ისრაელის პრეზიდენტი საქართველოში დაკავებულ თანამემამულეებს შუამდგომლობს - გაზეთი

გამოწერა
ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი პირადად შუამდგომლობს ქართველი კოლეგის მიხეილ სააკაშვილის წინაშე ისრაელელ ორ ბიზნესმენს, რომლებიც საქართველოში თანამდებობის პირის მოსყიდვის მცდელობისას დააკავეს.

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი პირადად შუამდგომლობს ქართველი კოლეგის მიხეილ სააკაშვილის წინაშე ისრაელელ ორ ბიზნესმენს, რომლებიც საქართველოში თანამდებობის პირის მოსყიდვის მცდელობისას დააკავეს, წერს სამშაბათს გაზეთი ”გაარეცი”.

ერთ-ერთ დაკავებულს - რონ ფუქსს გამოცემა პერესის მეგობარს და ნდობით აღჭურვილ პირს უწოდებს. გაზეთის მონაცემებით, პრეზიდენტმა სააკაშვილს დაურეკა და ეჭვმიტანილებისთვის პატიმრობის დროს ღირსეული პირობები და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა სთხოვა.

”ეს არ ყოფილა ბიზნესმენების გათავისუფლების მცდელობა, არამედ იყო თხოვნა ჰუმანიტარული ხელშეწყობის და ექიმის ვიზიტის ორგანიზების შესახებ”, - გაზეთი ისრაელის მეთაურის ერთ-ერთი მრჩევლის სიტყვების ციტირებას ახდენს.

გასულ კვირაში ქართული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ფუქსი სხვა, ასევე ისრაელელ ზეევ ფრენკელთან ერთად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ავთანდილ ხარაიძისთვის შვიდი მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მიცემის მცდელობისთვის დააკავეს.

სამაგიეროდ ბიზნესმენები, როგორც გაზეთი წერს, სთხოვდნენ მას, არ გაეპროტესტებინა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს კერძო კომპანიისთვის დაახლოებით 90 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაავალა.

ფუკსი, გამოცემის ინფორმაციით, ხშირად იმყოფებოდა პერესის გარემოცვაში. პრეზიდენტმა მისი კავშირები თურქეთში არაერთხელ გამოიყენა თურქეთის ხელმძღვანელობასთან გაუხმაურებელ კონტაქტებში, აღნიშნულია პუბლიკაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს, ისრაელის მოქალაქეებს რონი ფუქსს, ზეევ ფრენკელსა და იოანის კარდასოპოლუსს აღკვეთის ღონისძიების  სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ამ უკანასკნელს - დაუსწრებლად. 


ყველა ახალი ამბავი
0