ბოქლომების“ წინააღმდეგ – რა ხდება ფოთში

© photo: Sputnik / Nika Latariaბოქლომების აქცია ფოთში
ბოქლომების აქცია ფოთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ოპოზიცია მთელი საქართველოს მასშტაბით „ბოქლომების" აქციას მართავს ხელისუფლების წინააღმდეგ, რითიც „წართმეულ“ არჩევნებს აპროტესტებს.

ფოთი, 22 ნოემბერი – Sputnik. ხმაური და დაპირისპირება იყო დილიდან ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან. იქ „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოითხოვნით აქციას მართავდნენ. მათ ადგილზე „ქართული ოცნების” მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები დახვდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ცოცხები ესროლეს. ვითარება არერთხელ დაიძაბა. მდგომარეობა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ განმუხტა.

„მუნიციპალიტეტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი აქაა მობილიზებული, მშიშარა მთავრობა! გავაპროტესტეთ წართმეული არჩევნები და კი ხედავთ, რა მდგომარეობაა – შენობა თავიდან ბოლომდე საჯარო მოხელეებით და პოლიციელებით არის სავსე. სულ რაღაც 30 კაცამდე მოვედით და მთელი საჯარო სივრცე აქაა მობილიზებული, არ გვაძლევენ პროტესტის გამოხატვის უფლებას, მოდიან პროვოკაციაზე“, – განუცხადა სააგენტოს კორესპონდენტს „ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი შამუგიამ.

ბოქლომი პარლამენტის შენობის შესასვლელ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო
„ბოქლომების ომი" საქართველოს მასშტაბით გრძელდება

ამ მეთოდს ოპოზიცია პირველად არ მიმართავს. 17 ნოემბრის საღამოს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება განახორციელეს – ბოქლომი დაადეს ყველა შესასვლელ ჭიშკარს და კარვები გაშალეს. მიუხედავად გაფრთხილებისა, ხელი არ შეეშალათ დეპუტატების საქმიანობისთვის, აქციის მონაწილეებმა უარ განაცხადეს დაშლაზე. შედეგად, 18 ნოემბერს ისინი სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლით დაშალეს.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ აღარ გეგმავს საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებების განხილვას. პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების გამართვა კონსტიტუციით 2024 წელშია გათვალისწინებული. დაგეგმილი 2020 წლის არჩევნები კი ძველი სისტემით გაიმართება: 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში, 77-ს კი პარტიული სიებით აირჩევენ, ანუ პროპორციული სისტემით.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0