ქართულ სამზარეულოს პირველად წარადგენენ საერთაშორისო გამოფენაზე საფრანგეთში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართული კერძები
ქართული კერძები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველო: დღესასწაულის ხელოვნება" – ასეთია პროგრამის სახელწოდება, რომლითაც ქართული პავილიონი წარდგება ლიონში.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ქართული გასტრონომია რესტორნის ბიზნესისა და საზოგადოებრივი კვების პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე Sirha 2019 პირველად წარდგება. გამოფენა საფრანგეთის ქალაქ ლიონში 26-30 იანვარს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

გამოფენა Sirha სამართლიანად არის მიჩნეული ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპეციალიზებულ გამოფენად. ის პირველად 1983 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სისტემატურად იმართება.

ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო
საქართველო სინზე: The Guardian ქართული სამზარეულოს შესახებ

გამოფენის პროგრამაში წელს ყოველდღე 1600 დემონსტრაციაა დაგეგმილი. ელოდებიან მთელი მსოფლიოდან 3 ათასზე მეტ სტუმარს. საგამოფენო სივრცის ფართობი 130 000 კვადრატული მეტრია.

გამოფენის ფარგლებში, ტრადიციულად, ჩატარდება შეფ-მზარეულების შეჯიბრება Bocuse d'Or („ბოკუზ დორი“), რომელიც 1987 წლიდან იმართება და მთელ მსოფლიოში დახვეწილი კერძების მოყვარულთათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად არის მიჩნეული.

საქართველო და ტრადიციული გასტრონომია გამოფენა Sirha-ზე წარდგება პროექტით Georgia: The Art of Feast („საქართველო: დღესასწაულის ხელოვნება"). პროექტის ავტორია ქართული სააგენტო „გასტრონავტი".

„საქართველოს გამოფენაზე Sirha ექნება 60 კვადრატული მეტრი ფართობის სტენდი. ძალიან დაგვეხმარნენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „საქპატენტი" და ტურიზმის დეპარტამენტი. ხუთი დღის განმავლობაში ორჯერ დღეში წარვადგენთ სხვადასხვა ქართულ კერძს. ჩვენს სამზარეულოს შეაფასებენ წამყვანი შეფ-მზარეულები, ბლოგერები და სხვადასხვა ქვეყნის გასტრონომიული სფეროს წარმომადგენლები", – აღნიშნა „გასტრონავტის" დამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა.

მისი თქმით, ქართული სამზარეულოს დემონსტრაციის პარალელურად დაგეგმილია ლამაზი წარმოდგენები მიუზიკლის ქართველი მსახიობების მონაწილეობით.

ამას გარდა, ამ მოვლენის წყალობით ქართველი შეფ-მზარეულები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას Bocuse d'Or-ს კონკურსში, თუმცა მხოლოდ მომდევნო გამოფენაზე, ორი წლის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0