სასულიერო პირებმა ჯვრის მონასტერი დაკეტეს

© photo: courtesy of Goga Chanadiriჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთის ჯვრის მონასტერი VI საუკუნის კულტურული ძეგლია, რომელიც ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. მცხეთაში ჯვრის მონასტერი წინამძღვრის, მამა კონსტანტინეს (ჭინჭარაული) გადაწყვეტილებით მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დაიკეტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, მონასტრის დაკეტვის მიზეზი მის სიახლოვეს არსებული მოუწესრიგებელი გარევაჭრობა გახდა. ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა მონასტრის წინამძღვარის მოთხოვნა იყო.

როგორც მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, ჯვრის მონასტრის დაკეტვა მონასტრის წინამძღვრის თვითნებობაა და მსგავსი ფაქტი ისტორიას არ ახსოვს.

„დღეს მონასტერი დაკეტილია, რაც, ალბათ, მეექვსე საუკუნის მერე არ მომხდარა… მამა კონსტანტინეს მხრიდან მსგავსი გაფრთხილება იყო, რომ თუ მერია გარემოვაჭრეებს არ გაიყვანდა ტერიტორიიდან, მონასტერს დაკეტავდა. ეს კი მათი მხრიდან უსამართლო მოთხოვნაა", – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ოკაცეს კანიონი - Sputnik საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო: რატომ დაიკეტა ოკაცეს კანიონი

მცხეთის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი გარემოვაჭრეებს შემოსავლის ერთადერთ წყაროს ვერ გადაუკეტავს. ის ტერიტორია კი, სადაც გარემოვაჭრეები დგანან, არც მონასტერს და არც მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის. ის სახელმწიფოს საკუთრებაა.

მომხდარს გამოეხმაურნენ საქართველოს საპატრიარქოშიც. საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე) ვერ აკონკრეტებს, როდის გაიხსნება მცხეთის ჯვრის მონასტერი.

„არ ვიცით როდის გაიხსნება ჯვრის მონასტერი. გადაწყვეტილება მიიღო მონასტრის წინამძღვარმა, მიზეზი არის მოუწესრიგებელი გარევაჭრობა, რომელიც იქ არასახარბიელო გარემოს ქმნის ტურისტებისთვის და დელეგაციებისთვის. გარევაჭრობამ მონასტრისთვის შეუფერებელი, ძალიან უსახური ფორმა მიიღო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მამა კონსტანტინეს არაერთგზის დაუყენებია ეს საკითხი, მაგრამ არ მოხერხდა ამის გადაწყვეტა და შემდგომ მიიღო ასეთი ზომები", - აღნიშნა დეკანოზმა ანდრიამ.

დეკანოზის განცხადებით, მისთვის უცნობია, იყო თუ არა შეთანხმებული მონასტრის წინამძღვრის გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან.

ჯვრის მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0